„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, დღეს, 19 იანვარს სუს-ში უთხრეს, რომ პირები, რომლებზეც დაკვირვება მიმდინარეობდა, საქართველოში მისი ლიკვიდაციისთვის არ იყვნენ შემოსულები.
გვარამიას თქმით, აღნიშნულმა პირებმა საქართველო თავისუფლად დატოვეს.
„გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით, და გავიდნენ თავისუფლად ქვეყნიდან. ახსნა არის ის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ისინი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის და ამიტომ გავიდნენ. ლოგიკა მწყობრი იყო, თუმცა მე ვფლობ მხოლოდ იმ ფაქტებს, რომელიც გამაცნეს.
ასევე არსებობს ვერსია, რომ ისნი შემოსული იყვნენ და უბრალოდ ბევრს გადაადგილდებოდნენ, იმიტომ, რომ სხვა ჯგუფიც შეიძლება ყოფილიყო [საქართველოში] და ყურადღების გადატანის მცდელობისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. თუმცა სხვა ჯგუფთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებიათ“, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას სუს-ში დაბარებას წინ უძღოდა „ქრონიკა პლიუსის“ მიერ იმ ადამიანების სახელებისა და გვარების გავრცელება, რომელთაც, გაზეთის წყაროს ცნობით, რამზან კადიროვის დავალებით, ნიკა გვარამიას დაკვეთილი მკვლელობა უნდა შეესრულებინათ. გაზეთის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ სუს-მაც იცოდა.
მათივე ცნობით, “დაქირავებულმა მკვლელებმა” დავალება სისრულეში ვერ მოიყვანეს, რადგან ერთ-ერთმა პირმა ინფორმაცია დაკვეთილი მკვლელობის შესახებ ნიკა გვარამიას მიაწოდა. “ქრონიკა პლიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ამის შემდეგ “დაქირავებულ მკვლელებს” საქართველოს ტერიტორიის დატოვებაში სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაეხმარა.
გვარამიას თქმით, იმ ვერსიას, რაც სუს-სში მოისმინა იმის თაობაზე, რომ ეს პირები მის ლიკვიდაციას არ გეგმავდნენ, „სამი სუსტი წერტილი აქვს “.
მისი თქმით, პირველი ისაა, რომ რამდენიმე თვის წინ სუს-მა თავად ჩაატარა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთიდან შემოსული ჯგუფი და მისი და სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციაზე მუშაობდა. კითხვაზე, რატომ გაიმართა მაშინ ეს ბრიფინგი, უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო ახსნა-განმარტება, რომ სუს-ის მხრიდან ამ ინფორმაციის გავრცელება ოპერატიულად საჭირო იყო და მისი აღშფოთება უნდა ყოფილიყო რეალური.
როგორც გვარამია ამბობს, სუს-ში ასევე უთხრეს, რომ ქრონიკა პლიუსის მიერ დასახელებული ერთ-ერთი პირი , საქართველოში გულის პრობლემების მოსაგვარებლად იყო ჩამოსული. თუმცა, მისი თქმით, საქართველოში ყოფნისას ამ პირის ექიმთან ვიზიტი არ ფიქსირდება, რასაც გვარამია მეორე „სუსტ წერტილად“ ასახელებს.
მისი თქმით, სუს-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის „მესამე სუსტი“ წერტილი მარტში დაფიქსირებული მისი მეზობლის ზარია. როგორც გვარამია ამბობს, კორპუსში მისი ერთ-ერთი მეზობელი რუსეთში ცხოვრობს და დედასთან ჩამოდის ხოლმე. მისი თქმით, აღნიშნულ მეზობელს არ იცნობს. თუმცა შეიტყო, რომ მის მეზობელსა და ქრონიკა პლიუსის მიერ დასახელებულ ერთ-ერთ პირს შორის სატელეფონო ზარი განხორციელდა.
გვარამიას თქმით, სუსი ამ ზართან დაკავშირებით შეცდომის ვერსიას ავითარებს.
„ეს ზარი არის სამწამიანი, მაგრამ ეს მე არაფერს მეუბნება. შეცდომის ვერსიას ავითარებს კონტრტერორისტული სამსახური, თუმცა ის, რომ სამწამინი იყო ეს ზარი, აუცილებლად ამას არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეეშალა. ეს შესაძლოა ყოფილიყო მარტივი სიგნალი, რაღაც კონკრეტული მოქმედებაზე წინასწარ შეთანხმებული.
ნებისმიერ შემთხვევაში მე არ ვაპირებ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტად ჩაღრმავებას, პასუხისმგებლობა არის კონტრტერორისტულ სამსახურზე და, იმედია, ისეთ ბრიფინგებს, რომელიც მოვისმინეთ, ვერ ვნახავთ, თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ახლა მეუბნებიან, რომ ეს არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და მეც უნდა აღვშფოთებულიყავი რეალისტურად. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, თუ ეს მართლა ასე იყო. თუ არ იყო, მაშინ ამ კითხვებზე პასუხი უნდა მივიღო“, – განაცხადა გვარამიამ.
2021 წლის 30 სექტმბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას“შეკვეთილი მკვლელობის” რეალური საფრთხე შეიძლება არსებობდეს და გვარამიას უსაფრთხოების ზომების გამკაცრების რეკომენდაცია მისცა. სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ, განაცხადა, რომ გვარამიას გარდა, შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე შესაძლოა სხვა ჟურნალისტიც ყოფილიყო. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ჟურნალისტზე იყო საუბარი და ხომ არ იგულისმხებოდა მასში გიორგი გაბუნია.
სუს-ის განცხადებით, გვარამიას “შეკვეთილი მკვლელობის” რეალური საფრთხე შეიძლება არსებობდეს