სამართალი

სახალხო დამცველი: ანტისანიტარია ქსნის საპყრობილის სამარტოო საკნებში

5 ოქტომბერი, 2010 • • 1208
სახალხო დამცველი: ანტისანიტარია ქსნის საპყრობილის სამარტოო საკნებში

სახალხო დამცველი ქსნის მეშვიდე საპყრობილეში სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულთათვის სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნას მოითხოვს. 

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები აღნიშნულ საპყრობილეში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ სამარტოო საკნებში განთავსებულ პატიმრებს.

”სამარტოო საკნებში პატიმრები  არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში იმყოფებიან. კერძოდ, მათ არ მიეწოდებათ ჰიგიენური ნივთები, მათ შორის, ტუალეტის ქაღალდი და არ აქვთ საშუალება ეს ნივთები დაწესებულების მაღაზიაში შეიძინონ”,-ნათქვამია ომბუდსმენის ოფიციალურ განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ მეშვიდე საპყრობილის ყველა სამარტოო საკანში ანტისანიტარიაა, პატიმრებს არ აქვთ საშუალება შხაპი მიიღონ. ერთადგილიან საკანში განთავსებული იყო ორი ან სამი პატიმარი, ხოლო რამდენიმე ორადგილიან საკანში განთავსებული იყო თითო პატიმარი.

სახალხო დამცველის მონიტორინგის დეპარტამენტის ჯგუფმა პატიმრებთან გასაუბრების შემდეგ გაარკვია, რომ ლეიბი ან გადასაფარებელი გვიან ღამით ეძლევათ, ხოლო დილით ადრე ადმინისტრაციის თანამშრომლებს აღნიშნული ნივთები გააქვთ საკნიდან.

წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აღკვეთის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) 2007 წლის 31 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ამსახველ მოხსენებაში შესაბამის პირებს მოსთხოვა, რომ პატიმრები, რომლებიც განთავსებულნი იყვნენ დაწესებულების კარცერში, უზრუნველყოფილნი იყვნენ ლეიბებით და საბნებით, ასევე,  მისცემოდათ შხაპის მიღების საშუალება.

CPT-ის სტანდარტების თანახმად, ყველა პატიმარს, გამონაკლისის გარეშე (მათ შორის, დასჯის მიზნით საკნებში მყოფთაც), უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად შეასრულონ ფიზიკური ვარჯიშები სუფთა ჰაერზე, ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, უზრუნველყოს დაბა ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების საერთო რეჟიმის ახალ ნაწილში, სამარტოო საკანში მოთავსებული მსჯავრდებულთათვის სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი