სამართალი

ბანკზე თავდასხმის 10 შემთხვევა ბადრი ესებუას შემდეგ

20 სექტემბერი, 2022 • 2892
ბანკზე თავდასხმის 10 შემთხვევა ბადრი ესებუას შემდეგ

მას შემდეგ, რაც 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში ბადრი ესებუამ „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა და მიღებულ თანხასთან ერთად მიიმალა, მისი ნამოქმედარის გამეორება არაერთმა ადამიანმა სცადა. ესებუას შემდეგ დღემდე „ნეტგაზეთმა“, სულ მცირე, 10 შემთხვევა დათვალა, რა დროსაც ადამიანები ბანკზე თავდასხმას შეეცადნენ.

  1. 2020 წლის 22 ოქტომბერს ქობულეთში ინკასატორი გაძარცვეს.  შემთხვევა „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრის მიმდებარედ მოხდა. ბრალდებული, რომელიც პოლიციამ ორი დღის შემდეგ დააკავა, გამოძიების ვერსიით, თავს დაესხა შპს “დაირექტ დებიტ ჯორჯიას” ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული – 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
  2. 2020 წლის 20 ნოემბერს ერთი პირი შეიჭრა თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და პოლიციის განცხადებით, 17 პირი აიყვანა მძევლად. ბრალდებული, რომელიც პოლიციამ იმავე დღეს დაკავა, თანხას არ ითხოვდა. მისი მოთხოვნები იყო: აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესება და მედიკამენტების ფასის კლება.
  3. 2020 წლის 27 ნოემბერს კი შეიარაღებულმა პირმა თბილისში, „საქართველოს ბანკის“ დიღმის  ექსპრეს ფილიალიდან 10 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა გაიტაცა და ადგილიდან მიიმალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.
  4. 2021 წლის 29 იანვარს შეიარაღბული პირი ქუთაისში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და პისტოლეტის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა. თუმცა უწყება აღნიშნავდა, რომ თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა და ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
  5. 2021 წლის 15 აპრილს კი  ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკში“ ერთი პირი შეიჭრა და მძელვად 7 ადამიანი აიყვანა. შსს-ში აცხადებდნენ, რომ ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.
  6. 2021 წლის 19 მაისს კი ქუთაისში სცადეს „საქართველოს ბანკის“ ფილიალის გაქურდვა. ბრალდებული პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
  7. 2021 წლის 9 სექტემბერს „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე მოხდა თავდასხმა. თავდამსხმელმა დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნით მძევლად 13 ადამიანი აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა  მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.
  8. 2021 წლის 23 ნოემბერს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ყაჩაღობის მიზნით ერთი პირი შეიჭრა, თუმცა განზრახვა ვერ აისრულა და მიმალვა სცადა. ბრალდებული პოლიციამ დააკავა.
  9. 2022 წლის 1 აპრილს ორი პირი აფრიკის დასახლებაში მდებარე  „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა. ბრალდებულები მეორე დღეს პოლიციამ დააკავა.
  10. 2022 წლის 10 ივნისს თავდასხმა მოხდა „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალზე. თავდამსხმელმა იარაღის მუქარით მოლარეს მოსთხოვა თანხა, უარის შემდეგ კი იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული პირი პოლიციამ დააკავა.

დღეს, 20 სექტემბერს, ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელს მძევლად 12 მოქალაქე ჰყავს აყვანილი. პოლიციის თქმით, სამართალდამცავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. გამტაცებელი 2 მლნ დოლარს ითხოვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი