სამართალი

ისინი, ვინც ინფორმაციის თავისუფლებას ზღუდავენ

28 სექტემბერი, 2010 • • 1273
ისინი, ვინც ინფორმაციის თავისუფლებას ზღუდავენ

რამდენად საჯაროა საჯარო ინფორმაცია და ვინ და რა არგუმენტით ასაიდუმლოებს ამ ტიპის ინფორმაციას ის კითხვებია, რომელზეც პასუხი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გასცა კვლევით, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა სასტუმრო რედისონში.

კვლევის ფარგლებში საიამ ოცდაჩვიდმეტ საჯარო დაწესებულებას მიმართა. საიას აინტერესებდა დაწესებულების თანამშრომლების სია,მათი ხელფასები,პრემიები და ჯილდოებზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა. აგრეთვე საჯარო დაწესებულების თანამშრომლების დანახარჯები სატელეფონო საუბრებსა და ავტომობილებით მომსახურებაზე. ასევე მობილური ტელეფონების და ავტომანქანების შესყიდვაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2008 წლის მანძილზე.

კვლევაში ნათქვამია,რომ საჯარო დაწესებულების უმეტესობამ საიას ინფორმაცია მიაწოდა. თუმცა მათივე თქმით, გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს, რომლებმაც უარი განაცხადეს ინფორმაციის გაცემაზე. ”კანონთან შეუსაბამო და გაუგებარი დასაბუთებით არ მოგვცეს ინფორმაცია”,-ნათქვამია საიას კვლევაში.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ის საჯარო დაწესებულებაა, რომელმაც ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.მათი მოტივი კი იყო :-”კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”. საია განმარტავს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეესაბამა კანონს ”სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” და შესაბამისად გაუგებარია ამ მოტივით ახსნილი პასუხი დაცვის სამსახურისგან.

განსხვავებული პასუხი, ამავე კითხვებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. საია წერს, რომ შსს პასუხში მათ მიმართ ნათქვამი იყო, რომ ”სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის თანახმად არ არის მიჩნეული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციად აღნიშნული, თუმცა ისინი მიწანშეწონილად არ თვლიდნენ ხელფასების, პრემიების და ჯილდოების გასაჯაროებას.

”შინაგან საქმეთა სამინისტროს დასაბუთება ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით კანონსაწინააღმდეგოა და უსაფუძვლოდ ზღუდავს ინფორმაციის თავისუფლების უფლებას”,-ნათქვამია კვლევაში.

ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა საია ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ.

საიას მიერ წარმოდგენილი კვლევა ყურადღებას დროის ინტერვალზე ამახვილებს. საჯარო ინფორმაცია, კანონის მიხედვით გაიცემა დაუყოვნებლივ, ან არაუგვიანეს ათი დღისა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.

საიას კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო დაწესებულების უმეტესობამ მათ მიერ გაგზავნილ კითხვებზე პასუხი 10 დღის ვადაში გასცა. თუმცა ნაწილმა რეაგირება საერთოდ არ მოახდინა, ან პასუხი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით მიაწოდა.

კონკრეტულად,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთოდ არ მისწერა პასუხი  საიას, გაგზავნილ განცხადებებთან დაკავშირებით.

”ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ საჯარო დაწესებულებებს განსხვავებული მიდგომა აქვთ თანამშრომელთა ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო ხარჯების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. საჯარო დაწესებულებების ნაწილი ამ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციად მიიჩნევს, ნაწილი კი სრულად ასაიდუმლოებს მას. საჯარო დაწესებულებათა სამართლებრივი განმარტება ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო ხარჯების ხელმისაწვდომობასთან მიმართებით სხვადასხვაგვარია. სამწუხაროდ, მათ არ გააჩნიათ საერთო სამართლებრივი მიდგომა”,-ნათქვამია კვლევაში.

ქუთაისის მერია, თელავის მუნიციპალიტეტი, რუსთავის მერია და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ის დაწესებულებებია, რომლებმაც სრულად მიაწოდა გამოთხოვილი ინფორმაცია საიას.

მთავარმა პროკურატურამ, ცესკომ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობის  კანცელარიამ, ეროვნულმა ბანკმა, შემოსავლების სამსახურმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს პარლამენტის აპარატმა, თბილისის მერიამ, სსიპ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  საიას არ მიაწოდა თითოეული თანამშრომლის ხელფასის, პრემიის და სამივლინებო ხარჯების ოდენობა ცალ-ცალკე. 

საქართველოს იუსტიციიs სამინისტრომ მიაწოდა თანამშრომელთა სია ხელფასების მითითებით, მაგრამ არ მოუწოდებია თითოეული თანამშრომლის პრემიების ოდენობა. ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  საჯარო ინფორმაციად მიიჩნია თითოეული თანამშრომლის ხელფასებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია, ხოლო  პრემიების ოდენობა –  პერსონალურ მონაცემად.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საიას ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შედეგად , თითოეული თანამშრომლის ხელფასისა და სამივლინებო ხარჯების ოდენობაზე გასცა პასუხი, მაგრამ უარი უთხრა თანამშრომელთა პრემიების თაობაზე ინფორმაციის მოწოდებაზე.

სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, ბათუმის მერიის ადმინისტრაციამ საის თითოეული თანამშრომლის სამივლინებო ხარჯები მისწერა, მაგრამ არ მიაწოდა ცალ-ცალკე თანამშრომელთა ხელფასებისა და პრემიების ოდენობა.

იუსტიციის სამინისტრომ საერთოდ არ გასცა ინფორმაცია თანამშრომლების პრემიების შესახებ.

დაწესებულებამ განმარტა,რომ ეს არის პერსონალური სახის ინფორმაცია და ამ მოტივით არ გასცემს მას.

ეს განმარტება გაიზიარა სასამართლომაც, სადაც სამინისტროს გადაწყვეტილება საიამ გაასაჩივრა.

”სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზისას მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს გადაწყვეტილებები ფაქტობრივად იმეორებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების არგუმენტაციას. სასამართლო, როგორც წესი, საჭიროდ არ მიიჩნევს გამოიკვლიოს გარემოებები და შეაფასოს, რამდენად კანონიერად მოიქცა ადმინისტრაციული ორგანო”,- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის დასკვნაში ნათქვამია, რომ საჯარო დაწესებულებების საქმიანობათა გამჭვირვალობის საკითხები პრობლემად რჩება და ამ მხრივ მდგომარეობა მძიმეა.

თუმცა აქვე აღნიშნულია პოზიტიური ფაქტორიც. კერძოდ, რამდენიმე საჯარო დაწესებულება, რომელიც მზადაა საჯარო ინფორმაცია თანამშრომლების ხელფასების და პრემიების შესახებ გასცეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი