სამართალი

პასუხის პასუხი სვანეთის სპეცოპერაციის გამო

16 ივლისი, 2010 •
პასუხის პასუხი სვანეთის სპეცოპერაციის გამო

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია,- ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი”, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” შსს-ს 14 ივლისის განცხადებას პასუხობს, ხოლო პრეზიდენტს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

14 ივლისის განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა. შსს-ს განცხადებით, არასამთავრობოები იმ საერთო ძალისხმევას არ უერთდებიან, რომელსაც სახელმწიფო კორუფციის აღმოსაფხვრელ ბრძოლაში იყენებს.

საქმე ეხება მესტიაში 7 ივლისს ჩატარებულ სპეცოპერაციას. 10 ივლისს ოთხმა არასამთავრობო ოგანიზაციამ ერთობლივი მიმართვის წერილი დაწერა. წერილში ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება და პოლიტიკური მოსაზრებებიდან თავისუფალი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. 

NGO-ები შსს-ს საპირისპიროდ განმარტავენ, რომ ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს ძალისხმევას, –  ებრძოლოს უკანონობას და კორუფციას ქვეყანაში.

არასამთავრობოები ყურადღებას ორ საკითხზე ამახვილებენ,-  გამოძიების ჩატარების პროცედურებსა და ვადებზე და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.

შსს-ს 14 ივლისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადელი ინვესტორის წარმომადგენელმა დავით ქუხილავამ  2010 წლის 2 ივლისს განცხადებით მიმართა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს 1 ივლისს მასზე განხორცილებული გამოძალვის ბრალდებით. შსს-ს მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და უკვე 7 ივლისს განხორციელდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დააკავეს ოთხი ადამიანი.

,,გამოდის, რომ შსს-მ დაზარალებულის მიმართვიდან 5 დღის ვადაში შესძლო დაეწყო და დაესრულებინა სპეცოპერაცია – მოეპოვებინა სხვადასხვა სახის მტკიცებულებები (მათ შორის, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები), დაეგეგმა სპეცოპერაცია და წარმატებით განეხორციელებინა იგი’’,- წერია NGO-ების საპასუხო წერილში.

ამის საპირისპიროდ, არასამთავრობოებს მესტიის 3 მაისის მოვლენები მოყავთ და ამბობენ, რომ 3 მაისს მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გამოძიება დღესაც არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე მოწმის ჩვენება და მოვლენის ამსახველი ვიდეო მასალა, სამართალდამცავებმა მოწმეების დაკითხვა მხოლოდ თვენახევრის შემდეგ დაიწყეს.

ფაქტების შეპირისპირების საფუძველზე  NGO-ები ფიქრობენ, რომ გამოძიების ჩატარების პროცედურებსა და ვადებს სახელისუფლებო ინტერესი განსაზღვრავს.

,,ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ხომ არ უკავშირდება ძალოვანი უწყებების ამგვარი დაინტერესება დაკავებული საკრებულოს წევრის პოლიტიკურ აქტიურობას წინასაარჩევნო პერიოდსა და საკრებულოს წევრობის დროს?!’’

წერილში საუბარია უდანაშულობის პრეზუმფციაზე. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ისეთი განცხადებები კეთდება, რომლებიც არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს. მაგალითად  NGO-ებს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მოყავთ. გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა უცხოელ ინვესტორებთან წილში ჩაჯდომის გამო, დაკავებულებს „მრავალი შემდგომი  წლის განმავლობაში.…საქართველოს ევროპული რანგის საპატიმროებში” ყოფნა უწინასწარმეტყველა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიებაში არსებული ყველა მტკიცებულების სრულ ხელმისაწვდომობას ითხოვენ. მათ შორის, ტელეკომპანიების– „რუსთავი 2-ის” და „იმედის”– საშუალებით გავრცელებული ვიდეო მასალის დაუმონტაჟებელ, სრულ ვერსიას, არსებულ სატელეფონო ჩანაწერებს და კანადელი ინვესტორის საკონტაქტო ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი