დღეს, 2026 წლის 8 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ნადაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება გონივრულ ვადაში) დარღვევა დადგინდა.

საქმე ეხება COVID-19-ის პანდემიის პერიოდში დაწყებულ სამოქალაქო დავას, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხუთი წლის განმავლობაში სრული უმოქმედობის პირობებში ჭიანურდებოდა.

დავა სათავეს 2020 წლის აგვისტოდან იღებს. მომჩივანი, საქართველოს მოქალაქე ირინე ნადაშვილი თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, კოვიდ-რეგულაციების ფარგლებში, სპეციალურ საკარანტინე სასტუმროში მოათავსეს.

მეორე დღეს, ცხვირიდან PCR ტესტის აღებაზე სავარაუდო უარის გამო, პოლიციამ იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც მომჩივანი სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარში უთითებდა, კლინიკაში ის ერთ ოთახში გამოკეტეს, ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, შეუზღუდეს გარე სამყაროსთან კონტაქტი და იძულებით როგორც ტესტირება, ისე ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება აიძულეს.

აღნიშნული მოვლენების გამო, 2021 წლის 12 აპრილს ირინე ნადაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. იგი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკანონო დაკავებისა და დამამცირებელი მოპყრობის გამო კომპენსაციას ითხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში რამდენიმე დღეში მიიღო და ვიდეომტკიცებულებების გამოთხოვის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა, საქმის განხილვა წლების განმავლობაში გაიყინა. მოსამართლეების როტაციის გამო, საქმე ჯერ 2022 წლის მარტში გადაეცა ახალ მოსამართლეს, შემდეგ კი კიდევ ერთხელ გადამისამართდა.

საბოლოოდ, სარჩელის შეტანიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ, 2025 წლის ნოემბერში, მოსამართლემ მოსამზადებელი სხდომა 2026 წლის 23 თებერვლისთვის ჩანიშნა.

საქართველოს მთავრობა ევროპულ სასამართლოში თავს იცავდა არგუმენტით, რომ საქმე რთული იყო, ხოლო შეფერხება სასამართლოს შიდა რეორგანიზაციამ და COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია.

სტრასბურგის სასამართლომ მთავრობის არგუმენტები არ გაიზიარა. გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ მართალია, პანდემიამ პროცესების შეფერხებას ხელი შეუწყო, თუმცა საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ოთხი წლისა და რვა თვის განმავლობაში „სრული უმოქმედობის“ რეჟიმში იყო.

„ახალ მოსამართლეზე საქმის გადაწერიდან სამი წელი და თერთმეტი თვე გავიდა, სანამ მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნებოდა. მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი განმარტება, რომელიც გაამართლებდა სრული უმოქმედობის ასეთ ხანგრძლივ პერიოდს კოვიდ-შეზღუდვების გაუქმების შემდეგ,“ – ნათქვამია ECHR-ის შეფასებაში.

სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სუსტი შიდა მენეჯმენტი და საქმეების მოსამართლიდან მოსამართლეზე გადაცემის მანკიერი პრაქტიკა მსგავსი გაჭიანურების მთავარი მიზეზია, რაზეც სტრასბურგს საქართველოს წინააღმდეგ სხვა საქმეებშიც არაერთხელ მიუთითებია.

ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა მომჩივნის უფლება საქმის გონივრულ ვადაში განხილვაზე.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება, სამი თვის ვადაში მომჩივანს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 500 ევრო გადაუხადოს.

მომჩივნის უფლებებს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე იცავდა.