ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლერი თედორაძემ, არასრულწლოვან გია ბუაძეს პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმის მასალებით დგინდება, რომ პოლიციელმა ჩვენება შეცვალა, რაც არასრულწლოვანის დაპატიმრების საფუძველი გახდა.
2009 წლის 18 ნოემბერს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს პაციენტი მალხაზ გაბაიძე, რომელიც იმჟამად ხელვაჩაურის პოლიციის კახაბრის განყოფილების ხელმძღვანელია. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მინდია ნაკაშიძის მიერ გაცემულ ცნობაში წერია, რომ გაბაიძე დაჭრილი იყო: “პაციენტი აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიბნელეში დაეცა რკინის ნაჭერს. აღენიშნება ჭრილობა 2X22 სმ სწორი კედლით”.
ამავე ცნობის მიხედვით, საავადმყოფოს მორიგე ექიმმა, ემზარ დიასამიძემ ინფორმაცია მიაწოდა ხელვაჩაურის პოლიციას. საქმის მოკვლევაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. დაკითხეს ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეებსა და სასტუმროებში მომუშავე ექვსი ქალი: სედა სოგომონიანი, ნინო ბასილაშვილი, შორენა ღურწკაია, დიანა საბიაშვილი, ირმა ქევხიშვილი და მარინა ოკუჯავა. სოგომონიანი, ქევხიშვილი, ღურწკაია, ოკუჯავა და ბასილაშვილი მუშაობენ ბათუმში, ლუკა ასათიანის ქ. #37-ში მდებარე სასტუმრო “ზედაზენში” დამლაგებლებად. ამათგან სოგომონიანი, ქევხიშვილი და ოკუჯავა, მათივე განცხადებით, ცხოვრობენ ამავე სასტუმროში. მოწმეთა განცხადებით, სასტუმროში სულ ხუთი ოთახია და ხუთივე ქალი ყოველდღე, სამუშაო გრაფიკის გარეშე მუშაობს (საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “ზედაზენს”, რომლის მფლობელიც ვინმე აბესალომ ბერიძეა, ასათიანის ქ.#37-ში მხოლოდ 11,9 კვ/მეტრი ფართობი უკავია).
ზემოხსენებული მოწმეების ჩვენების საფუძველზე დააკავეს ოთხი ეჭვმიტანილი: გია დავითაძე, მიხეილ ქამადაძე და არასრულწლოვნები _ ნიკა ბუაძე და ლ. ფ. პოლიციამ ერთ-ერთი მათგანის, კერძოდ, ნიკა ბუაძისგან აღიარებითი ჩვენებაც მიიღო. თავდაპირველ ჩვენებაში ბუაძე აცხადებს, რომ 2009 წლის 17 ნოემბერს იმყოფებოდა ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კუთხეში მეგობრებთან ერთად. მათთან მივიდა პოლიციელი მალხაზ გაბაიძე, მეტსახელად “პომიდორა” ნასვამ მდგომარეობაში. მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მას დაარტყა ლიმონათის გასახსნელი. დანარჩენმა დაკავებულებმა ბრალდება უარყვეს.
ნიკა ბუაძის დედა, ინგა ბუაძე: “შარშან, 18 ნოემბერს, მიმიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოში. სამმართველოში ვნახე ჩვენი მეზობელი ლ.ფ. გავიგონე ჩემი შვილის ხმაც, მაგრამ პოლიციამ დამიმალა მისი დაპატიმრების ამბავი. დაკავების ამბავი სახლში დაბრუნების შემდეგ მეზობლებმა მითხრეს. პოლიციაში მისულს კვლავ დამიმალეს შვილი. შევხვდი ჩემს მაზლს, მერაბ ბუაძეს და მასთან ერთად მივედი პოლიციაში. მერაბი შეიყვანეს შენობაში, მე კი არა. სახალხო დამცველის წარმომადგენლის, გიორგი ჩარკვიანის ჩარევის შემდეგ მოგვცეს მე და ჩვენს ადვოკატს, ნანა ანდღულაძეს შვილთან შეხვედრის უფლება. ჩემი შვილი ბორდელში მომუშავე ქალების ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს”.
ნანა ანდღულაძის განცხადებით, არასრულწლოვანი ნიკა ბუაძე ნაცემი იყო: “პოლიციამ ნიკა ბუაძის დაკითხვით დაარღვია კანონი – არასრულწლოვანის დაკითხვა მშობლის გარეშე არ შეიძლება. დედა არ დაასწრეს დაკითხვას და დაუმალეს კიდეც ეს ფაქტი. განსასჯელმა გვითხრა, რომ სცემეს. ნიკას მამა ამჟამად პატიმრობაშია, რაც გამოიყენა პოლიციამ და აღიარებითი ჩვენება იძულების წესით ჩამოართვა”.
ბათუმის სასამართლომ ოთხივე ეჭვმიტანილს, ხულიგნობის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით სამი მათგანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო ნიკა ბუაძეს, რომელიც ასევე არ აღიარებდა დანაშაულს, ბრალი დაუმძიმეს და განზრახ მკვლელობის მცდელობაშიც დაადანაშაულეს, რაც 8-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მალხაზ გაბაიძემ ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციას ჩვენება მისცა. სასამართლომ არ გაიზიარა საავადმყოფოში გაკეთებული ჩანაწერი და სწორედ ეს ჩვენება მიიჩნია უტყუარ ცნობად. პოლიციელის თქმით, 17 ნოემბერს, საღამოს 9-დან 10 საათამდე, ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, მივიდა სასტუმრო “ზედაზენთან”, იქ მომუშავე ნინო ბასილაშვილთან სალაპარაკოდ. მან შენიშნა ოთხი ბიჭი, რომლებიც იგინებოდნენ. გაბაიძემ მათ აუხსნა, რომ იყო პოლიციელი და მოუწოდა წესრიგის დაცვისკენ: “ოთხივე მათგანი თავს დამესხა. დამიწყეს ცემა. ნიკა ბუაძემ სამჯერ დამარტყა დანა. მერე წავიქეცი და ოთხივე მათგანი მირტყამდა ფეხებს. მე ვთხოვდი, არ მოვეკალი”.
ადვოკატის ვერსიით კი, მალხაზ გაბაიძემ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ გაახმაურა. მან ეს სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა: “ჩხუბის მერე დავურეკე მეგობარს, პოლიციელ მალხაზ დიასამიძეს. ამის შემდეგ წავედი სიდედრის სახლში, საიდანაც მეუღლე და შვილი წამოვიყვანე. შემდეგ კი ბიძაშვილთან, კობა გაბაიძესთან ერთად წავედი საავადმყოფოში”.
ბრალდებულის ადვოკატი საქმეში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს: “თავდაპირველად დაზარალებული შეეცადა ფაქტის დამალვას. იგი წავიდა სახლში და შეგნებულად გაანადგურა მტკიცებულებები, ანუ ტანსაცმელი გარეცხა. არა თუ როგორც პოლიციელი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქეც კი, ვალდებული იყო, ჩხუბის მერე პატრული გამოეძახებინა, რაც არ გააკეთა. ჩვენი საფუძვლიანი ეჭვით, გაბაიძე იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ადვოკატის განცხადებით, ბუაძის მიერ გაბაიძის დაჭრის შესახებ ერთადერთი მტკიცებულება – მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არსებობს”.
ბუაძის საქმეში კიდევ ბევრი შეუსაბამობაა, კერძოდ, გაბაიძისა და მოწმეთა ჩვენებებით, ჩხუბი 10-15 წუთს მიმდინარეობდა, რა დროსაც გაბაიძე ძირს დააგდეს და ფეხებით სცემდნენ. “გაბაიძე ათლეტური აღნაგობის, ნავარჯიშევი პოლიციელია და ასე გამხდარი ბიჭები მას ფიზიკურად ვერ მოერეოდნენ. ასეც რომ იყოს, ცემის შედეგად გაბაიძეს რატომ არ აღმოაჩნდა სხეულზე თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება?!”
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სასტუმრო “ზედაზენის” გვერდით მდებარეობს პოკერკლუბი. სასამართლო პროცესზე გამოქვეყნდა ამ კლუბის ვიდეოთვალის ჩანაწერები (სხდომის ოქმებში არ არის დაფიქსირებული, რა იყო მასზე ასახული). ანდღულაძის განცხადებით კი, კადრებში ჩხუბის რაიმე ფაქტი ასახული არ არის: “ერთი-ორჯერ კადრში გამოჩნდნენ მოსეირნე გია დავითაძე და მიხეილ ქამადაძე”.
გარდა ამისა, პოკერკლუბს ყავს დაცვა. ჩხუბის დროს ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ თბილისი-ბათუმის მარშრუტის მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლები. მოსამართლეებმა: ჯემალ კიკნაძემ, რომელიც თავიდან უძღვებოდა პროცესს და ლერი თედორაძემ, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, რატომღაც საჭიროდ არ მიიჩნიეს ამ საქმეში საპროცესო გარიგების გზით გათავისუფლებული სამი ეჭვმიტანილის დაკითხვა.
პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე გაბაიძის დანაშაულის დაფარვის ვერსიას არ განიხილავს: “დანაშაული გამოკვეთილი რომ ყოფილიყო, საქმეს აუცილებლად მიეცემოდა მსვლელობა”. კონკრეტულად რა მსვლელობა მიეცა გაბაიძის საქმეს? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად პროკურორმა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში გადაგვამისამართა.
კითხვებზე პასუხის გაცემა არც მალხაზ გაბაიძემ მოისურვა – მანაც პოლიციის პრესსამსახურში დარეკვა “გვირჩია”. “ბათუმელების” ინფორმაციით კი, მალხაზ გაბაიძე ახლაც ხელვაჩაურის პოლიციის გონიოს ქვეგანყოფილების ხელმძღვანელია.
16 წლის ნიკა ბუაძეს, რომელსაც 17 წელი საპატიმროში შეუსრულდა, სასამართლომ ხულიგნობისთვის 4, ხოლო განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13 წელი, ჯამში 17 წელი მიუსაჯა. რადგან ბუაძე არასრულწლოვანია, სასჯელი მეოთხედით შეუმცირეს და ის მხოლოდ 11 წელს გაატარებს ციხეში.
ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არაოფიციალური ბორდელების არსებობის გამო საზოგადოება უკმაყოფილებას პერმანენტულად გამოხატავს. ხშირია ჩხუბისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევები. ამის გამო პროტესტს გამოთქვამს მართლმადიდებლური ეკლესიაც. დეკანოზ მამა ბასილის განცხადებით, ეკლესიამ ამ ”ცოდვის ბუდესთან” დაკავშირებით არაერთგზის მიმართა სახელმწიფოს: ”ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან უწესო ყოფაქცევის ქალები. შევხვდით ქალაქის მერს და ვთხოვეთ, რომ ეს ეკლესიის გარშემო აიკრძალოს… ეს დაწესებულებები ღიად არსებობს, პატარა ბავშვიც რომ შევიდეს, არავინ ეტყვის, რატომ არის იქ. ვიცი, რამდენი არასრულწლოვანი გაურყვნიათ და შეუცდენიათ თანხის სანაცვლოდ. ვფიქრობ, ეს მარტო ეკლესიის ფიქრის საგანი არ უნდა იყოს”.
გოგოები – პოლიციის დასაყრდენი
2007 წლის 28 აგვისტოს შს აჭარის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ლევან კვაშილავა. მას უცნობი ქალისთვის ოქროს ძეწკვის ჩამოგლეჯას ედავებოდნენ. კვაშილავას ბრალი არ დაუდასტურდა, თუმცა იგი სასჯელს ვერ გადაურჩა. #1 იზოლატორში მიიყვანეს სტატიის დასაწყისში მითითებულ მისამართზე დასაქმებული სამი ქალი, მათ შორის ბუაძის საქმეში მონაწილე შორენა ღურწკაია. მათ მისცეს ჩვენება, რომ თითქოს კვაშილავამ გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონი მოიპარა. 2008 წლის 17 იანვარს სასამართლომ კვაშილავას ამ დანაშაულისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2007 წელს იმავე ბრალდებით დააპატიმრეს თორნიკე მაღულარიაც, რომლის წინააღმდეგაც მოწმედ ბუაძის საქმეში მონაწილე ნინო ბასილაშვილი გამოიყენეს. მაღულარიას ბრალი ვერ დაუმტკიცეს. თუმცა, მის ძმას მიეზღო ამ დაწესებულებაში დასაქმებული ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის. ცოტნე მაღულარიას, ნინო ბასილაშვილის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ადვოკატების განცხადებით, პოლიცია არაოფიციალურ ბორდელებში მომუშავეებს მოწმის სტატუსით ბევრ საქმეში იყენებს. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას 30 აგვისტოს “ბათუმელების” საგამოძიებო ჯგუფიც შეესწრო. დაახლოებით საღამოს 21 საათზე რამდენიმე პოლიციელი “ჟიგულის” მარკის მანქანით (სახელმწიფო ნომერი: GHG-739) მივიდა ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კაფეში. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთ-ერთი კაფედან სამი გოგონა პორტის მიმართულებით წაიყვანეს. მანქანა პოლიციის მე-3 განყოფილებაში მივიდა. განყოფილებაში გვაცნობეს, რომ “გოგოები ამოცნობის მიზნით ჰყავდათ მიყვანილი”. როგორც კი გაიგეს, რომ ამ პროცესს ჟურნალისტები ადევნებდნენ თვალს, “გოგონები” მალევე მანქანით წაიყვანეს.
გია ქარცივაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი: “აშკარაა, რომ დაზარალებული პოლიციელის მხრიდან, ადგილი ჰქონდა დანაშაულის დამალვის ფაქტს, რაც საკმაოდ მძიმე დანაშაულია და ისჯება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. გაბაიძე ვალდებული იყო, ფაქტის შესახებ პოლიციისთვის დაუყოვნებლივ ეცნობებინა. დღეს ძალოვანები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არიან, მაგრამ თუ არასრულწლოვანს ასე მკაცრად უნდა მოეკითხოს პასუხი, რატომ არ უნდა დადგეს პოლიციელის პასუხისმგებლობაც?
სისხლის სამართლის კანონმდებლობაში პროსტიტუციაზე მხოლოდ ორი ჩანაწერი არსებობს. მათგან ერთ-ერთი შეეხება საროსკიპოების მოწყობას, ან მოწყობისთვის შენობის გადაცემას და ხელშეწყობას, რაც ისჯება კანონით 2-დან 4-წლამდე”.
ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია სტუდია მონიტორის პროექტის ფარგლებში. ჟურნალისტური გამოძიება განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით