სამართალი

კობა დავითაშვილი VS საქართველო

19 თებერვალი, 2010 • 1973
კობა დავითაშვილი VS საქართველო

“ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა 19 თებერვალს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. აღნიშნული სარჩელი შეეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, კობა დავითაშვილის გატაცებას ელიავას ბაზრიდან.

საქმე, რომელიც იწარმოება სახელით „კობა დავითაშვილი საქართველოს წინააღმდეგ,“ მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი.“

სტრასბურგის სასამრთლოში კობა დავითაშვილის ინტერესებს დაიცავს ორგანიზაციის ხელმღვანელი ლია მუხაშავრია და ადვოკატი ნიკოლოზ კვარაცხელია.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლია მუხაშავრიამ განაცხადა, რომ ხალხის პარტიის ლიდერის ფუნდამენტური უფლებები დაირღვა, როგორც გატაცების, ასევე სამართალწარმოების დროს.

მისივე განცხადებით, „ბევრი დარღვეევაა ამ საქმეში“ და სასამართლო აჭიანურებს გამოძიების დასრულებას. კობა დავითაშვილი აღიარეს დაზარალებულად, დაკითხეს მხოლოდ კობა დავითაშვილი, დამნაშავე კი დღემდე უცნობი დარჩა:
„იმ ინციდენტის შესახებ, რომელიც თავის დროზე ფართოდ გაშუქდა, არავინ არაფერი იცის. უცნობია როგორ გაიხსნა და როგორ წარიმართა სისხლის სამართლის საქმე.“

ხალხის პარტიის თავმჯდომარის მეორე დამცველმა ნიკოლოზ კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ საქმის ოპერატიულად გასახსნელად და დამნაშავეთა გამოსავლენად საჭირო მტკიცებულებების მიუხედავად, ქვეყნის შიგნით არ გამოიძებნა მისაგებელი (მექანიზმი), რომ კობა დავითაშვილმა მიაღწიოს სამართალს.  

კობა დავითაშვილმა მისი გატაცების მთავარ დამკვეთად მიხეილ სააკაშვილი, შემსრულებლად კი გორის უშიშროების სამხარეოს უფროსის მაშინდელი მოადგილე, პარლამენტარი ემზარ გელაშვილი დაასახელა: 

   „სასამართლოს ორწელიწად ნახევრის განმავლობაში არავინ დაუკითხავს ჩემ გარდა“_ განაცხადა დავითაშვილმა. იგი ბოლომდე აპირებს ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად.

სტრაბურგში გაგაზავნილი საჩივრის თანახმად, კობა დავითაშვილის  წინააღმდეგ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული  მუხლები: სიცოცხლის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლებისა და  ხელშეუხებლობის, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების, ქმედითი სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებები.  
ამ ეტაპზე მოსარჩელე მხარე ითხოვს ევროსასამართლომ დაადგინოს, რომ კობა დავითაშვილის მიმართ დარღვეულია ზემოთ აღნიშნული მუხლები. კობა დავითაშვილის დამცველები იმედოვნებენ, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პოლიტიკოსის საქმის ხელახალი, სრული და მიუკერძოებელი გამოძიება დაიწყება.

ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა წარმოებაში ამ საქმეს ევროპის სასამართლო. ლია მუხაშავრია დიდ იმედებს ამყარებს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რადგან საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება სახელმწიფოს ბრალეულობა.

კობა დავითაშვილის თქმით, ის 2007 წლის 7 ნოემბერს ელიავას ბაზრობიდან გაიტაცეს, როდესაც ყიდულობდა ხმის გამაძლიერებლებს იმ დღეს დანიშნული მიტინგისთვის. მისივე განცხადებით გამტაცებლებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით  წაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი