სამართალი

რამდენი და როგორ –დომინგოს კონცერტი საქართველოში

1 დეკემბერი, 2010 • 1254
რამდენი და როგორ –დომინგოს კონცერტი საქართველოში

პლასიდო დომინგოს კონცერტი  ბათუმში  საქართველოს პრეზიდენტის  ფონდიდან  მილიონნახევრამდე ლარით დაფინანსდა. პრეზიდენტმა განკარგულება ამ თანხის გამოყოფის შესახებ 16 და 18 ნოემბერს გასცა. თანხა, განკარგვის მიზნით, ბათუმის მერიას გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ დომინგოს კონცერტი პიაცაზე 25 ნოემბერს გაიმართა, ბათუმის საკრებულომ გადაწყვეტილება თანხის მიღების შესახებ  მხოლოდ გუშინ მიიღო.

საკრებულოს საფინანსო და საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელი ეკა თარგამაძე: “ბიუჯეტში ცვლილებები ყოველ სხდომაზე არ შედის. თუ დააკვირდებით, დომინგოს კონცერტისთვის თანხა გადმოირიცხა 18 ნოემბერს.  აქედან გამომდინარე, თანხა უკვე განკარგულია. უბრალოდ,  ახლა ხდება ასახვა ბიუჯეტში. ამ შუალედში საკრებულოს სხდომა არ ყოფილა, პროცედურები დაცულია. კონკრეტული დეტალები თუ გაინტერესებთ, მიმართეთ მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს”.

ამ სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ ვანაძეც ადასტურებს, რომ თანხის ნაწილი უკვე განკარგულია და იშველიებს კანონის შესაბამის მუხლს, რომლის მიხედვითაც, მერიის სამსახურს ამის უფლება ჰქონდა. კითხვაზე, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატების უმრავლესობა ამ ცვლილებას გუშინ მხარს არ დაუჭერდა? – არჩილ ვანაძე აცხადებს, რომ კანონში ამასთან დაკავშირებით მითითებული არ არის.

არჩილ ვანაძე ადასტურებს, რომ ამ თანხის განკარგვის მიზნით, მერიის სამსახურმა “5 თუ 6 ხელშეკრულება უკვე გააფორმა”. მერიის შესყიდვების სამსახურში კი გვითხრეს, რომ დომინგოს კონცერტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები მათთან არ ინახება. საბოლოოდ მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ირინა შერვაშიძემ თქვა, რომ გაფორმებული ხელშეკრულებების  ნახვას წერილობითი მოთხოვნის შემდეგ შევძლებდით.

ბიუჯეტის ცვლილებებისთვის ოპოზიციას მხარი არ დაუჭერია, – ქრისტიან დემოკრატი ვაჟა ვერულიძე: “წარმოდგენილი პროგრამები არ არის გამართული საკანონმდებლო თვალსაზრისით.  ამასთან, ის არ პასუხობს რეალობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. უნდა განგვიმარტონ: თუ დომინგოს კონცერტისთვის ეს თანხა გადახდილია, საიდან გადაიხადეს? ამ კითხვაზე პასუხი იქნება თქვენი კითხვის პასუხიც“.

დომინგოს კონცერტზე დასასწრებად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულმა სააგენტომ სპეციალური ტურისტული პაკეტები  გაყიდა. ამ პაკეტის ფასი 250 ლარიდან იწყებოდა. სააგენტოს ხელმძღვანელის – ირაკლი ბარამიძის განცხადებით, პაკეტის ღირებულებაში შედიოდა ორი ღამით სასტუმროს სერვისიც. სულ  286 ასეთი პაკეტი იყო. კონცერტიდან  5 დღის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის დათვლილი, რამდენი პაკეტი გაიყიდა. ბარამიძის თქმით, შემდეგ პაკეტები მსურველებს უფასოდაც გადაეცათ, როგორც კონცერტის მოსაწვევი.

24 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თემურ დიასამიძემ კი განაცხადა, რომ კონცერტამდე ორი დღით ადრე ტურისტულმა სააგენტომ ყველა ბილეთი გაყიდა.

ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, დომინგოს კონცერტზე დასასწრებად სულ 2009 მოსაწვევი დარიგდა.

 პრეზიდენტის ფონდიდან 72,1 ათასი ლარით დაფინანსდა ორ ნოემბერს ბათუმში  ალისა და ნინოს მობილური ქანდაკებების საზეიმო გახსნასთან დაკავშირებული კონცერტის  ორგანიზება და პირდაპირი ეთერით ტრანსლირება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი