121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და რუსული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ამასთან, სარჩელის თანაავტორები საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვენ, საქმის განხილვამდე სადავო ნორმების მოქმედება შეაჩეროს.
სარჩელის ავტორები აცხადებენ, რომ კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად. მათი თქმით, რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედაა გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა:
„მივესალმებით პრეზიდენტის და პარლამენტის წევრების გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელთანაც ეს სუბიექტები ითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, წარმოადგენს საქართველოს ევროატლანიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს. ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას“, — აცხადებენ სარჩელის თანაავტორები.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ, აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში საჩივარს გაგზავნიან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც. საკონსტიტუციო სასამართლოს კი სარჩელი დღეს გაეგზავნება:
„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით და გამოვიყენებთ ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაჩერებლად, შესაფერხებლად მის სრულად გაუქმებამდე“ ,— აცხადებენ სარჩელის ავტორები.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოიება.