სამართალი

შსს: არასრულწლოვანის მკვლელობა გახსნილია

13 ივლისი, 2010 • 1251
შსს: არასრულწლოვანის მკვლელობა გახსნილია

17 წლის ნიკა ხურციძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დაკავებულია. მათ ჯგუფურად დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად. კიდევ ერთ პიროვნებას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.

გამოძიების მიხედვით, ნიკა ხურციძე 2010 წლის 7 ივლისს ქუთაისის მეთხუთმეტე საჯარო სკოლის საქვაბის ტერიტორიაზე მისმა თანატოლებმა განზრახ მოკლეს. გარდაცვლილის ცხედარი სამი დღის ძებნის შემდეგ იპოვეს.

საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) მიმდინარეობს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ეჭვმიტანილებმა დანაშაული აღიარეს. 

აღიარების მიხედვით, ჯგუფურ მკვლელობაში ეჭვმიტანილები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. დაკავებულები აღიარებენ, რომ ნიკა ხურციძე სახლიდან მათ გამოიყვნაეს და მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.  17 წლის ნიკა ხურციძეს ცივი იარაღით 36 ჭრილობა დაკავებულთაგან ორმა მიაყენა. 

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მოზარდებს ან 20 წლიანი პატიმრობა, ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი