პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის – ანდრო ჭიჭინაძის, ლუკა ჯაბუას, ირაკლი ქერაშვილის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, გიორგი ტერიშვილის, ვალერი თეთრაშვილის, გურიამ მირცხულავას, სერგეი კუხარჩუკის, რუსლან სივაკოვისა და რეზო კიკნაძის საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა.

დღეს, 20 აგვისტოს დასკვნითი სიტყვები თქვეს პროკურორებმა, ვაჟ თოდუამ და ვახტანგ ცალუღელაშვილმა. ასევე, სამი ბრალდებულის, გიორგი ტერიშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატებმა, შესაბამისად – ირაკლი ჩომახაშვილმა, ბექა ხოხობაშვილმა და დიმიტრი ვარდიაშვილმა.

“ნეტგაზეთი” მოკლედ გთავაზობთ დასკვნითი სიტყვების ძირითად აქცენტებს:

პროკურორებმა წაიკითხეს ბრალის დადგენილება, რომლის მიხედვითაც 11-ვე დაკავებულს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებებში მონაწილეობას, “რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელსუფლების წარმომადგენელზე წინააღმდეგობა, ან მათზე თავდასხმა”.

პროკურორებმა მიმოიხილეს საქმეში არსებული მტკიცებულებები. მათ შორის, დაზარალებულად ცნობილი პოლიციელების ჩვენებები და ვიდეოები. ისინი ირწმუნებიან, რომ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიდმინარე საპროტესტო აქციებს ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი, რა დროსაც მოქალაქეები “სისტემურად და მიზანმიმართულად” ესროდნენ ნივთებს სამართალდამცველებს, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას.

პროკურორმა ვაჟა თოდუამ დიდ დრო დაუთმო სამართალდამცველთა დაზინებების აღწერას. თუმცა არ უხსენებია, რომ ამ პოლიციელებმა ვერ დაასახელეს მის წინ ბრალდებულის სკამზე მსხდომი 11 ადამიანიდან ვერც ერთი. არც ის, რომ საქმეში არ დევს არცერთი ვიდეო, ან სხვა მტკიცებულება, რომელშიც ჩანს, რომ ეს პოლიციელები სწორედ ბრალდებულთა ქმედებების შედეგად დაზიანდნენ.

პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა დეტალურად აღწერა ვიდეოემტკიცებულებების შინაარსი და ის, თუ რომელ წუთსა და წამზე ჩანან ბრალდებულები და რა მოქმედებას ასრულებენ. მან ისაუბრა იმ ექსპერტიზებზე, რომლებიც საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებს ჩაუტარეს. დეტალურად მიმოიხილა დასკვნები და განაცხადა, რომ კონკრეტულ ვიდეოებში “მოქმედი პირები” კონკრეტული ბრალდებულები არიან.

“გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აქციაზე მიმდინარე ძალადობრივი მოქმედებები ორგანიზებული იყო სხვადასხვა პირების მიერ” , – თქვა ვახტანგ ცალუღელაშვილმა და “ორგანიზატორებს” შორის დაასახელა ამ საქმიგან გამოყოფილი 8-პირიანი საქმეზე ბრალდებული სამი მოქალაქე – ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი და ვეფხია კასრაძე.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ “ორგანიზატორთა” და “ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეთა” ნაწილი გამოძიებას ჯერ კიდევ არ ჰყავს იდენტიფიცირებული და დაკავებული. თუმცა უკვე დაკავებულებს ედავებიან როგორც ერთდროულად, ისე ჯერ კიდევ დაუდგენელ პირებთან “ერთობლივი მოქმედებით” ჩადენილ დანაშაულს.

“ბატონო მოსამართლევ, ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე, რომ ანდრო ჭიჭინაძე, ლუკა ჯაბუა, ირაკლი ქერაშვილი, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გური მირცხულავა, სერგეი კუხარჩუკი, რუსლან სივაკოვი და რეზო კიკნაძე ცნოთ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში”, – ასე დაასრულა სიტყვა პროკურორმა ვხტანგ ცლუღელშვილმა.

პროკურორები – ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი. (ფოტო: მინდია გაბაძე)

ბრალდების მხარის შემდეგ დასკვნითი სიტყვების წარდგენა დაიწყო დაცვის მხარემ. პირველი ადვოკატი, რომელმაც ისაუბრა, იყო გიორგი ტერიშვილის ინტერესების დამცველი ირაკლი ჩომახაშვილი. მან საუბარი დაიწყო წარდგენილი მუხლის გაშინაარსებით და შენიშნა, რომ ბრალის მიხედვით დაკავებულებს “ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს” ედავებიან მაშინ, როცა ბრალდება სიტყვა “ორგანიზებულს” მუდმივად უგულებელყოფს და მხოლოდ ჯგუფურად ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე აპელირებს.

ჩომახაშვილმა განაცხადა, რომ ჯგუფურ დანაშაულსა და ორგანზიებულ ჯგუფურ დანაშაულს სხვადასხვა მტკიცებულებითი სტანდარტი აქვს. მან გაიხსენა, რომ პროკურორები დეკემბრიდან მოყოლებული ამტკიცებენ, თითქოს მათ მიერ წარდგენილ ბრალის დასადასტურებლად არ სჭირდებათ იმის დადასტურება, ჰქონდათ თუ არა ბრლდებულებს ერთმანეთთან რაიმე კომუნიკაცია. მაშინ, როცა “ორგანიზებული ჯგუფის” არსებობის დასადასტურებლად საჭიროა ბრალდებულთა შორის წინასწარი შეთანხმების არსებობის დადასტურება. ამის დასასაბუთებლად ჩომახაშვილმა მოსამართლეს და საზგადოებას გააცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებები და სტანდარტი, რომელსაც მესამე – უმაღლესი ინსტანციის სასამართლო აწესებს.

“თუ არ დადასტურდება მონაწილე პირთა მიმართ ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითების შესრულების ფაქტი, სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი გადაწყვეტილება.

თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანტურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას”, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა, შემდეგ კი საქმის მასალებსა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაასაბუთა, რომ გიორგი ტერიშვილის ქმედებები აქციაზე იყო სპონტანური და არ იკვეთება, რომ ის იცნობდა სხვა ბრალდებულებს, რაიმე კავშირი ჰქონდა მათთან, ან მოქმედებდა ვინმეს მითითებით.

ჩომახაშვილმა ისაუბრა იმ გარემოებებზეც, რის გამოც მოსამართლეს არ აქვს საშუალება, წარდგენილი მუხლი გადააკვალიფიციროს და ბრალდებულებს თუნდაც ინდივიდუალურად ჩადენილი დანაშაულისთვის მიუსაჯოს სასჯელი. მან განმარტა, რომ გიორგი ტერიშვილს ედავებიან ქმედებას 2024 წლის პირველ აგვისტოს, გამთენიისას – “ბრალდების მხარემ საათიც კი ვერ დაასახელა” – ინგოროყვას ქუჩაზე. ადვოკატმა მიმოიხილა დააზარალებულად ცნობილი პოლიციელების ჩვენებები და განაცხადა, რომ არცერთი მათგანი არ მდგარა იმ დღეს, იმ დროსა და ადგილას, როცა და სადაც ტერიშვილის ქმედებას ედავებიან. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ტერიშვილის ქმედებას საქმეზე დაზარალებულად ცნობილი რომელიმე პოლიციელის დაზიანება გამოეწვია.

“იმ პირობებში, როცა ვერც ორგანიზებულობა დავადგინდეთ, ვერც ნასროლი საგნის ფორმა, წონა და მახასიათებლები, თქვენ ერთი მოწმე მაინც უნდა მოგეყვანათ, რომელიც იტყოდა, რომ იმ დროს, იმ საათზე მივიღე დაზიანება”, – მიმართა ადვოკატმა პროკურორებს.

ირაკლი ჩომახაშვილმა განიხილა სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ რამდენიმე მუხლი – მათ შორის, პოლიციელზე თავდასხმა, ძალადობა ან მუქარა და ა.შ. – და განაცხადა, რომ მოსამართლე ვერ გადააკვალიფიცირებს წარდგენილ ბრალს ვერც ერთ სხვა მუხლზე.

“ერთადერთი საშუალება, რაც თქვენ გაქვთ, არის ,დაწეროთ გამამართლებელი განაჩენი”, – ასე მიმართა ირაკლი ჩომახიშვილმა ნინო გალუსტაშვილს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გიორგი ტერიშვილის დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა.

“ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის პოლიტიკური სისხლისსამართლებრივი დევნა იმისათვის, რომ სამომავლოდ ადამიანს არ გაუჩნდეს სურვილი, დაიცვას საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი”, – განაცხადა ირაკლი ჩომახიშვილმა.

ირაკლი ჩომახაშვილის შემდეგ დასკვნითი სიტყვეი თქვეს უკრაინელი ბრალდებულების, სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატებმა, ბექა ხოხობაშვილმა და დიმიტრი ვარდიაშვილმა.

ხოხობაშვილმა განმარტა, რომ საქმეში არ არსებობს ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც ბრლადებას დაადასტურებს – ვერც ერთი დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი ვერ მიუთითებს კუხარჩუკსა და სივაკოვზე. ასევე, არ არსებობს ვიდეო, სადაც გამოჩნდებოდა, რა პოტენციური ზარალი გამოიწვია მათმა ქმედებება, ან დააზიანა თუ არა ვინმე.

გარდა ამისა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პროკურატურა არათუ ვერ ადასტურებს კუხარჩუკისა და სივაკოვის ვერანაირ კავშირს სხვა ბრალდებულებთან, არამედ საქმეში არ მოიძებნება ერთი მტკიცებულებაც კი რუსულ, ან უკრაინულ ენებზე. არადა, მათ ქართული არ იციან. ადვოკატის მტკიცებით, კომუნიკაციის გზის და შინაარსის დადასტურების გარეშე შეუძლებელია დადასტურდეს “ორგანიზებული ჯგუფის” არსებობა.

“გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს სჭირდება, სულ მცირე, ორი პირდაპირი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეუძლია, განაჩენი გამოიტანოს, რაც ჩვენს საქმეში საერთოდ არ გვაქვს. საქმეში არ არსებობს ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას”, – განაცხადა ხოხობაშვილმა.

კუხარჩუკისა და სივაკოვის მეორე ადვოკატმა, დიმიტრი ვარდიაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დაკსვნები ვერ ადგენს იმ ნივთების რაობას, რომელთა სროლასაც ბრალდებულებს ედავებიან. ამ ფონზე მოწმე პოლიციელები და პროკურორები მუდმივად მიუთითებენ, რომ ნივთები იყო “მძიმე” და “საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის”.

“ბატონო მოსამართლევ, სანამ ნიუტონს ვაშლი არ დაეცა თავში, მანამდე ვერ დაწერა ის კანონი და ამ პოლიციელებმა, ვიდეო ნახეს და ნივთი “მასიური” და “მძიმეაო”, – ამბობს ვარდიაშვილიმა – “ვინ აწონა? პოლიციელებმა აწონეს?” – კითხვას დასვა ადვოკატმა და განაცხადა, რომ შეუძლებელია ვინმეს ან რამეს დაზიანებაზე საუბარი იმ ვიდეოთი, რომელშიც არ ჩანს ,რა ნივთს ისვრის ადამიანი და სად ეცემა ის, ან ხვდება თუ არა ვინმეს, ან რამეს.

“ჩვენ ვართ ცამდე მართლები ამ საქმეში”, – ასე დაასრულა დასკვნითი სიტყვა ბექა ხოხობაშვილმა.

მეტი დეტალის გასაგებად, შეგიძლით გაეცნოთ “ლაივ-ბლოგს” 20 აგვისტოს სხდომიდან ამ ბმულზე.

დანარჩენი ბრალდებულების ადვოკატები დასკვნით სიტყვებს 26 აგვისტოს იტყვიან. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველი კვირის განმავლობაში გამოაცხადებს.

ამავე თემაზე: