სამართალი

რეკომენდაცია არგათვალისწინებულ რეკომენდაციაზე

6 ნოემბერი, 2010 • • 1202
რეკომენდაცია არგათვალისწინებულ რეკომენდაციაზე

სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, გლდანის მერვე საპყრობილის საკარანტინე საკნებში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. პრევენციული ჯგუფის წევრების მონიტორინგის საფუძველზე, ომბუდსმენი აცხადებს ,რომ იქ კვლავ არადაამიანური და დამამცირებელი პირობებია.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, საკარანტინე განყოფილებაში მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით, ომბუდსმენმა ჯერ კიდევ 20 ოქტომბერს მიმართა.

4-5 ნოემბერს, მონიტორინგის მიზნით, ომბუდსმენის პრევენციულმა ჯგუფმა მერვე საპყრობილეში კვლავ განახორციელა ვიზიტი.

“სამწუხაროდ, აღნიშნული რეკომენდაციის შემდეგ გლდანის დაწესებულების კარანტინში არსებული პირობები არ გაუმჯობესებულა”.-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა ომბუდსმენის აპარატმა.

მოცემული მდგომარეობით ერთ, 6– საწოლიან საკარანტინე ოთახში 27 პატიმარი იმყოფებოდა. სივიწროვის გამო, ნაწილს ფეხზე დგომა უწევდა.

“აღნიშნულ მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს ის გარემოება, რომ კარანტინში მყოფ პატიმრებს არ ნახულობს ექიმი”.

4 ნოემბერს, კარანტინის ვიზიტის დროს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრმა შენიშნა, რომ ერთ–ერთ პატიმარს  სიყვითლის ნიშნები აღენიშნებოდა.

“ მან დაუყოვნებლივ უხმო მორიგე ექიმს, რათა შეემოწმებინა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პატიმრის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ მორიგე ექიმმა განაცხადა, რომ საგანგაშო არაფერი იყო, რამდენიმე დღეში პატიმარი განაწილდებოდა საცხოვრებელ საკანში, სადაც მას ჩაუტარდებოდა საჭირო გამოკვლევები. იმავე ექიმის თქმით, კარანტინში განთავსებულ პატიმრებს მხოლოდ კრიტიკული მდგომარეობის შემთხვევაში უტარდებოდათ გამოკვლევები”.

მეორე დღეს პრევენციული ჯგუფი კარანტინში ექიმ-ექსპერტთან ერთად მივიდა. მათი თქმით, პატიმარს შეენიშნებოდა სიყვითლე, ღვიძლის გადიდება დაახლოებით 3 სმ–ით. პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილებს, მწარე გემოს, ზოგად სისუსტეს. ექსპერტების აზრით, ზუსტი დიაგნოზის დადგენამდე, ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმრის იზოლირება აუცილებელია, ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით.

პრევენციული ჯგუფის მონიტორინგის შედეგების გამო, ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მიმართავს მინისტრს, გლდანის N8 დაწესებულების კარანტინში არსებული არაადამიანური და დამამცირებელი პირობების აღმოფხვრის მიზნით, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო ზომა და კარანტინში ყოფნის დროს პატიმრებისთვის უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლების განხორციელება.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ითხოვს, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ პატიმრის განცალკევებით განთავსება, რომელიც პრევენციული ჯგუფის ექიმ-ექსპერტებმა ნახეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი