სამართალი

ბორჯომში დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლს, სავარაუდოდ, 16-ჯერ დაარტყა დანა

3 მაისი, 2022 • 1960
ბორჯომში დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლს, სავარაუდოდ, 16-ჯერ დაარტყა დანა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალად ედება ბორჯომში ცოლის მკვლელობის მცდელობა და ოჯახში ძალადობა.

ბორჯომში 37 წლამდე ქალს დანით 16-მდე ჭრილობა მიაყენეს.

პირველ მაისს მომხდარი ამბის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემამ, „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა.

„ნეტგაზეთს“ კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის ფილიალის ხელმძღვანელმა, ირაკლი დიასამიძემ დაუდასტურა, რომ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და სტაბილურადაა.

„[პაციენტი] სტაბილურად არის, როგორც არსებულ სიტუაციას შეესაბამება. გადის მკურნალობას პოსტოპერაციულ განყოფილებაში. სტაბილურად გრძნობს თავს, კონტაქტში შემოდის“, – გვითხრა ირაკლი დიასამიძემ.

იგი ასევე ადასტურებს, რომ დაშავებულს „დაახლოებით 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული“.

„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა. „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ამბის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ ამ საქმეზე დაკავებულია 47 წლამდე ასაკის კაცი – დაშავებულის მეუღლე.

მას ბრალად ედება „დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ოჯახური ძალადობა“.

შსს-ს ცნობითვე, იგი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა კაცმა პირველ მაისს ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე (37 წლის ქალი) ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

პოლიციის ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი