“რობოტების ომის ერა დგება” – ამბობს საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შეფასებისას.
ის ხაზს უსვამს, რომ რუსეთს ქვეყნის ზომისა და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე უკრაინასთან აქვს უპირატესობა ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, თუმცა მისი შეფასებით უკრაინას ტექნოლოგიური წარმატებების ხარჯზე ამის გაბათილება შეუძლია.
რას ფიქრობთ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მიმდინარეობაზე? ერთი შეხედვით, უკრაინამ შეძლო დრონების წარმოების სისტემის ისე აწყობა, რომ თითქმის ყოველდღიურად ვუყურებთ რუსეთში დამწვარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, სავაჭრო ობიექტებისა თუ საწყობების კადრებს.
ომთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ. ომის შეფასება სამგანზომილებიანია, იგი მოიცავს: ფილოსოფიას, მეცნიერებასა და ხელოვნებას. როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ყველა ეს პრინციპი დაარღვია, როგორც ფილოსოფიის, ისე ტექნოლოგიების ნაწილში. წესით, სახელმწიფოს ტექნოლოგიური შესაძლებლობები ადეკვატურად უნდა პასუხობდეს იმ მასშტაბის ომს, რომელიც მან წამოიწყო. რაც შეეხება ხელოვნებას, ეს უკვე უშუალოდ ომის წარმართვა, დაგეგმვა და მსგავსი კომპონენტებია. სტრატეგია და ტაქტიკა, ეს ყველაფერი სწორედ ამ ხელოვნებაში ერთიანდება. რუსეთმა პროცესები აბსოლუტურად მცდარად დაიწყო და ის, რაც ხუთი წლის თავზე მივიღეთ, ამის ლოგიკური შედეგია. მადლობა ღმერთს, რუსეთის სასარგებლოდ ბევრი არაფერი შეცვლილა.
თუმცა, ის, რაც დღეს ხდება, ფაქტობრივად, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რობოტების ომის ერა დგება. როდესაც საზღვარგარეთ, კერძოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდი, ერთხელ მომავლის ოპერაციების სარდლობას ვესტუმრე, სადაც ნათლად დავინახე, თუ სავარაუდოდ რა პრინციპებით წარიმართებოდა სამომავლო ომები.
როდესაც საქართველოში დავბრუნდი, საუბარი დავიწყე ჩვენი საჰაერო ძალების ტრადიციული შესაძლებლობების შემცირებაზე და მთავარ აქცენტს ზუსტად ამ დრონების სისტემებზე ვაკეთებდი. მახსოვს, მაშინ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ვინ აღარ გამაკრიტიკა სუ-25-ებისა და მი-24-ების შეიარაღებიდან შესაძლო ამოღების ინიციატივაზე. მაშინ ჩვენი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სამხედროების, იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ტრადიციული ავიაციის შემთხვევაში აქცენტი ლოგისტიკური და სატრანსპორტო დანიშნულების შენარჩუნებაზე გაგვეკეთებინა, ხოლო საბრძოლო განვითარების თვალსაზრისით პრიორიტეტი დრონებისთვის მიგვენიჭებინა. სუ-25-ების გაუქმების საკითხის წამოჭრას მაშინ დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა გავაუქმეთ, მოგვიანებით მაინც აღადგინეს. დღეს უკრაინაში სუ-25-ები, როგორც საბრძოლო შესაძლებლობა, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებიც კი მიდიან A-10-ის ტიპის თვითმფრინავების შეიარაღებიდან ამოღებისკენ. ეს ჯერ კიდევ 10 წლის წინ სურდათ, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო მცირე ხნით კიდევ დატოვეს ექსპლუატაციაში.
ამიტომ, დღეს უკრაინაში ტექნოლოგიების ომია. უკრაინელებმა წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწიეს. ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიებში მომუშავე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ციფრული ინტელექტის მიმართულებით მოღვაწეობს, ეს გარემო ერთგვარ პოლიგონად იქცა, სადაც გამუდმებით ხდება პროგრამებისა და ახალი შესაძლებლობების ტესტირება. უკრაინამ მიაღწია ენით აღუწერელ შედეგებს და უკვე იმ დონეზეა, რომ ფაქტობრივად, ამ ომმა რეალურად დაგვანახა, როგორი იქნება მომავლის ომები. ის შედეგი, რასაც უკრაინა აღწევს, სწორედ ამ ტექნოლოგიური მიღწევების დამსახურებაა. თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინელების პროგრესი იმდენად შთამბეჭდავი და დიდია, რომ ამერიკელებიც კი ცდილობენ მათგან გამოცდილების გაზიარებასა და ამ ახალი შესაძლებლობების ათვისებას.
როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა რუსეთს ამჟამად საკმარისი სამხედრო ძალა იმისათვის, რომ უკრაინაში დასახულ ამოცანებს მიაღწიოს?
ზოგადად, ომი ცვალებადი პროცესია. გარემოებასა და ადამიანურ რესურსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღესდღეობით, რუსეთს ადამიანური რესურსი გააჩნია. უკრაინის მდგომარეობა ამ მხრივ უფრო რთულია, რადგან მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით თანაფარდობა დაახლოებით ერთია სამთან (1:3). შესაბამისად, სამობილიზაციო რეზერვი რუსეთს გაცილებით დიდი აქვს, თუმცა ტექნოლოგიური შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებით უკრაინელებს შეუძლიათ ეს დისბალანსი გაათანაბრონ.
გავიხსენოთ, როგორ იბრძოდა ამერიკა თუნდაც ერაყში. არსებობს ასეთი სამხედრო კონცეფცია, რომელსაც ჰქვია „ძალების ეკონომია“. ეს ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე შეიძლება რაოდენობრივად გჭარბობდეს, მაგრამ შენ ეს დისბალანსი ძალების რაციონალური განაწილებითა და მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით უნდა დააბალანსო. ამერიკა ამ დისბალანსს ყოველთვის საკუთარი ტექნოლოგიური უპირატესობით ათანაბრებდა ხოლმე.
აქედან გამომდინარე, რა რაოდენობის ადამიანური რესურსიც არ უნდა მოიზიდოს რუსეთმა, უკრაინას შეუძლია ამ დისბალანსის ტექნოლოგიების მეშვეობით გათანაბრება. ბევრი რუსი ჯარისკაცი თავადვე საუბრობს იმაზე, რომ ექვსი თვეა უკრაინელი ჯარისკაცი თვალით არ უნახავთ და გამუდმებით უწევთ დრონებთან და რობოტებთან ბრძოლა. დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ქვედანაყოფის სრული განადგურება სწორედ დრონებისა და რობოტების მეშვეობით მოხდა. მნიშვნელობა არ აქვს, რა რაოდენობის სამობილიზაციო რეზერვი ჰყავს მოწინააღმდეგეს, თუ შენ ამ ყველაფერს ტექნოლოგიებით დააბალანსებ, მოწინააღმდეგემ შესაძლოა არა მხოლოდ ვერ მიაღწიოს მიზანს, არამედ სრული უკუშედეგიც მიიღოს. ცხადია, ადამიანური რესურსი დღესაც მნიშვნელოვანია, მაგრამ რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, ცხადყოფს, რომ ტექნოლოგიურ მიღწევებს ამ პროცესში უდიდესი როლი აკისრია.
რა სჭირდება ახლა უკრაინას იმისთვის, რომ შეძლოს თავისი ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაძევება?
როგორც ნაპოლეონი იტყოდა: ომს იგებს ფული, ფული და ფული.
