სამართალი

მოსამართლეთა შვებულებების გამო, გვარამიას პროცესი ვადების დარღვევით, 4 ოქტომბრიდან გაგრძელდება

19 ივლისი, 2022 •
მოსამართლეთა შვებულებების გამო, გვარამიას პროცესი ვადების დარღვევით, 4 ოქტომბრიდან გაგრძელდება

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საპროცესო ვადების დარღვევით ჩაინიშნა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში.

გვარამიას საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, მერაბ ჯორბენაძის (თავმჯდომარე), ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით.

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ 25 ივლისიდან, აგვისტოს განმავლობაში, მოსამართლეებს შვებულებების გრაფიკი გადანაწილებული აქვთ და სრული შემადგენლობით არ იქნებიან წარმოდგენილი, ხოლო მთელი სექტემბერის სხდომების განრიგი თითქმის შევსებულია. შესაბამისად, გვარამიას პროცესი სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისიდან განახლდებოდა. დაცვის მხარე პროცესის ადრე ჩანიშვნას ითხოვდა.

„მოლოდინი გვქონდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში საქმის დასრულების, სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში ნიშნავს, რომ ამ ვადას ვარღვევთ. ჩვენ შეგვიძლია ივლისშიც, აგვისტოშიც ვიმუშაოთ“, — მიმართა მოსამართლეს გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

„მესმის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ერთ მოსამართლეზე რომ იყოს დამოკიდებული, შეიძლება რაღაც ლავირება მოახდინოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება, მით უმეტეს, სხვა საქმეებიც ჩანიშნული გვაქვს. მყარი შემადგენლობა, რომ ყველა საქმეზე ერთი და იგივე შემადგენლობით ვიყოთ, რომ ერთდროულად შევათანხმოთ შვებულებებიც, სხდომებიც და ყველა საკითხიც, ნამდვილად არ გვაქვს. ზოგ სხდომაზე სხვა მოსამართლეები სხედან ჩემთან კოლეგიურ შემადგენლობაში, ზოგზე — სხვა. მეტწილად მე, ბატონი ლაშა, ბატონი დავითი და ბატონი ვეფხია ვართ, მაგრამ შვებულებების გამო ნამდვილად ვერ მოვახერხებთ… სამწუხაროდ, ვერ გავითვალისწინებდით, რომ შვებულებების წინ შემოვიდოდა საქმეები“, — განაცხადა ჯორბენაძემ.

„საპროცესო ვადის დარღვევა ჩემთვის პასუხია და გასაგებია. ორთვიან ვადაში განხილვა ვერ მოასწარით კი არა, საერთოდ ვადის გასვლის შემდეგ ნიშნავთ პროცესს“, — განაცხადა, თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ.

მოსამართლემ თქვა, რომ ფორმალურად შეიძლება სხდომა ჩაინიშნოს აგვისტოში, მაგრამ ერთი მოსამართლე იქნება ადგილზე და განხილვა ვერ მოხერხდება.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არის დამნაშავედ ცნობილი და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი