სამართალი

რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული მწყემსის ბედი კვლავ გაურკვეველია

4 ივნისი, 2010 • 1478
რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული მწყემსის ბედი კვლავ გაურკვეველია

გუშინ საღამოს სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში ორი ქართველი ეგრეთ წოდებულმა რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. კირბალის მაცხოვრებლები დიმიტრი და ნუგზარ თაყაძეები საქონელს მწყემსავდნენ. პირუტყვი ტყეში ღრმად შევიდა. ამ ტერიტორიას კი ოსური და რუსული შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

 თაყაძეები საქონლის შემობრუნებას შეეცადნენ, თუმცა მათ რუსი  მესაზღვრეები შეხვდნენ.  თავიდან ორივე მწყემსის დაკავება მოხდა, თუმცა მოგვიანებით დიმიტრი თაყაძე  გაათავისუფლეს, ნუგზარ თაყაძე კი ცხინვალში გადაიყვანეს.  გათავისუფლებულმა ამბავი თანასოფლელებს შეატყობინა. დიმიტრი თაყაძის თქმით, რუსი ჯარისკაცები მათ ფოტოებს უღებდნენ და ეკითხებოდნენ ტყეში შესვლის მიზეზს.

ეს სოფელ კირბალის ტყეში ადამიანების დაკავების პირველი შემთხვევა არ არის , რამდენიმე თვის წინათ ამ ტყიდან, სანადიროდ წასული ბიძა–ძმისშვილი ვაჟა და ბექა თაყაძეები, წიყვანეს. მათი გათავისუფლების შესახებ ოსურ მხარესთან მოლაპარაკებას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგიც მართავდა, მაგრამ უშედეგოდ. ჰამარბერგის მიერ მხარეებთან მიღწეული მემორანდუმით, ის პირები, რომლებიც შემთხვევით გადაკვეთენ ეგრეთ წოდებულ საზღვარს, დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ეს მემორანდუმი ნაწილობრივ სრულდება, რიგ შემთხვევაში ოსური მხარე დაკავებულებს სწრაფად ათავისუფლებს, მაგრამ უფრო მეტ შემთხვევაში დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავთ.  

კირბალის მოსახლეობა დიდი ხანია, შიშით ტყეში ვეღარ შედის. არადა, ზამთრისთვის შეშის მომარაგება ყველას უნდა. სოფლის რწმუნებულის, გიორგი შიუკაშვილის განცხადებით, კირბალელებმა, რომლებიც მიმდებარე ტყით საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდნენ, დღეს აღარ იციან, შესვლა სადამდე შეიძლება.

 თაყაძეების გათავისუფლების საქმეში ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლები არიან ჩართულნი, თუმცა ვერავინ ამბობს, როდის გამოუშვებს ოსური მხარე დაკავებულ მწყემსს. კირბალელები კი სოფელში უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ  ტყეში მყოფი რუსები სოფელშიც დაუბრკოლებლად შევლენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი