სამართალი

კარცერი სვირინგის გამო-გეგუთის ციხეში დამძიმებული სიტუაცია

29 მარტი, 2010 • • 2334
კარცერი  სვირინგის გამო-გეგუთის ციხეში დამძიმებული სიტუაცია

გეგუთის ციხეში პატიმრების  შიმშილობის დაწყების შემდეგ ვითარება დამძიმდა- აცხადებს სახალხო დამცველის ოფისი. ომბუდსმენის ოფისმა გეგუთის ნომერ მერვე საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაშიკიდევ ერთი მონიტორინგი განახორციელა .

შიმშილობა, როგორც პატიმრების სახალხო დამცველის წარმომადგენელთან აცხადებენ, 26 თებერვალს დაიწყეს.

ომბუდსმენის მონიტორინგის ჯგუფმა კარცერში მყოფი რამდენიმე პატიმარი მოინახულა. ერთ–ერთი მსჯავრდებული კარცერში კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი გარემოებისთვის– სვირინგის გაკეთებისთვის იმყოფებოდა- ნათქვამია სახალხო დამცველის აპატარის პრესრელიზში.

ომბუდსმენის მონიტორინგის ჯგუფის თქმით, მსჯავრდებულებმა მათთან საუბარში აღნიშნეს, რომ  ციხის ზოგიერთი თანამშრომელი მათ უხეშად და გამომწვევად ექცევა, აყენებს შეურაცხყოფას და შეპასუხების შემთხვევაში კარცერში ათავსებს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, გეგუთის ციხის რამდენიმე მსჯავრდებულს სხეულზე სხვადასხვა ხასიათის და ხანდაზმულობის დაზიანებები აღენიშნებათ.  მთავარი ექიმის „ტრავმების ჟურნალში“ კი 2010 წელს მხოლოდ ორი შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გეგუთის ციხეში ექიმების დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია,  ამის მიზეზი კი ის არის, რომ ექიმების განმარტებით ისინი მაშინ ახდენენ რეაგირებას, როდესაც მათ ადმინისტრაცია იძახებს.

„მთავარი ექიმის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფაქტებს, რომ პაციენტთა გადაყვანის საკითხის გადაწყვეტაში ექიმის მოსაზრება პრაქტიკულად არ არის გათვალისწინებული,”– ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნა, ექიმებმა სისტემატურად მოინახულონ პატიმრები, გააკონტროლონ ეპიდემიოლოგიური და სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არ სრულდება, რადგან გეგუთის ციხეში სულ 2 ექიმი და ერთი ექთანი ემსახურება 3000 მსჯავრდებულს.

მედიკამენტების პრობლემაც გადაუჭრელია. მსჯავრდებულების თქმით, სამედიცინო ნაწილში წამლები არ აქვთ და გართულებულია გარედან წამლების მიწოდებაც.

„რამდენიმე მსჯავრდებული, რომლებსაც აღენიშნებათ ფსიქიკური პრობლემები… კვალიფიციურ ფსიქიატრიულ დახმარებას მოკლებულნი არიან.“

დამატებითი შეზღუდვები დაწესდა 28 თებერვლის შემდეგ, რაც პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს. „საყოველთაოდ მიღებული პროტესტის მშვიდობიანი ფორმა ადმინისტრაციის მიერ აღქმული იქნა,როგორც არეულობის მცდელობა“,– ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის განცხადებაში.  დაწესებულებაში ამ მიზეზით დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. მსჯავრდებულებს ჩამოართვეს ტელეფონით სარგებლობის უფლება, რაც ორი კვირის შემდეგ აღუდგინეს, ერთი კვირით აუკრძალეს დომინოს თამაში. ჩამორთმეული ტელევიზორები და რადიოები ომბუდსმენის ოფისის მონიტორინგის დროს ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული.

გარე სამყაროსთან კონტაქტი გაძნელებულია იმ კუთხით, რომ 5 კურპუსში მხოლოდ 5 ტელეფონის აპარატია და თვეში მხოლოდ ერთხელ, ათი წუთით აქვთ სარგებლობის უფლება.

პატიმრებს ასევე ეზღუდებათ მიმოწერის უფლებით სარგებლობა, მაგალითად საჩივრების და განცხადებების გაგზავნა.

მსჯავრდებულების სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ამბობენ, რომ რვეულის ფურცლებზე დაწერილ განცხადებას სოციალური სამსახური არ იღებს, ხოლო თაბახის ფურცლებს მსჯავრდებულებს არ აძლევენ, იმ მოტივით, რომ არ აქვთ.

24 მარტს, ”ნეტგაზეთის” გავრცელებული ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატს დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ  გეგუთის ციხეში ორი პატიმარი იყო ნაცემი, დავით კოტორიშვილი და დავით ზარანდია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემინფორმაცია მედიასაც მიაწოდა. 

„რამდენიმე დღის წინ, კოტორეიშვილის დედამ, მას შემდეგ რაც ინახულა თავისი შვილი, ვერ იცნო, იმდენად იყო ნაცემი, დასიებული ცხვირით, დაშავებული სახით და მან მიიღო გადაწყვეტილება მოემართა ჩვენთვის“,– აცხადებდა დიმიტრი ლორთქიფანიძე.

დღეს კი სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს განცხადებას, რომ 26 მარტს ჩატარებული ომბუდსმენის ჯგუფის მონიტორინგის შემდეგ კოტორეიშვილი კატეგორიულად უარყოფს მასზე რაიმე სახის  ზეწოლას და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო დავით ზარანდია აღნიშნულ დაწესებულებაში სასჯელს არ იხდის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი