საზოგადოებასამართალი

რატომ არის აუცილებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა?

17 ოქტომბერი, 2022 • 2464
რატომ არის აუცილებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა?

გიორგი ბერიძე (სახელი და გვარი შეცვლილია) ქუჩაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. იგი ადმინისტრაციული წესით 24 საათი იყო დაკავებული. 

სასამართლო სხდომაზე, სამართალდარღვევის ოქმისა და ამ ოქმის შემდგენი პოლიციელის ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება (ვიდეოჩანაწერი, მოწმის ჩვენება) წარმოდგენილი არ ყოფილა.  

მოსამართლემ იგი პასუხისგებაში ისე მისცა, დაკავების კანონიერება არც კი შეუსწავლია. 

გიორგი ბერიძეს სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 1 დღის ვადით და ის მოხდილად ჩაუთვალა წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული დროის გამო.  სხდომა 10 წუთი გაგრძელდა.

 

რატომ არის ეს საქმე პრობლემური?

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში 1984 წელს არის მიღებული, შეუსაბამოა როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე ევროპული კონვენციით დადგენილ ადამიანის უფლებების სტანდარტთან.

„არ შეიძლება პატიმრობა დაეკისროს ადამიანს დაბალი ხარისხის მტკიცებულებების საფუძველზე, როგორიცაა სამართალდარღვევის ოქმი და მისი შემდგენი პოლიციელის ახსნა-განმარტება. ოქმი ტექიკური დოკუმენტია და არ შეიძლება მას სხვა მტკიცებულება არ ამყარებდეს. ეს განსაკუთრებული პრობლემაა“, – ამბობს გურო იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის, მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი.

უკვე წლებია  საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში აფიქსირებს იმ პრობლემებს, რაც მუდმივად  იკვეთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას. ამ საქმეზე დავა მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოშიც, რომელსაც ომბუდსმენის ოფისმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

კოდექსში სამართალდამრღვევად ცნობისთვის კონკრეტული მტკიცებულებითი სტანდარტისა და მტკიცების ტვირთის არარსებობა განაპირობებს პირის სამართალდამრღვევად ცნობას სამართალდარღვევის ოქმის და ამავე ოქმის შემდგენი პოლიციელის ზეპირი განმარტების საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებების უმრავლესობა დაუსაბუთებელია და შაბლონური ხასიათი აქვს.

ყველა მტკიცებულება მოპოვებულია ერთი ორგანოს/პირის მიერ და მტკიცებულებათა ერთობლიობა მხოლოდ ფორმალურად არსებობს“, – აღნიშნულია ომბუდსმენის ოფისის მიერ მომზადებულ და სასამართლოსთვის გაგზავნილ დოკუმენტში.


პოლიციის მოთხოვნისა და დაკავების კანონიერების შემოწმება

თქვენ შეიძლება პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით უკანონოდ დაგაკავოთ, თუმცა საქმის განმხილველი მოსამართლე არ  შეამოწმებს დაკავების კანონიერებას. მოსამართლე ასევე არ შეამოწმებს პოლიციელის მოთხოვნის კანონიერების საკითხს. 

გურო იმნაძის შეფასებით, ეს პრობლემურია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინსიტრაციული დავების ნაწილს, საბოლოო ჯამში, მოჰყვება სისხლის სამართლებრივი ხასიათის სანქცია, პატიმრობა.  

„დაკავებისას პოლიციის კონტროლის ქვეშ ადამიანმა შეიძლება ხელი მოაწეროს რაიმე დოკუმენტს, ან აღიაროს, რომ თითქოს ჩაიდინა დარღვევა, როცა არც ჩაუდენია. სასამართლო პროცესზე მოსამართლე არც განიხილავს ამ საკითხს. ეს წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებთან. ასეთი პრაქტიკა და კანონმდებლობა ძალიან პრობლემურია“, – აღნიშნავს იგი.

იმავე აზრზეა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე. მისი თქმით, წლებია სახალხო დამცველის ოფისი ამ ნორმის შეცვლას ითხოვს.

„დაკავების კანონიერებას სისხლის სამართლის პროცესში ამოწმებს მოსამართლე, ეს აუცილებელია ადმინისტრაციულ დავებშიც. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირებს არ ჰყავთ ადვოკატი, პროცესები სწრაფად მიმდინარეობს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოსამართლეებს დამატებით ვალდებულებას უჩენს, რომ პროცესები სამართლიანად წარიმართოს“, – აცხადებს ბურჯანაძე.

 

მტკიცების ტვირთის არარსებობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ადმინსიტრაციულ ორგანოს არ აქვს. 

სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებული სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე პირის პასუხისგებაში მიცემა მტკიცების ტვირთს მოქალაქეს აკისრებს. ეს ნორმა კი სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევს.

გამოდის, რომ სრულიად დაუცველი ვარ და მტკიცების ტვირთის ვალდებულება მე მაქვს. უნდა ვამტკიცო, რომ დანაშაული არ ჩამიდენია, პოლიციელი პირიქით, მივა და მის სიტყვას მეტ წონას აძლევს სასამართლო. ისეთი კოდექსია, რომ სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან არის შეუსაბამო“, – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ორგანიზაციის მიერ მომზდებული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც კოდექსის პრობლემურ ნაწილებს მომოიხილავს, „ბრალმდებლის მხარის არარსებობა სისხლისსამართლებრივი ბუნების სამართალდარღვევების განხილვისას ლახავს სასამართლოს მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის პრინციპს, რადგან, რეალურად, მოსამართლე ითავსებს ბრალმდებლის ფუნქციას“.

გურო იმნაძის თქმით, მოსამართლე მაინც ითვალისწინებს სამართალდამცავის სიტყვიერ ჩვენებას, რაც შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს სხვა მტკიცებულებებთან:

„ეს სერიოზული პრობლემაა, ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს, ევროპული კონვენციით დადგენილ ადამიანის უფლებების სტანდარტს და ასე შემდეგ“

 

რატომ არის საჭირო კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა?

გიორგი ბურჯანაძის აზრით, კოდექსი და კანონი იმისთვის გვჭირდება, რომ მან მაქსიმალურად გამორიცხოს უფლებების დარღვევა და სახელმწიფოს ინტერესის მიღწევა შესაძლებელი იყოს. მისი აზრით, ეს შეუძლებელია არსებული კოდექსის პირობებში.

„ეს კოდექსი არის საბჭოთა კავშირის დროს დაწერილი. შემდეგ მასში რაღაც ცვლილებები შევიდა, მაგრამ ნორმატიულადაც გაუმართავია – სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამოა.

კოდექსი გვაქვს, რომელშიც საბჭოთა ტერმინები წერია, ამხანაგური სასამართლოები და ათასი რამ. ასე რომ, თავისი არსით სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიულ წესრიგთან“, – განმარტავს ბურჯანაძე.

გურო იმნაძის განცხადებით, ამ კოდექსის საფუძველზე, დღეს თითოეული მოქალაქე შეიძლება დაუსაბუთებელი და შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი გახდეს: ათასობით ლარის ჯარიმა ან რამდენიმეკვირიანი პატიმრობა ნებისმიერ პირს შეიძლება შეეფარდოს იმის გამო, რომ პოლიციას ასე მოუნდა, ყოველგვარი სამხილისა და მტკიცებულების გარეშე.

„ეს პრობლემაა მოქალაქეებისთვის. მეორე მხრივ, ძალიან ბევრი სარჩელი შეიძლება გაიგზავნოს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში მსგავს საქმეებზე. 

საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსაც უკან უბრუნდება ასეთი კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული მართლმსაჯულება. არავისთვის არის კარგი, რაც ხდება. 

შერჩევითი მართლმსაჯულება ნდობას უკარგავს პოლიციასაც და მის რეპუტაციასაც სერიოზული ზიანი ადგება. ამიტომ, ყველა დონეზე სასარგებლოა და საჭირო ამ კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა“. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, რეფორმის განუხორციელებელი მცდელობების პარალელურად, არსებული კანონმდებლობის მოქმედება ყოველდღიურად იწვევს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. 

„ყოველწლიურად მაღალია ადმინისტრაციული დაკავებისა და პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი: ის პირები, ვისაც ამ კანონმდებლობის საფუძველზე შეხება უწევს პოლიციასა და სასამართლოსთან, ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

შესაბამისად, სამართალდარღვევათა კანონმდებლობას სჭირდება სიღრმისეული რეფორმა, რომელიც ყველა იმ გამოწვევას უპასუხებს, რაც წლებია იდენტიფიცირებულია და თქვენმა მონიტორინგმაც დაადასტურა“, – აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე.


სტატია მომზადდა ნეტგაზეთის მიერ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) პროექტის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშეწყობა) ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული სამართლის უზენაესობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები ორგანიზაციების შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი