სამართალი

ეთნიკურად ოსი მოქალაქის დაპატიმრების და ”გათავისუფლების” ისტორია

1 აპრილი, 2010 • 1886
ეთნიკურად ოსი მოქალაქის დაპატიმრების და ”გათავისუფლების” ისტორია

„ხათუნა ჩარაევას რეალურად რომ ჰქონოდა ჩადენილი ის დანაშაული, რისთვისაც დაიჭირეს, მას არც გაუშვებდნენ“, – ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ ეთნიკურად ოსი მოქალაქის ტყუილუბრალოდ დაპატიმრება პრიმიტიული და სამარცხვინო ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია.

29 მარტს ახალგორელი ხათუნა ჩარაევა, მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვის რიგით მესამე სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პირობითი სასჯელით გაათავისუფლა. თუმცა, პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩარაევა რამდენიმე საათით თვალსა და ხელს შუა დაიკარგა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გათავისუფლების შემდეგ, ახალგორელი მოქალაქე მანქანაში ჩასვეს და  პირდაპირ ცხინვალს გადასცეს. თანაც – ისე, რომ პროცესზე მყოფი მისი ადვოკატისთვის და ნათესავებისათვის არაფერი უცნობებიათ.    

ახალგორელი ხათუნა ჩარაევა ქართველმა სამართალდამცავებმა ყალბი ფულის გავრცელების ბრალდებით, გასული წლის 19 დეკემბერს დააკავეს. ჩარაევას ნათესავები ამ ბრალდებას შეთითხნილს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და სხვა არაფერი. იმავეს ფიქრობს ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციაც და მოსახლეობის უმრავლესობა. როგორც ისინი ამბობენ, ჩარაევას, რომელიც რაიონში საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს, 30 000 დოლარი ავტოსადგურ „დიდუბეში“ (სადაც მისი დაკავება მოხდა) პოლიციამ ძალით ჩაუდო. საგულისხმოა, რომ დაკავებიდან 1 თვის განმავლობაში ჩარაევასთან შეეხვედრის უფლებას მის ადვოკატს არ აძლევდნენ. შემდეგ კი მის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო და ნათესავებმა კარგა ხანს არ იცოდნენ, სად და რა ვითარებაში იყო პატიმარი.          

29 მარტს სასამართლო პროცესი განსაზღვრული დროის (14:00 საათი) ნაცვლად 20 წუთით ადრე დაიწყო. პროცესი დახურული იყო, შესაბამისად მას მხოლოდ მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატები და განსასჯელი ესწრებოდნენ. დერეფანში განსასჯელს, როგორც ყოველთვის, ერთადერთი ნათესავი – მაზლი მერაბ ჩარაევი ელოდა.

დაახლოებით ერთ საათში სასამართლო დარბაზის (#11) წინ, დერეფანში 5-მდე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი მოვიდა და ჩარაევას პროცესის დამთავრებამდე იქ იდგნენ. მათგან ერთ-ერთი პროცესიდან გამოსულმა პროკურორმა კოჭლამაზაშვილმა ცალკე გაიყვანა და როგორც ჩანდა, რაღაც მითითებები მისცა. დაახლოებითU15:00 საათზე დარბაზის კარი გაიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მსურველს შესვლა-დასწრება შეეძლო. შევიდა მერაბ ჩარაევი. მომლოდინე 5 მოქალაქე კი გარეთ დარჩა. სასამართლო დარბაზში მოსამართლემ განაჩენი წაიკითხა, რომლის მიხედვით, ჩარაევას ხუთწლიანი პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს და გამოუცხადეს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულს შეეძლო, სასამართლო დარბაზი დატოვებინა. ჩარაევა სასამართლო დარბაზიდან შიდა კარით (საიდანაც შემოყავთ ხოლმე პატიმრები) გაიყვანეს.  

ადვოკატებმა გაგი მოსიაშვილმა და იმედა ქარქაშაძემ მერაბ ჩარაევს ნათესავის გათავისუფლება მიულოცეს. განაჩენის წაკითხვიდან რამდენიმე წამში ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა მოიკითხა გათავისუფლებული პატიმარი, მაგრამ მის კვალსა და ასავალ-დასავალს ვეღარსად მიაგნო. თავდაპირველად მას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს, ხათუნა ჩარაევას იქვე, რომელიღაც ოთახში პოლიციელები ესაუბრებოდნენ და მალე გაუშვებდნენ. შემდეგ გაირკვა, რომ ხათუნა ჩარაევა საერთოდ საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაყვანილი იყო. სად, როგორ და რისთვის, ადვოკატ გაგი მოსიაშვილისთვის გაურკვეველი ოყო. იგი ამბობდა იმასაც, რომ გათავისუფლებული პატიმრის ასე გაქრობა აბსოლუტური კანონდარღევაა და სამართლის ნორმებს სცილდება.
 
გაგი მოსიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ხათუნა ჩარაევას ადვოკატი:  „სახელმწიფო მბრალდებელსა და განსასჯელს შორის გაფორმდა საპროცესო გარიგება, რომელიც ითვალისწინებდა მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას. პირობითი მსჯავრი კი, თავისთავად, გულისხმობს, რომ გათავისუფლდეს პიროვნება სასამართლოს სხდომის დარბაზიდან. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და აბსოლუტურად გაურკვეველია, სად გადაიყვანეს ქალბატონი ჩარაევა. საბადრაგო სამსახურმა პატიმარი კი გაათავისუფლა, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ საბადრაგო სამსახურმა გაიყვანა იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რის შემდეგაც აღარავის უნახავს. ეს აბსოლუტური კანონდარღევავაა და არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს არ შეესაბამება. ვერც კი ვვარაუდობ, სად შეიძლება, ამჟამად ეს ადამიანი  იყოს. რაკი იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს (რაც განაჩენშიც არის მითითებული) შეუძლებელია, საპატიმროში დაებრუნებინათ. მას ხომ წინასწარი პატიმრობა სასამართლოს განაჩენით გაუუქმდა“.

მერაბ ჩარაევი, რომელიც გათავისუფლებული რძლის წასაყვანად ემზადებოდა, გაოგნებული შეჰყურებდა ასევე საგონებელში ჩავარდნილ ადვოკატებს, რომლებიც ამაოდ ელოდნენ ხათუნა ჩარაევაზე რაიმე ინფორმაციის გაგებას. ასეთ ვითარებაში დაახლოებით 17:00 საათისთვის მერაბ ჩარაევმა და ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა (იმედა ქარქაშაძემ უფრო ადრე) საქალაქო სასამართლოს შენობა დატოვეს.    

მოგვიანებით, დაახლოებით საღამოს 20:21 საათზე ადვოკატმა შეიტყო, რომ ხათუნა ჩარაევა ცხინვალს გადასცეს.      

humanrights.ge მერაბ ჩარაევს დაუკავშირდა.

სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი