სამართალი

ომბუდსმენი თერჯოლის პანსიონის ბენეფიციარის გარდაცვალებას გამოეხმაურა

12 აგვისტო, 2010 • 1120
ომბუდსმენი თერჯოლის პანსიონის ბენეფიციარის გარდაცვალებას გამოეხმაურა

სახალხო დამცველი დღეს შშმ პირთა პანსიონში ერთ-ერთი ბენეფიციარის გარდაცვალებას გამოეხმაურა და სსიპ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს დირექტორს რეკომენდაციები გაუგზავნა.

ომბუდსმენის ოფისმა თერჯოლის რაიონის სოფ.ძევრის შშმ პირთა პანსიონში 1 აგვისტოს დაღუპული  ბენეფიციარის  გარდაცვალების მიზეზები შეისწავლა. კარლო აკობიას გარდაცვალების მიზეზი  გახდა ”პანსიონის მოსაზღვრედ მდინარე ძევრულაში ბენეფიციარის გადახტომა და დახრჩობა” – იუწყება ომბუდსმენის ოფისი.

საკითხის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს, რომ ბენეფიციარ კარლო აკობიას გარდაცვალებაში მნიშვნელოვანი როლი  დაწესებულების ტერიტორიის დაუცველობამ ითამაშა, რის გამოც ბენეფიციარმა მოახერხა ტერიტორიის დატოვება და მდინარეში გადახტომა.

”დაწესებულების ადმინისტრაციასთან და თანამშრომლებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ  1 აგვისტოს, სადილის შემდეგ, დაახლოებით 14:00 სთ–დან 14:30 სთ–მდე, ორი ბენეფიციარი – კარლო აკობია და მიხეილ წურწუმია გაიქცა მდინარე ძევრულას მიმართულებით. მათ შესაჩერებლად დაედევნენ მომვლელები და ექთანი, თუმცა ვერ აღკვეთეს ბენეფიციარების ქმედება და კ.აკობია გადახტა მდინარეში. ბენეფიციარის გადასარჩენად გაეშურა იმ დროს მდინარეში მობანავე სოფ.ძევრის ერთ–ერთი მაცხოვრებელი, რომელმაც შეძლო კ.აკობიას წყლიდან ამოყვანა გადახტომის ადგილიდან 50–60 მეტრის მოშორებით, თუმცა დაზარალებული იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და მიუხედავად პერსონალის მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა” – ასე აღწერს სახალხო დამცველის ოფისი თერჯოლის ინციდენტს დღეს გავრცელებულ პრესრელიზში.

ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს დირექტორს   თამარ მახარაშვილს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უზრუნველყოს სოფ. ძევრის შშმპ პანსიონის ტერიტორიის გარშემო დამცავი მესერის აშენება. ასევე, დაწესებულების პერსონალის რაოდენობის გაზრდა, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი