სამართალი

ღამის ბურუსის პატიმრები

30 აპრილი, 2010 • 1995
ღამის ბურუსის პატიმრები

“პოლიტიკური პატიმარი” იურიდიული ტერმინი არ არის. არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა ასეთი სახის ტერმინს სამართლებრივად არ განმარტავს.

პოლიტიკური პატიმრები ასოცირდებიან ტუსაღებთან, რომლებმა მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებულ პოლიტიკურ მოძრაობებში, პარტიზანულ ომებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა სახის კონფლიქტებში. 

პოლიტიკურ პატიმრად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი, რომელიც დაადანაშუალეს სახელწიფოს წინააღმდეგ მიმართულ გადატრიალებასა ან ტერორიზმში და დააკავეს, ახლა კი ელოდება, როდის მიანიჭებს მისი ქვეყნის კანონმდებლობა მის ქმედებას სათანადო იურიდიულ კვალიფიკაციას.

საბჭოთა კავშირში, იმისათვის, რომ პოლიტიკური პატიმრები დაეკავებინათ, ორმაგ ფსიქიატრიულ დიაგნოზს იყენებდნენ, ნაცისტურ გერმანიაში კი, ფაშისტური რეპრესიების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები “ღამისა და ბურუსის” (“Night and Fog Prisoners”) პატიმრები იყვნენ; ჩრდილოეთ კორეაში, მთავრობის დამხობის წინააღმდეგ ეჭვმიტანილი ადამიანების ოჯახების ყველა წევრი დააკავეს. 

ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია  Amnesty International “პოლიტიკური პატიმრის” ზოგადი განმარტება გააჩნია. ის მოიცავს ყველა სახის სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც მოხდა პოლიტიკური მოტივით ან ცხადი პოლიტიკური კონტექსტით.  

ორგანიზაცია Amnesty International-ი სახელმწიფოებს არ ავალდებულებს, რომ მათ ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლონ (რასაც გულისხმობენ ქვეყნები ამ ტერმინში), არც იმას ეუბნება, რომ მთავრობები ასეთ პატიმრებს განსხვავებულად მოექცნენ. თუმცა, Amnesty International -ი თვლის, მთავრობები ვალდებულები არიან, ასეთი პატიმრების გასამართლებისთვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით სამართლიანი გარემო უზრუნველყონ,.

 Amnesty International მკაცრად ემიჯნება პოლიტიკური პატიმრების  წამებას – იმისგან დამოუკიდებლად, იქნება მათ მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკური თუ სისხლის სამართლის.     

საქართველოში პოლიტიკური პატიმრის განმარტების საჭიროება კიდევ ერთხელ 2008 წელს დადგა, როცა  “ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ საქართველოთი დაინტერესდა. ორგანიზაციამ სამი ექსპერტი მოავლინა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეხელმძღვანელათ აზერბაიჯანის მაგალითით.

აზერბაიჯანსა და სომხეთს პოლიტიკური დევნის კრიტერიუმების შერჩევაში ევროსაბჭოს ექსპერტები 2001 წელს დაეხმარნენ და გადაწყვიტეს, რომ “ადამიანი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს პირადი თავისუფლება, პოლიტიკური პატიმარია თუ მისი:

ა) დაკავება მოხდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის დარღვევით;

ბ) დაკავება აშკარად იყო დაკავშირებული პოლიტიკურ მიზეზებთან და არ უკავშირდებოდა სხვა სახის უფლების დარღვევას;

გ) პოლიტიკური მოტივების გამო, დაკავების ხანგრძლივობა და პირობები არ შეესაბამება იმ დანაშაულს, რაც დაკავებულმა ჩაიდინა.

დ) პოლიტიკური მოტივების გამო, ადამიანი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებოდა სხვა პატიმრებთან შედარებით.

ვ) დაკავების პროცედურები აშკარად არასამართლიანია, ეს ფაქტი კი პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდება მთავრობის მხრიდან.

“ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ პირველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელმაც 2009 წელს საქართველოში პოლიტპატიმრების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ფედერაციის პოლიტპატიმრების სიაში საქართველოდან  19 ადამიანი შევიდა: ნორა კვიციანი, ჯონი ჯიქია, რევაზ კლდიაშვილი, შალვა რამიშვილი, მაია თოფურია(ასევე მასთან ერთად დაკავებული 11 პირი), დემურ ანთია, ომარ ქუცნაშვილი და მერაბ რატიშვილი.

ამ ჩამონათვალიდან რამდენიმე  პატიმარმა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა.  ორმა – შალვა რამიშვილმა და ნორა კვიციანმა საქმე მოიგეს და საქართველოს მთავრობამ მათ ევროპის სასამართლოს მიერ დაკისრებული ფულადი კომპენსაცია აუნაზღაურა.

მერაბ რატიშვილის საქმე ჯერ ან განხილულა. მან ევროსასამართლოში სარჩელი 2009 წლის 2 ივნისს შეიტანა. ამჟამად რატიშვილი სასჯელს რუსთავის საყრობილეში იხდის, ევროსასამართლოში გაგზავნილ საჩივარში კი უწერია, რომ მის წინაშე დაირღვა ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მთელი რიგი მუხლები, მათ შორისაა, სამართლიანი სასამართლოს უფლება,  წამება და მოწმის ყოლის უფლება.

ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი 2007 წლის მეორე ნახევრისა და 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშებში საუბარობს პოლიტიკურ დევნასა და ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ ტენდენციებზე. ანგარიშის მიხედვით, ორივე პერიოდი გამოირჩეოდა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების დევნითა და მათ მიმართ რეპრესიების გატარებით, ასევე ხშირი იყო მათზე თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები. ანგარიში მიხედვით, ასევე განსაკუთრებით ხშირი იყო იმ პირთა დევნის, ცემისა და დაპატიმრების შემთხვევები, რომლებიც მონაწილეობდნენ 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის საპროტესტო აქცია-მანიფესტაციებში, ან რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები ან აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.

სუბარი ჟურნალისტებთან საუბარში არ ერიდებოდა ტერმინ “პოლიტიკური პატიმრების” გამოყენებას.

ახლანდელი სახალხო დამცველი არ იყენებს  ტერმინს  “პოლიტიკური პატიმრები”. გიორგი ტუღუში ამბობს, რომ “პოლიტპატიმარი” სამართლებრივი ცნება არ არის და ასეთად ადამიანის აღიარება ვერ იქნება სამართლებრივი ბერკეტი.

ქართული კანონმდებლობაში არ არის მუხლები, სადაც იქნებოდა საუბარი “პოლიტიკურ” სისხლის სამართლის დანაშაულზე. თუმცა, ზოგიერთი სისხლის სამართლის დანაშაული შეიძლება დახასიათდეს, როგორც პოლიტიკური. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდეექსის 323-ე მუხლი ამბობს, რომ: „(…)ქმედება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

ქართული კანონმდებლობა ასევე არ აძლევს უფლებას სახალხო დამცველს, რომ კანონიერ ძალაში შესულ საქმეს გადახედოს. ამიტომ, ტუღუში ამბობს, რომ იმ ხალხს, ვინც თავს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს,  „ხშირად ურჩევს“ ევროსასამართლოში ეძებონ სამართლიანობა.

“რა უფრო მნიშველოვანია ჩემთვის: რაღაც სტატუსი მივანიჭო ადამიანს, რომელსაც ის ვერსად გამოიყენებს – იგივე ევროსასამართლოში, თუ სამართლებრივ დარღვევებზე მივუთითო?” – კითხულობს ტუღუში.

ევროსასამართლო არ იყენებს ტერმინ “პოლიტიკურ პატიმარს”. (იგივე მოხდა შალვა რამიშვილის საქმის დროს, როცა სასამართლომ არ კუთხით საქმე არ განიხილა).

“ნეტგაზეთის” თებერვალში ჩაწერილ ინტერვიუში ტუღუში იმ ხალხს, ვინც თავის თავს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, ტუღუში  “უკანონო პატიმრებად” მოიხსენიებს და ამბობს, რომ მომავალ ანგარიშებში ფართოდ შეეხება მათ საქმეებს.

ომბუდსმენის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში არის თავი სახელად  “სასამართლო ხელისუფლება და ადამიანის უფლებები.”

ანგარიშის ამ თავში საუბარია ადამიანის უფლებათა დარღვევაზე. სახალხო დამცველი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომ დაჩი ცაგურიამ, ირაკლი კორძაიამ და ჯაბა ჯიშკარიანმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლი.

ის ამბობს, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ არის დაყენებული 173–ე მუხლით დადგენილი სამართალდარღვევის საკითხი. ვიდეო ჩანაწერიდან კარგად ჩანს და მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემაც დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ არც დაჩი ცაგურიას და არც მის თანმხლებ პირებს არანაირი სახით წინააღმდეგობა არ გაუწევიათ სამართალდამცავი ორაგნოებისათვის.”

რეკომენდაციის თავში ტუღუში სასამართლოებს ურჩევს, რომ “საქმეთა განხილვისას საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიერ მოხდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების (განსაკუთრებით საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმეებზე მიღებული) გათვალისწინება ადამიანის უფლებათა დარღვევების მომავალში თავიდან აცილების მიზნით.”

თუმცა, მერაბ რატიშვილი, “ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის“  პოლიტმატიმრების სიაში შესული ერთერთი პატიმარი  უკმაყოფილებას გამოთქვამს ახალ სახალხო დამცველთან დაკავშირებით. “ნეტგაზეთის” ჟურნალისტთან ციხიდან განხორციელეულ სატელეფონო საუბარში ის აღნიშნავს, რომ ახალი სახალხო დამცველი, ძველი ომბუდსმენისაგან განსხვავებით, საერთოდ არ მისულა ციხეში მათ სანახავად.

საქართველოში თითქმის  ყოველ კვირაში იმართება აქციები, სადაც პოლიტიკური პარტიები და ადამიანის უფლებათადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები უკანონო პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი უარყოფს საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი