სამართალი

კლიენტები “ცენტრ პოინტის” წინააღმდეგ

11 დეკემბერი, 2010 • 1858
კლიენტები “ცენტრ პოინტის”  წინააღმდეგ

Image 2717
Image 2717

ვალერ ზარდიაშვილი სასამართლოს განაჩენს ელის. მან ცენტრ პოინტ სიტის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში კონტრაქტის გაუქმების და შეტანილი თანხის უკან დაბრუნების მიზნით შეიტანა.

ზარდიაშვილი, რომელსაც დედის, ნუნუ ჯავახიშვილის სახელზე აქვს ცენტრ პოინტ სიტის მშენებლობაში ორი ფართი შეძენილი, ერთადერთი არ არის, ვინც საქალაქო სასამართლოში კომპანიას უჩივის.

ადვოკატი ბექა ბადრიშვილი ამბობს, რომ  ცენტრ პოინტის მომჩივანი ოთხი კლიენტი ჰყავს. ოთხივე მათგანი ცენტრ პოინტისგან თანხის დაბრუნებას ითხოვს.

ცენტრ პოინტ სიტისთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, დედის სახელზე ზარდიაშვილმა ხოშარაულზე ორი ფართი (საცხოვრებელი და კომერციული) შეიძინა. ჯამში, სამშენებლო კომპანიისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 128 117 დოლარს შეადგენს.

ზარდიაშვილი ამბობს, რომ ფულის შესაგროვებლად, რომელიც მას 3 წლის მანძილზე ცენტრ პოინტ სიტიში ყოველთვიურად შეჰქონდა, იგი და მისი მეუღლე ბევრს შრომობდნენ.

„ 6 წელიწადი ვცხოვრობდით შოტლანდიაში. ის, რაც  ჩვენი შრომით ვიშოვეთ, გვინდოდა აქ დაგვებანდებინა. ჩვენ სამშობლოში ჩამოვედით და რა გამოვიდა,  ისევ ნერვები უნდა დავიწყვიტოთ და გაუგებარ სიტუაციაში ვიყოთ?!“ – ამბობს ვალერ ზარდიაშვილი.

ზარდიაშვილის თქმით, ის იძულებული გახდა, სასამართლოსთვის მიერმართა, რადგან სხვა გზა არ დაუტოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ნერვების ფასად უჯდება და თანხაც ეხარჯება. მხოლოდ საჩივარის შეტანისთვის მან 3 ათასი ლარი გადაიხადა.

ცენტრ პოინტ სიტისთან მან პირველი კონტრაქტი 2006 წელს გააფორმა, მეორე –კომერციულ ფართზე, 2007 წელს.

გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2009 წლის თებერვალში, კომერციული ფართის კი 2009 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას კლიენტმა კონტრაქტის გაუქმება იმ შემთხვევაში უნდა მოთხოვოს, თუ მშენებლობის დათქმული ვადიდან 6 თვეში ბინას არ ჩააბარებს.

მართალია, 6 თვის ნაცვლად, ერთ წელზე მეტია გასული, მაგრამ ცენტრ პოინტს კიდევ აქვს დრო მშენებლობის დასასრულებლად.

კომპანიამ ახალი ხელშეკრულება გაუფორმა ზარდიაშვილის დედას, რომლის მიხედვითაც, გადახდილად ჩაუთვალა ბოლო ერთი თვის გადასახდელი თანხა, დაახლოებით 5 ათას დოლარამდე. ამის ნაცვლად კი მშენებლობის ვადა გადასწია: 2010 წლის სექტემბრამდე –საცხოვრებელ ფართზე, 2011 წლის დეკემბრამდე –კომერციულ ფართზე.

„2009 წლის ზაფხულში, როცა დავინახე, რომ კომპანია მშენებლობას არ აგრძელდება, მივედი მათ ოფისში და ვთხოვე – ან ფული დაებრუნებინათ, ან სხვა, უკვე აშენებულ ფართში მოეცათ ჩემთვის ბინა“, – ამბობს ზარდიაშვილი.

ეკა შაბაშვილი, ზარდიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ მას არ აქვს იმედი, რომ ერთ წელიწადში კომპანია მშენებლობას დაასრულებს. ბინასთან ერთად, თანხის დაკარგვის შიში კი სასამართლოსთვის მიმართვის მთავარი მოტივი იყო.

„თუ დაველოდე 2011 წლის დეკემბერს, შესაძლოა, იმ დროისთვის ქონება საერთოდ აღარ ჰქონდეს ცენტრ პოინტს. ჩემი ცარიელი კონტრაქტის ფურცლით რა უნდა გავაკეთო, თუ ბინა არ ჩამბარდა და არც ცენტრ პოინტს ექნა ჩემთვის გადასახდელი თანხა?“ –ამბობს ზარდიაშვილი.

სასამართლო პროცესის დასრულებამდე მას ცენტრ პოინტ სიტის ქონება აქვს დაყადაღებული, იმავე ხოშარაულზე – ერთი საცხოვრებელი და ერთი კომერციული ფართი.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ნუნუ ჯავახიშვილის სარჩელს დააკმაყოფილებს, ცენტრ პოინტს მოუწევს მისი დაყადაღებული ქონების გამოსყიდვა.

დღეს კომპანიაში სასამართლოს თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ცენტრ პოინტის ადვოკატი ცოტნე მურღულია ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ არ არის უფლებამოსილი, მედიას ესაუბროს.

ცენტრ პოინტის საქმიანობას ამ დროისთვის კომპანია დექსუსი განკარგავს. შესაბამისი ხელშეკრულება ამ ორ კომპანიას შორის 2010 წლის სექტემბერში გაფორმდა.

კლიენტების სარჩელთან დაკავშირებით კომენტარს არც კომპანია დექსუსში აკეთებენ. დექსუსის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, 17 დეკემბერს მათ წლის გეგმების პრეზენტაცია აქვთ და ამ დღისთვის გასცემენ პასუხს კითხვებზე.

ბექა ბადრიშვილი, ზარდიაშვილ–ჯავახიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს ყველა მიზეზი აქვს იმისათვის, რომ მათი საჩივარი დააკმაყოფილოს.

მისი თქმით, ცენტრ პოინტის პოზიცია, რომ კონტრაქტის მიხედვით ჯერ არ არის ფართის ჩაბარების თარიღი დარღვეული, არ არის გამამართლებელი.

„სიმართლე რომ გითხრათ, ხოშარაულის ადგილით არ ვგიჟდები, უბრალოდ, პროექტი მომეწონა და იმაში გადავიხადე ფული. ახლა კი ის პროექტი საერთოდ იქნება თუ არა, საკითხავია. სადაც კომერციული ფართი მაქვს, იქ ხიმინჯები და ბალახია. როგორ ააშენებენ ერთ წელიწადში ამხელა შენობას?! ზოგ ნაწილში მშენებლობა საერთოდ არ დაწყებულა“,–ამბობს ზარდიაშვილი.

ის ფიქრობს, რომ არსებული რეალობის გამო, შეუძლებელია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები კომპანიამ შეუსრულოს. ამიტომაც სასამართლოსგან ცენტრ პოინტისთვის თანხის დაკისრების ვალდებულების იმედი აქვს.

„იმ შემთხვევაში, თუ ცენტრ პოინტი გაამართლა საქალაქო სასამართლომ, სააპელაციოში გავასაჩივრებ, მერე უზენაესში და თუ არაფერი გამოვიდა, უკვე – სტრასბურგში. რახან დავიწყე,  აღარ გავჩერდები. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოა და არა – ჯუნგლები“ – ამბობს ზარდიაშვილი.

სასამართლო პროცესი სამშაბათს გაიმართება. მოსამართლე შორენა ჯანხოთელი სწორედ ამ დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, დააკისრებს თუ არა კომპანია ცენტრ პოინტ სიტის 128 ათასი დოლარის გადახდას მისი კლიენტის სასარგებლოდ.

სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის  დამფუძნებლები და მფლობელები საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი, ასევე, მისი და და სიძე – მაია და ვახტანგ რჩეულიშვილები არიან.

Image 2718
Image 2718

მასალების გადაბეჭდვის წესი