სამართალი

ცხოვრებოვი ცხინვალში დაბრუნებას აპირებს

17 აგვისტო, 2010 • 1330
ცხოვრებოვი ცხინვალში დაბრუნებას აპირებს

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი ვლადიკავკაზიდან ცხინვალში დაბრუნებას აპირებს. ის ვლადიკავკაზში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ცხივნალში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.

ცხოვრებოვმა რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა, რომ ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მასზე თავდასხმის და კოკოითის განცხადებების მიუხედავად, ცხინვალში დაბრუნებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

 ცხინვალში გამომავალ გაზეთ ”XXI საუკუნის” რედაქტორს თემურ ცხოვრებოვს თავს 24 ივლისს დაესხნენ და სასტიკად   სცემეს. ჟურნალისტი, რომელმაც  უამრავი დაზიანება მიიღო, აცხადებდა, რომ   თავდამსხმელებში  დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სამი დეპუტატი ამოიცნო.  კაზიმირ პლიევი, დიმიტრი ვანეევი და ალან ხასიევი  დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მომხრენი არიან.  ჟურნალისტი ამბობს, რომ კაზიმირ პლიევი, ცემამდე ერთი დღით ადრე,   ტელეფონზე მას მოკვლით ემუქრებოდა. 

 მას შემდეგ, რაც ცხოვრებოვის ცემის ფაქტი გახმაურდა,  საერთაშორისო და რუსმა უფლებადამცველებმა განცხადებები გაავრცელეს და ცხინვალს თავდასხმის ფაქტის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს.

 ფაქტი გამოძიებული დღემდე არ არის.

 ამ ინციდენტამდე ცხოვრებოვი ჰოლანდიაში გამართულ ქართულ–ოსურ სამოქალაქო ფორუში მონაწილეობდა. ფორუმის წარმომადგენლებმა  ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი   მიმართვა  გაავრცელეს და მხარეებს ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდეს.

 სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის ოსი წარმომადგენლები სახელმწიფო ინტერესების ღალატში დაადანაშაულა და მათ პროვოკატორები უწოდა.

 ეს განცხადება კოკოითიმ ცოტა ხნის წინათ ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როცა მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სამოქალაქო ფორუმის შეფასება სთხოვა. განცხადება ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი