სამართალი

კოალიცია მოსამართლეთა დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებას მოითხოვს

24 დეკემბერი, 2015 • 2127
კოალიცია მოსამართლეთა დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებას მოითხოვს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოქმედი სისტემა ხარვეზიანია და მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ  შეაჩეროს ეს პროცესი.

პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს კი მიმართავს, რომ დამატებითი გაჭიანურების გარეშე განაახლონ სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის შეჩერებული პროცესი და დამატებით შეიმუშაონ კანონში ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე და დასაბუთებული სისტემის შექმნას;

25 დეკემბერს, პარასკევს გახდება ცნობილი იმ 61 მოსამართლის ვინაობა, ვინც სასამართლოს სისტემაში დაინიშნება. კონკურსში მონაწილეობას 104 კანდიდატი იღებს. მათ საბჭოს წევრებთან გასაუბრება უკვე გაიარეს. თითოეულ მათგანს მინიმუმ 10 წევრის ხმა სჭირდება. კონკურსში მონაწილეობს ლევან მურუსიძეც, რომელიც ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მურუსიძე ამბობს, რომ საკუთარ თავს ხმას არ მისცემს.

კოალიცია კი აცხადებს, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პირობებში სახიფათოდ მიაჩნიათ მოქმედი წესით მოსამართლეთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის დანიშვნა სასამართლო სისტემაში. კოალიციას მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ სათანადო საკანონმდებლო რეფორმის გატარების შემდეგ შეიძლება იმუშაოს მოსამართლეთა არსებული ვაკანსიების შევსებაზე.

მათივე განცხადებით, აღნიშნული ხარვეზები, ერთი მხრივ, ნდობას უკარგავს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და, მეორე მხრივ, აჩენს სერიოზულ კითხვებს პროცესის ობიექტურობასა და აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით.

“დაუშვებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსამართლეთა დანიშვნის უმნიშვნელოვანესი პროცესი დამოკიდებული იყოს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეუზღუდავ დისკრეციაზე და საბჭოს ცალკეული წევრების კეთილსინდისიერებაზე,”– აცხადებს კოალიცია.

გარდა ამისა, კოალიცია აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიმდინარე პროცესის დროს დაშვებულმა სერიოზულმა ხარვეზებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მთლიანად ამ პროცესის ლეგიტიმურობა და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სასამართლო სისტემის ღირსეული, მაღალი კვალიფიკაციისა და უზადო რეპუტაციის მოსამართლეებით დაკომპლექტებას. მსგავსი ხარვეზებით მიმდინარე პროცესი განსაკუთრებით სახიფათოა იმ პირობებში, როდესაც თანამდებობაზე რამდენიმე ათეული მოსამართლე უვადოდ უნდა დაინიშნოს.

კოალიცია აცხადებს, რომ გასაუბრების პროცესზე დაკვირვებით შემდეგი ხარვეზები გამოიკვეთა:

“მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიზნად არ ისახავდა შეეფასებინა მოსამართლეობის კანდიდატების შესაბამისობა დადგენილ კრიტერიუმებთან და პროცესი წარემართა სტანდარტიზებული წესით. კანდიდატებს უსვამდნენ განსხვავებული სირთულის კითხვებს, რაც მათ სრულიად არათანაბარ პირობებში ამყოფებდა. ცალკეულ შემთხვევებში საბჭოს წევრები კანდიდატებს ეხმარებოდნენ სწორი პასუხის გაცემაში, უსვამდნენ მათ მიმანიშნებელ კითხვებს ან მათ ნაცვლად პასუხობდნენ დასმულ კითხვას. რეალურად, ჩატარებული გასაუბრებები არ წარმოადგენდა ეფექტურ საშუალებას შეფასებულიყო კანდიდატების შესაბამისობა დადგენილ კრიტერიუმებთან.  აღნიშნული შესაბამისობაში არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილ  წესთან, რომლის თანახმადაც, „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დაუსვან მოსამართლეობის კანდიდატს წინასწარ შემუშავებული, მსგავსი შინაარსის კითხვები“. აღნიშნული სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საბჭოს წევრების ნეიტრალიტეტს და მიუკერძოებლობას.

მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოთხოვნისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ გამოაქვეყნა მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიები. აღნიშნულით საბჭომ დაარღვია კანონის მოთხოვნა, რომ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია არის ღია, საჯარო ინფორმაცია. ასევე, დარღვეულია მოსამართლეთა შერჩევის თავად საბჭოს მიერ დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც მოსამართლეობის კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნებულიყო.  ბიოგრაფიული ცნობების გამოქვეყნება მიზნად ისახავს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა წარუდგინოს საბჭოს კანდიდატის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი საბჭოს მიერ კანდიდატების შესახებ ბიოგრაფიული ცნობების გამოუქვეყნებლობის გამო.

ხშირი იყო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესზე საბჭოს ცალკეული წევრების გამოუცხადებლობის შემთხვევები. წევრს, რომელიც არ ესწრება გასაუბრებას, არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, კვალიფიკაციასა და ცოდნაზე. შესაბამისად, მის მიერ არსებული კრიტერიუმების საფუძველზე კანდიდატის ინდივიდუალური შეაფასება და კენჭისყრაში მონაწილეობა ფორმალურ ხასიათს ატარებს და ვერ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. მსგავსი პრაქტიკა საბჭოს მუშაობაში გასულ პერიოდებშიც დაფიქსირებულა. არადამსწრე წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მოკლებულია ლეგიტიმაციას.

საბჭოს წევრებს მოსამართლეობის კანდიდატების უმრავლესობისათვის არ დაუსვამთ ისეთი კითხვები, რომლებიც გამოავლენდა კანდიდატების დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, ასევე დამოკიდებულებას დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებისადმი და ა.შ. მაგ.: არც ერთი კანდიდატის მიმართ არ დასმულა კითხვა უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით. ხოლო იმ გამონაკლის შემთხვევაში, როცა კანდიდატს დაუსვეს კითხვა გენდერული თანასწორობის შესახებ, აღნიშნულმა გამოიწვია სიცილი და ემოციური რეაქციები, როგორც კანდიდატის, ასევე საბჭოს წევრების მხრიდან, რაც მიანიშნებს ამ თემის მიმართ არასათანადო დამოკიდებულებაზე.

გასაუბრების პროცესზე გამოვლინდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილი არ იცნობდა სახალხო დამცველის მიერ მათთვის მიწოდებულ დოკუმენტაციას კონკრეტული მოსამართლეების წარსული საქმიანობის შესახებ. მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ანიჭებს მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის საბჭოსთვის წერილობით წარდგენის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს წევრები უნდა გაცნობოდნენ და მხედველობაში მიეღოთ სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

გასაუბრების პროცესზე გამოიკვეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მიმანიშნებელი კითხვების დასმის შემთხვევებიც, რაც კანდიდატს აიძულებდა, კონკრეტულ საკითხზე შეკითხვის ავტორის მიერ განსაზღვრული მიმართულებით პასუხის გაცემას და, შესაბამისად, უზღუდავდა დამოუკიდებელი და ზეგავლენისგან თავისუფალი აზრის გამოთქმის შესაძლებლობას.

მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მთელი პროცესი მიმდინარეობდა და კვლავაც მიმდინარეობს აშკარა ინტერესთა კონფლიქტის პირობებში. ცალკეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, რომელიც თავად წარმოადგენს მოსამართლეობის კანდიდატს. შესაბამისად, მისი დასწრება სხვა კანდიდატებს აყენებს არასამართლიან და უთანასწორო პირობებში. არსებული ინტერესთა კონფლიქტი დღემდე არ არის თავიდან აცილებული. აღნიშნული წარმოადგენს „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, რომლის დაცვაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტის მქონე საბჭოს წევრი, არამედ საბჭოს სხვა წევრებიც, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ საბჭოს სხდომაზე განსახილველად დაესვათ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის საკითხი და მიეღოთ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, როგორც მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ, ფაქტობრივად, საბჭოს გასაუბრება არ ჩაუტარებია. ნაცვლად ამ კანდიდატის შესაბამისობის შემოწმებისა დადგენილ კრიტერიუმებთან, გასაუბრების პროცესი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ საბჭოს მდივანს შესაძლებლობა მისცემოდა თავი ემართლებინა გახმაურებულ საქმეებზე მის მიერ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საბჭოს წევრთა უმრავლესობა ავლენდა აშკარა წინასწარ განწყობას საბჭოს მდივნის მიმართ, გასაუბრების პროცესი აშკარად ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ საბჭოს მდივანმა წინასწარ იცოდა, თუ რა კითხვებს დაუსვამდნენ მას საბჭოს წევრები. თავის მხრივ, საბჭოს წევრების უმრავლესობამ საბჭოს მდივანს არ დაუსვა დამატებითი კითხვები მის პასუხებში არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ უზუსტობებზე და მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფის გამოვლინებებზე.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი