ნეტგაზეთი | თვითმმართველობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით თვითმმართველობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით – Netgazeti

თვითმმართველობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ პარლამენტს ცვლილებების   პროექტი ისე გაუგზავნა, რომ არ გაუთვალისწინებია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობის კომპეტენციასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ პარლამენტს ცვლილებების   პროექტი ისე გაუგზავნა, რომ არ გაუთვალისწინებია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობის კომპეტენციასთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მოსაზრებით, კონსტიტუციის კანონპროექტში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაწერა მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მმართველობის ეს საფეხური ხალხთან ყველაზე ახლოსაა. ვენეციის კომისიამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ურჩია, საკონსტიტუციო ცვლილებების საბაზისო ვარიანტში უფრო კონკრეტულად გაეწერა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებები.

მოქმედი კანონმდებლობით, თვითმმართველობების კომპეტენციას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს.

აღნიშნული კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა განსაზღვრულია, როგორც ”საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად”

საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციას მეშვიდე პრიმა თავი ემატება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება. მეშვიდე პრიმა თავში განსაზღვრულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ანგარიშვალდებული არიან თვითმმართველი ერთეულის  წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე.

ასევე, განსაზღვრულია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით და კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

ისეთი საკითხები, როგორებიცაა, საკუთარი (კანონით მინიჭებული) და დელეგირებული (ცენტრალური ხელისუფლების მიერ დროებით მინიჭებული) უფლებამოსილებები, ქონება და ფინანსები, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობა, უფრო დეტალურადაა გაწერილია იმ კანონებში, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირებას უშუალოდ არეგულირებს.

ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, ”ორგანული კანონის” ცნება უქმდება და ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონიც” ჩვეულებრივ კანონად გარდაიქმნება.

ორგანული კანონების მიღებას პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, ჩვეულებრივი კანონების მისაღებად პარლამენტის წევრთა 1/3-ის მხარდაჭერაც საკმარისია.

”ორგანული კანონები ადამიანების ძირითად უფლებებს შეეხება, რომელთა მიღებასაც პარლამენტის წევრთა ხმების დიდი უმრავლესობა სჭირდება. ასეთი კვოტა  სტაბილურობისთვის არის გამართლებული, რათა ადვილად არ შეცვალონ კანონები, რომლებიც მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს არეგულირებს,”- განმარტავს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

ხმალაძის აზრით, ახალ კონსტიტუციაში მკაფიოდ არ არის განმარტებული, რა უფლებები ექნებათ თვითმმართველობებს:

”კონსტიტუცია არაფერს გვეუბნება, რა უფლებები ექნება თვითმმართველობებს. ეს მინდობილი არის ჩვეულებრივ კანონზე, რომლის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე-ორგანული კანონის… კონსტიტუციაში (სახელმწიფოს უმაღლეს კანონში) ნათლად უნდა ჩაიწეროს, რა არის თვითმმართველობის უფლებამოსილებები.”

რაიონული დონის თვითმმართველობა ვერ დააკმაყოფილებს უმთავრეს პრინციპს-ხალხთან სიახლოვეს, რადგან რაიონი ძალიან დიდია პირველი დონის თვითმმართველობისთვის, იმავდროულად – ძალიან პატარა უფრო ფართო ფუნქციების შესასრულებლად, მიაჩნია ხმალაძეს.

”(ადგილობრივი თვითმმართველობა) საკმარისად გაძლიერებული არ არის… არ არის განსაზღვრული, თუ როგორი თვითმმართველობა გვექნება– ერთდონიანი, ორდონიანი თუ სამდონიანი. ახლა გვაქვს ერთდონიანი თვითმმართველობა- რაიონის საკრებულო და საკრებულოს მიერ არჩეული გამგეობა,”- ამბობს კონსტიტუციონალისტი. 

ხმალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო რწმუნებულები ხშირად ერევიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ ზედამხედველობითი ფუნქციები აქვთ:

”გუბერნატორს დანიშნავს პრემიერ მინისტრი. კონსტიტუციაში არ არის მითითებული, რა უფლებები ექნება გუბერნატორს. არ არის გამორიცხული, რომ ისეთი უფლებები მიეცეს, რომლებიც იმ შეზღუდულ და გაურკევევლ თვითმმართველობას არარად აქცევენ.”

გუბერნატორის დანიშვნის საკითხს ყურადღებას ვენეციის კომისიაც აქცევს:

”სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის დანიშვნა მხოლოდ  პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ჩართულობას ითვალისწინებს. გაუგებარია, რატომ არ არის სამთავრობო განხილვა სავალდებულო”- ვკითხულობთ კომისიის დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების მინიჭება გაზრდის თვითმმართველობების თავდაცვის ხარისხს. მეორე მხრივ, კონკრეტული საკითხები უნდა დარეგულირდეს საკონსტიტუციო პროექტში:

”იმის გათვალისწინებით, რომ ორგანული კანონის ცნება უქმდება, ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ჩვეულებრივი კანონი ხდება და ამდენად ის მნიშვნელოვანი პრინციპები, რაც 2005 წლის ორგანული კანონის მე–16 მუხლშია, უნდა დაემატოს კონსტიტუციის ამ თავს,”- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში. 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრ ზურაბ ჯიბღაშვილის აზრით, ”თვითმმართველობა რომ კონსტიტუციის დონეზე ამოვიდა, ეს ძალიან კარგია,” თუმცა შორსაა იმ აზრისგან, რომ ეს საკმარისია  დაბალანსებული თვითმმართველობის მისაღებად:

”რამდენიმე ძირითადი მიმართულებით შეიძლებოდა მუშაობის გაგრძელება… უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო უფლებების გაწერა, უფრო მეტი საშუალება, რესურსი უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის ეკონომიკური მხარის უზრუნველსაყოფად. უნდა განსაზღვრულიყო თვითმმართველობის დონეები, უნდა განსაზღვრულიყო თვითმმართველობის სტრუქტურა ძალიან ზოგად დონეზე.”

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტს 2010 წლის 20 ივლისს წარუდგინეს. ამჟამად საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო საბჭო, რომლის თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძეა.

საყოველთაო განხილვები მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება, სექტემბერში კი საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს. ამჟამად განხილვების საორგანიზაციო საბჭო საქართველოს რეგიონებში მართავს შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი