სამართალი

პატიმრობა – 35 ლარიანი ფიცრის ქურდობისთვის

28 იანვარი, 2011 • 1918
პატიმრობა – 35 ლარიანი ფიცრის ქურდობისთვის

64 წლის მოხუცს 35 ლარის ღირებულების ფიცრების ქურდობისთვის  მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამ თემას ეხება სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება. საქმესთან დაკავშირებით განცხადება საიამაც გაავრცელა.

ლიახვის ხეობიდან დევნილ მოქანდაკეს ვალერიან ჭილაშვილს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა სასამართლომ 2011 წლის 22 იანვარს შეუფარდა.   ჭილაშვილი მცხეთის პროკურატურამ 2010 წლის ოქტომბერში დააკავა და  35 ლარად ღირებული ფიცრის მოპარვაში დასდო ბრალი. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დევნილ ჭილაშვილს სასამართლომ 2000 –ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულმა გირაო ვერ გადაიხადა, რის შემდეგაც აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა პატიმრობით.

„მიგვაჩნია, რომ ვალერიან ჭილაშვილის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურას და საერთო სასამართლოებს ჰქონდათ რეალური შესაძლებლობა, პრაქტიკაში დაენერგათ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კანონმდებლობის პრინციპები, რომელთა ინოვაციურობა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მსგავსი საქმეების მიმართ ახლებური და ლიბერალური მიდგომები გაჩნდებოდა. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ საქმეში იკვეთება როგორც სხვადასხვა პროცედურულ დარღვევები, ასევე მეტისმეტად მკაცრი და შეუწყნარებელი სისხლის სამართლის პოლიტიკა“, – მიაჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.

საიასმიერ  26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულს არ წარმოადგენს ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას:

„დევნილი ჭილაშვილის ბრალდების საქმეზე კანონმდებლობის ეს ნორმა არ იქნა გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნორმის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბ/ნ ზურაბ ადეიშვილმა 2010 წლის 8 ოქტომბერს გამოსცა #181-ე ბრძანება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ, რომლის თანახმადაც, თუ დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანი მცირე მნიშვნელობისაა პირის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა განხორციელდეს.

იუსტიციის მინისტრი ზემოთ აღნიშნულ ბრძანებაში საუბრობს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის აუცილებელ ორ ტესტზე:

1) მტკიცებულებათა ტესტი;

2) საჯაროობის ტესტი.

ბრძანების შესაბამისად, ერთ-ერთი ტესტის არარსებობა გამორიცხავს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესაძლებლობას.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 დეკემბრის  #767   ბრძანებულების თანახმად, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული სანქციების, ჯარიმებისა და სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სხვა გადასახადებისათვის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა განისაზღვრა 40 ლარით, რის გამოც 35 ლარის ზიანი უნდა შეფასებულიყო მცირე მნიშვნელობის ზიანად, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი უნდა ყოფილიყო, მიაჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.

საიას ცნობით, ზიანის ოდენობა, 35 ლარი არ არის ზუსტად დადგენილი, ვინაიდან ზემოაღნიშნულ ფიცრებს არ ჩატარებია სასაქონლო ექსპერტიზა, შესაბამისად, ისიც არ არის დადასტურებული, რომ მათი ღირებულება ნამდვილად 35 ლარი იყო და არა ნაკლები.

ვალერიან ჭილაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს, ბრალდებას საკმარისი მტკიცებულება არ გააჩნდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ჭილაშვილის ბრალდების საქმეზე არ იყო დაკმაყოფილებული არც მტკიცებულებითი ტესტი (რომელიც მოიცავს მტკიცებულებათა ერთობლიობას) და არც საჯაროობის ტესტი.

ჭილაშვილის საქმეზე ბრალდების მთავარ მოწმეს წარმოადგენდა საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ვ. ბუჩუკური, რომლის მიერ გამოძიებაში და სასამართლოში მიცემული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რაც რეალურად საფუძვლიან ეჭვს ბადებს მისი ჩვენების ობიექტურობაში.

სისხლის სამართლებრივი დევნა დასრულდა ვალერიან ჭილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენით და 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით. გარდა იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის დასაბუთებული და კანონიერი, იგი არც სამართლიანია, ვინაიდან სასჯელი აშკარად არაპროპორციულია, რაც უთანაბრდება პირის თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას.

სწორედ ზემოთმოყვანილი გარემოებების გამო მიაჩნია საიას, რომ ამ ფაქტში სხვადასხვა პროცედურულ დარღვევებთან ერთად იკვეთება „მეტისმეტად მკაცრი და შეუწყნარებელი სისხლის სამართლის პოლიტიკა“.

ვალერიან ჭილაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა სტუდია “მონიტორმა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი