სამართალი

ახვეული თვალი

17 აპრილი, 2010 • 1584
ახვეული თვალი

წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით უფრო ნაკლები რაოდენობის კამერებით გადაიღებენ.  აღბეჭდილი ვიდომასალა კი საჯარო არც წელს იქნება.

კამერების რაოდენობის შემცირება ცესკომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გადაწყვიტა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია  ცესკოს ურჩევს, რომ მან „არ გამოიყენოს ვიდეო კამერები საარჩევნო უბნებში, რადგან ამან შესაძლოა ამომრჩევლების დაშინება (intimidation) გამოიწვიოს, მაშინაც კი, თუ ვიდეო კამერები არაა მიმართული საარჩევნო კაბინისკენ.“ 

“კამერები ამომრჩევლებს კი არა, დამრღვევებს აშინებს “, – ამბობს “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე  სოზარ სუბარი.

ცესკომ მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია: საქართველოს სამი ქალაქის უბნებში დატოვა კამერები და ეს ოპოზიციის მოთხოვნით გაამართლა.

სამი ქალაქი თბილისი, ქუთაისი და ბათუმია. ჯამში ამ სამ ქალაქში 945 საარჩევნო უბანია.

“წინა არჩევნებში (კამერები) რუსთავშიც იყო, ქობულეთშიც, ფაქტობრივად, უკან მივდივართ“, – ამბობს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი ლევან ვეფხვაძე და ამატებს, რომ აუცილებელია ყველა საარჩევნო უბანში იყოს კამერები და გადაღებული მასალა საჯარო იყოს.

“სასაცილოა, რომ უზარმაზარი რესურსები იხარჯება იმისათვის, რომ მოხდეს კამერების დამონტაჟება, მერე კი არ გვაძლევენ მისი ნახვის უფლებას,”- ამბობს კონსერვატიული პარტიის წევრი კახა კუკავა.

თანხები 2008 წელთან შედარებით ბევრად ნაკლებია: 2007/08  წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების კამერებისთვისთვის ჯამში 1,409,556 ლარი დაიხარჯა. წელს ეს დანახარჯი 236 ათასი ლარია.

კამერებზე დახარჯული ფული  „წყალში ჩაყრილია“, ხოლო თვით კამერები – “ венок“ მკვდარზე “, – ამბობს სოზარ სუბარი.

ყოფილი ომბუდსმენი  თავის გამოცდილებას იხსენებს, როცა 2008 წლის 19 მაისს საპარლამენტო არჩევნების დროს  საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა  ვიდეოთვალით გადაღებული მასალის სარგებლობის შეზღუდვის გამო. საბოლოოდ, მას მისცეს მასალა 11 საარჩევნო უბნიდან, შიგ ჩაწერილი  ინფორმაცია კი, მისი თქმით,   ბევრ დარღვევას აღწერდა. იყო შემთხვევები, როცა, მაგალითად, გორის ერთ–ერთ საარჩევნო უბანში კამერაზე 500 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული და სიების მიხედვით, 1500–მა ადამიანმა მისცა ხმა დათვლის შედეგად.

„ასევე ჩანდა, რომ, მაგალითად, მარნეულის საარჩევნო უბანში  ერთიდაიგივე ადამიანმა 3–ჯერ მისცა ხმას”-ამბობს სუბარი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით,  საარჩევნო უბანზე  ვიდეოთვალის მიერ აღბეჭდილი ინფორმაცია არ არის საჯარო. გადაღებული ინფორმაციის ნახვის უფლება მხოლოდ საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს აქვთ, ისიც მხოლოდ იმ 15 წუთზე, რომელზეც აცხადებენ, რომ დარღვევა მოხდა, დროის ზუსტად მითითებით.  

ნანა ბოლქვაძე, პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო დემოკრატების“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი (მერობაზე მათი კანდიდატია ნიკა ივანიშვილი), ამბობს, რომ თუ კამერის ჩანაწერები საჯარო არ იქნება, აზრი არა აქვს მის არსებობას.

„გამოდის, რომ ეს ვანო მერაბიშვილის კამერაა, რომელიც აკვირდება, თუ ვინ გამოვიდა და ვინ არ მოვიდა არჩევნებზე ”,- ამბობს ნანა ბოლქვაძე,- „ეს შეიძლება ფსიქოლოგიური ზემოქმედების მექანიზმადად იქცეს.“

 „კამერების გამოყენებას არავითარი აზრი არა აქვს, თუ ჩაწერილი მასალები არ იქნება საჯარო“ ,-ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი ნინო ლომჯარია- „კამერები იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ მან არჩევნების უფრო მეტი გამჭირვალობა უზრუნველყოს.“

ლომჯარია ასევე აცხადებს, რომ საიას მიერ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაყენებული საჩივრის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, რომელიც კამერაში ჩაწერილი მასალების ნახვას ეხებოდა. 

ლომჯარია ასევე ფიქრობს, რომ კამერას დამაშინებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

უცნობია, ჩაატარა თუ რა რაიმე კვლევა მოსახლეობაში ვენეციის კომისიამ იმასთან დაკავშირებით,  მართლა აშინებს თუ არა ეს კამერები მოსახლეობას.

ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის აზრით, თუ არსებობს წარმომადგენლობითი კვლევა ან ამომრჩევლის თვითანგარიშები,  რომელიც ადასტურებს,  რომ  მოსახლეობას ეშინია კამერების, მაშინ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ვალიდურია.

ჯავახიშვილის თქმით, თუ კამერები კაბინის გარეთ იქნება დამონტაჟებული –„საერთო სივრცეში, სადაც წესრიგი და ორგანიზებულობა საარჩევნო პროცესის  საწინდარია“, ეს პირიქით ხელს შეუწყობს არჩევნების უფრო გამჭირვალედ ჩატარებას. 

კამერები არა იქნება დამონტაჟებული კაბინის შიგნით. ისინი გარეთ იქნება დაყენებული და არ იქნება მიმართული საარჩევნო კაბინისკენ. ორი კამერიდან ერთი  რეგისტრატორს დააფიქსირებს,  მეორე – საარჩევნო ყუთს. 

თუ საუბარია ცესკოს მიერ მოსახლეობის შიშის გათვალისწინებაზე, ჯავახიშვილის აზრით,  ანგარიში უნდა გაეწიოს მოსახლეობის სოციალურ ტრავმას, როცა  საარჩევნო მარკირების სითხის თითზე შესხურება „მითოლოგიზებული იყო და ანტიქრისტიანულ მოვლენასთან იყო დაკავშირებული.“   ჯავახიშვილის აზრით, ეს ქართული საზოგადოების „ცნობიერების მითოლოგიზაციის დონის მაღალ ხარისხზე“ მიანიშნებს,  სადაც კამერა, როგორც ახალი რამ, რომელიც “გითვალთვალებს,“ შეიძლება იყოს ამომრჩევლის შფოთვის საბაბი. 

“ნეტგაზეთმა” ამ ეტაპზე ვერ გაარკვია, არსებობს თუ არა მსგავსი კვლევა, რომელსაც ეფუძნება ცესკოს გადაწყვეტილება. სოზარ სუბარი და ნინო ლომჯარია, რომლებიც 2008 წლის არჩევნებს აკვირდებოდნენ, ვერ იხსნებენ მსგავს კვლევას. ვენეციის ანგარიშში კვლევაზე საუბარი არაა. 

„თუ არ არსებობს წარმომადგენლობითი კვლევა ამომრჩევლის შიშზე კამერის მიმართ, მაშინ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია სუბიექტური გამოდის,“ -ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.

კახა კუკავა ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის ეს ნაწილი ცესკომ “კონტექსტიდან ამოგლიჯა” და თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

წელს დაახლოებით 200 უბნით ნაკლები „კამერების თვალთვალის“ გარეშე ჩაატარებს არჩევნებს.  ცესკო 100 ახალი კომპლექტის შეძენას აპირებს, დაგეგმილია ძველის გამოყენებაც.   

საქართველოში პირველად სათვალთვალო კამერები 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იქნა გამოყენებული.

განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებში სათვალთვალო კამერებს არ იყენებენ.

“კამერების პრაქტიკა ისეთ ქვეყნებშია, სადაც არჩევნების გაყალბების რისკი მაღალია, “ ამბობს  ნინო ლომჯარია, საიას იურისტი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი