სამართალი

პატიმრებისგან ფულის გამოძალვის ბრალდება

9 ივნისი, 2010 • 1764
პატიმრებისგან  ფულის გამოძალვის ბრალდება

უკვე მესამე თვე დაიწყო, რაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან ბათუმის ციხის ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილეები. პროკურატურის მტკიცებით, ისინი  პატიმრებს ფულს სძალავდნენ.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბათუმის #3 საპყრობილის ყოფილი უფროსი ჯუმბერ ზაქარაძე, მისი მოადგილეები – ზვიად ვაშაკიძე და ალეკო შველიძე 9 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის, ანუ გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გასულ კვირას კი ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობის ვადა დაკავებულებს კიდევ ერთი თვით გაუგრძელდათ.

 ბრალდებულების საქმეს პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდ) იძიებდა, მოგვიანებით კი საქმე მთავარ პროკურატურას გადაეცა, ამიტომაც დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიება თბილისში შეუფარდეს.

 ჯუმბერ ზაქარაძე, რომელიც მისი ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, მესამე საპყრობილის პატიმრის, ვინმე თემურ ტაკიძის ჩვენების საფუძველზეა დაპატიმრებული, ბრალდებას უარყოფს. ადვოკატის მტკიცებით, ციხეში ეს პატიმარი თაღლითობდა და როცა მას პასუხი მოსთხოვეს, თავის გადარჩენის მიზნით, თქვა, რომ თითქოს ციხის უფროსის დავალებით სძალავდა პატიმრებს ფულს:

 “თემურ ტაკიძე, რომელიც მთავარ მოწმედ ჰყავს პროკურატურას, თაღლითობისთვის იხდის სასჯელს და მას 30-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. პატიმრობის დროს თბილისში შეძენილი აქვს სახლი, მანქანები. ძალიან დიდი ქონება დააგროვა ციხეში ყოფნისას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ამას გარკვეულ დროში დავადასტურებ”.

 დავით ჩოფიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდებას საკმარისი მტკიცებულება არ გააჩნია და ერთი მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად, მით უფრო, როცა ეს მოწმე პატიმარია. ადვოკატის ინფორმაციით, ყველა პატიმარი, რომლებიც გამოძიებამ დაკითხა, ამბობს, რომ ფულს თემურ ტაკიძე ითხოვდა.

 საუბარია 2007-2008 წლებზე, როცა ზაქარაძე ბათუმის ციხის უფროსი იყო, ალეკო შველიძე და ზვიად ვაშაკიძე კი – მისი მოადგილეები. გამოძიების ვერსიით,  დაკავებულებს პატიმრებისგან სულ 4-დან 10 ათას დოლარამდე აქვთ მითვისებული.

ალეკო შველიძის ადვოკატი ალეკო ალადაშვილი “ბათუმელებთან” კომენტარს არ აკეთებს. თავად შველიძე კი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, როგორც აბაშიძის, ისე ახლანდელ ხელისუფლებაში. აბაშიძის დროს ის აჭარის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო, შემდეგ კი – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ალეკო შველიძის სახელს უკავშირდება დევნილების გასახლება სასტუმროებიდან.

 ალეკო შველიძე მესამე საპყრობილეში უფროსის მოადგილედ სწორედ დევნილების გასახლების პროცესის დასრულების შემდეგ დანიშნეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი