25 აპრილს 75-ე საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომაზე წესისამებრ თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი უნდა აერჩიათ. სხდომას ბათუმის საარჩევნო ოლქის წარმომადგენლები – დავით გეგიაძე და ირაკლი გვარჯალაძეც ესწრებოდნენ. კომისიის ერთ-ერთი წევრის, თამარ ართილაყვას თქმით, “უბანზე სიტუაციის დაძაბვა მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლის – ეკა ჩილაჩავას კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრის შედეგებმა გამოიწვია.
მის სასარგებლოდ ხელი მხოლოდ პოლიტიკურმა გაერთიანებამ – “ჩვენ თვითონ” და “მრეწველების” წარმომადგენლებმა ასწიეს. “რესპუბლიკელების”, “კონსერვატორების” და “ლეიბორისტების” წარმომადგენლებმა კი ჩილაჩავას მხარი არ დაუჭირეს. ხმები სამით სამზე გადანაწილდა. გამომდინარე აქედან, უბანზე მდივანი ვეღარ აირჩიეს”.
პარტიების წარმომადგენლების თქმით, “ამ გარემოებამ ბათუმის ოლქის წარმომადგენელი – დავით გეგიაძე გააღიზიანა. ამას მოჰყვა პირდაპირი და ღია ზეწოლა “კონსერვატორების” წარმომადგენელზე”. “რესპუბლიკელების” წარმომადგენლის თქმით,
ბათუმის საარჩევნო ოლქის წევრმა მაია ფარტენაძეს ღიად დაავალა დასახელებული კანდიდატურისთვის მხარი დაეჭირა.
თამარ ართილაყვას (კომისიის წევრი “რესპუბლიკელებიდან”) მონათხრობით, “ფარტენაძის კატეგორიული უარის შემდეგ უკვე არჩეულმა კომისიის თავმჯდომარემ მას მობილური ტელეფონის ნომერი გამოართვა და თან გააფრთხილა, რომ ხუთ წუთში დაურეკავდნენ. ამის შემდეგ გეგიაძემ შესვენება გამოაცხადა და ირაკლი გვარჯალაძესთან ერთად უბნიდან გავიდა”.
– “რამდენიმე წუთში ზარი მართლაც განხორციელდა, ტელეფონი ხმამაღალ მოსმენაზე ჩავრთე, რომ საუბარი მაია ართილაყვასა და მერაბ ღოღობერიძესაც მოესმინათ. უცნობმა ადამიანმა განმიმარტა, რომ მას არ ვიცნობდი. ის იყო “კონსერვატორების” წევრი, დავით ბაციკაძის მეგობარი და ჩემთან გასაუბრება სურდა, ამიტომ უბნიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით უნდა გავსულიყავი. გამიჩნდა ეჭვი, რომ გეგიაძე მელაპარაკებოდა, მისი ხმა მეცნო. 5 წუთში მერაბ ღოღობერიძემ ჩვენს წარმომადგენლებს დაურეკა, ასე რომ არ შემშინებია”, – განაცხადა მაია ფარტენაძემ “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში.
ბათუმის 75-ე საარჩევნო ოლქი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ხახულის ქუჩაზე ე.წ. “თხილის ქარხნის” ტერიტორიაზე მდებარეობს. როგორც დავით ბაციკაძემ გვიამბო, ადგილზე გასულ კონსერვატორების ლიდერს საარჩევნო უბნიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით შემდეგი სურათი დახვდა: “მაია ფარტენაძესთან ერთად იმყოფებოდნენ დავით გეგიაძე და ირაკლი გვარჯალაძე. ისინი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებისგან “ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატის მხარდაჭერას ან იმავე პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას ითხოვდნენ”.
ბაციკაძის განცხადებით, “ეს არის პირდაპირი ზეწოლა საუბნო საარჩევნო კომისიაზე. გასაგებია, ვითომ ოპოზიციური პარტიები – “ქრისტიანდემოკრატები”, “მრეწველები” და “ჩვენ თვითონ” ერთად არიან და თავისთავად ერთად მოქმედებენ.
უნდოდათ, ზეწოლით აერჩიათ კომისიის მდივანი და შემდეგში სათქმელად ექნებოდათ, რომ უბანზე მდივანი ოპოზიციამ აირჩია”. მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ სხდომა 5 საათისთვის გადაიდო. ღოღობერიძის თქმით, “დათქმულ დროს უბანში ისევ შეიკრიბნენ. ამჯერად სამი ხმით ერთის წინააღმდეგ კომისიის მდივნად “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელი – ეკა ჩილაჩავა მაინც აირჩიეს. მაია ფარტენაძე და “რესპუბლიკელების” წარმომადგენელი – თამარ ართილაყვა სხდომაზე აღარ გამოცხადებულან”.
მაია ფარტენაძემ საერთოდ უარი თქვა კომისიაში მუშაობაზე. ფაქტთან დაკავშირებით მერაბ ღოღობერიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა ბათუმის #79 საოლქო საარჩევნო კომისიამ. მას ამ სხდომის მიმდინარეობა მობილური ტელეფონით აქვს გადაღებული.
ბათუმში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ქრთამის შეთავაზების მეთოდებზე საუბრობს “ალიანსის” მაჟორიტარი კანდიდატი სულხან ღლონტი.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე უბანზე “ალიანსის” წარმომადგენლებს ე.წ. პრემია შესთავაზეს: “ამას ძალიან ფრთხილად აკეთებენ, მაგალითად, ეკითხებიან ჩვენი ალიანსი პრემიას თუ იხდის. შემდეგ, სხვათა შორის, ეუბნებიან, რომ მათი პარტია პრემიებს ურიგებს და თუ თქვენი პარტია არ გთავაზობთ ფულს, ჩვენ შეგვიძლია თქვენი პრემიებით უზრუნველყოფაო.
თუ კომისიის წევრი არ არის პრინციპული, მას უკვე კონკრეტულ თანხას უსახელებენ.
თუ ვინმე ამას გააპროტესტებს, ეუბნებიან, რომ ისინი, უბრალოდ, საუბრობდნენ პრემიაზე, რომელსაც თავიანთ პოლიტიკური პარტია სთავაზობს”. “კონსერვატორების ” საჩივარს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში განიხილავს.