სამართალი

პარლამენტი „კოვიდ-ამნისტიას“ განიხილავს – რას გულისხმობს 2 კანონპროექტი

30 დეკემბერი, 2021 • 2504
პარლამენტი „კოვიდ-ამნისტიას“ განიხილავს – რას გულისხმობს 2 კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში ამჟამად ორი კანონპროექტია ინიცირებული, რაც „კოვიდ-ამნისტიას“ გულისხმობს. ერთი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, მეორე კი – „ლელოს“.

„ოცნების“ კანონპროექტის ავტორია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, „ლელოს“ ალტერნატიული კანონპროექტის კი ანა ნაცვლიშვილი (სანდრო ბარამიძესთან ერთად).

„ოცნების“ კანონპროექტი 22 დეკემბერს წარედგინა პარლამენტს, „ლელოსი“ კი 27-ში. სარჯველაძის კანონპროექტი 31 დეკემბერს უნდა განიხილონ წამყვან კომიტეტზე.

რას გულისხმობს სარჯველაძის პროექტი

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ კოვიდის გავრცელების პერიოდში საპატიმროებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პანდემიით შექმნილი მდგომარეობა პატიმრობში მყოფი/მსჯავრდებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით რთული გამოდგა, მათ შორის იმიტომ, რომ სახელმწიფომ მათ ხანმოკლე პაემნის უფლება შეუზღუდა.

ამიტომაც, ავტორის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად, ყველა პირს, რომელიც იმყოფებოდა პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით

  • 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე
  • 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში და
  • რომლებსაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეეზღუდათ პატიმრობის კოდექსით გარანტირებული ხანმოკლე პაემნის უფლება;

პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე ჩაეთვლება სასჯელის მოხდაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის 4 დღე = სასჯელის მოხდის 5 დღე.

გამოდის, რომ აღნიშნულ თარიღებში პატიმრობაში მყოფ პირებს/მსჯავრდებულებს დამატებით მოხდილად ჩაერთვლებათ დაახლოებით 28 დღე (1 თვეს) და სწორედ ამ ხანგრძლივობით შეუმცირდებათ სასჯელი.

ამასთან, კანონპროექტის მეორე ნაწილი გულისხმობს 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე ამნისტიას.

ამნისტია არ გავრცელდება განზრახ მკვლელობაზე (მუხლი 108), განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109), არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე (137-141, 253-2552 მუხლები), წამებაზე (მუხლი 1441), წამების მუქარაზე (მუხლი 1442), დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე (მუხლი 1443), ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე (323- ე-3312 მუხლები), კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე (404-ე-413-ე მუხლები).

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პირები, რომლებმაც განსაზღვრული დანაშაული ჩაიდინეს, გათავისუფლდებიან როგორც ძირითადი ისე დამატებითი სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან.

კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს 2004 წლამდე, და რომლებსაც ვადიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, თავისთავად გათავისუფლდებიან როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელისაგან (და ასევე პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან).

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული ასევე 2004 წლამდე ჩაიდინეს, თუმცა უვადო პატიმრება აქვთ მისჯილი, მათზე ამნისტრია ავტომატურად არ გავრცელდება და მსგავსი პირების საკითხები შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განიხილონ.

კანონპროექტით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება როგორც დამთავრებულ დანაშაულებზე, ისე მის მომზადებაზე და მცდელობაზე.

კანონპროექტის მიხედვით, პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება ამნისტია ასევე ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ.

რას გულისხმობს „ლელოს“ კანონპროექტი

„ქართული ოცნების“ მიერ კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, მსგავსი, თუმცა უფრო გაფართოებული შინაარსის კანონპროექტი წარადგინა „ლელომ“. კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი და მოქალაქე, ყოფილი პარლამენტარი სანდრო ბარამიძე.

კანონპროექტის ავტორები წერენ, რომ „ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდ- 19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლის, პანდემიის პირობებში მსჯავრდებულ პატიმართა საერთო რაოდენობისა და, განსაკუთრებით, პანდემიის მიმართ მოწყვლადი ჯგუფების რაოდენობის შემცირების მიზნით“, საქართველოს პარლამენტმა ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით უნდა გამოაცხადოს ამნისტია.

კერძოდ, გათავისუფლდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან მსჯავრდებული, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (გარდა დანაშაულისა, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), თუ იგი:

  • ა) არასრულწლოვანია;
  • ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია;
  • გ) ორსული ქალია;
  • დ) 3 წელზე უფრო მცირე ასაკის ბავშვის დედაა;
  • ე) ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირია (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან);
  • ვ) დაავადებულია მძიმე ქრონიკული დაავადებით და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

ამნისტია გავრცელდეს ზემოთჩამოთვლილთაგან მათზე, ვინც „ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზარალებული არასრულწლოვანი იყო), და მის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა 1 წელზე მეტია“.

ამნისტია ასევე გავრცელდეს იმ კატეგორიის ადამიანებზე, რომლებიც ზემოთ არიან ჩამოთვლილები და რომელმაც ჩაიდინეს „მძიმე დანაშაული და თუ მათ ფაქტობრივად მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი“.

ასევე, გათავისუფლდეს პატიმრობიდან და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალოს პირს, რომელმაც ჩაიდინა:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის გასვლამდე დარჩენილია 18 თვეზე ნაკლები;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული, თუ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის გასვლამდე დარჩენილია 12 თვეზე ნაკლები და იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თუ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის გასვლამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები და იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.

„პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებული შემზღუდველი ზომების კვალდაკვალ, როგორც გლობალურ, ისე ევროპის რეგიონალურ დონეზეც სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა მოწოდებები, რომ კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სახელმწიფოები არა მხოლოდ და არა იმდენად პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრების უფლებების შეზღუდვის გზით უნდა წავიდნენ, არამედ მათი რაოდენობის შემცირების გზით, რაც გადატვირთულ პენიტენციურ სისტემას განტვირთვის საშუალებას მისცემს“, – წერენ ნაცვლიშვილი და ბარამიძე.

„წინამდებარე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლდება რამდენიმე ასეული ადამიანი, რითაც პენიტენციურ დაწესებულებებში შემცირდება პატიმართა საერთო რაოდენობა და, შესაბამისად, ერთ კვადრატულ მეტრზე პატიმართა სიმჭიდროვე, რითაც შემცირდება დაავადების გადადების რისკი“, – წერენ ისინი.

კაანონპროექტის ზეპირი განხილვისას ანა ნაცვლიშვილმა ასევე დააკონკრეტა, რომ:

  • გარკვეული, მინიმალური შეღავათი უნდა შეეხოს ყველა მსჯავრდებულს პაემნებისა და სხვა უფლებების შეზღუდვის საკომპენსაციოდ;
    • მოგვიანებით, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ნაცვლიშვილმა დააზუსტა, რომ „ქართული ოცნების“ კანონპროექტით გათვალისწინებული 28 დღე მცირე რაოდენობისაა; მისი აზრით, ეს ვადა მინიმუმ უნდა იყოს 4-5 თვე (გარკვეული გამონაკლისების გარდა, როგორიცაა ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასა და კონვენციურ დანაშაულებებში მსჯავდებული პირები) „ჩაკეტილობისა და ყველაფრისგან მოწყვეტის საკომპენსაციოდ“;
  • სხვა ტიპის დამატებითი შეღავათები უნდა შეეხოთ გარკვეულ ჯგუფებს (შშმ პირებს და ა.შ.)
  • ამასთან, ნასამართლობა არ იქნება შემზღუდველი ფაქტორი ამნისტიის მისაღებად, რიგი საგამონაკლისო მუხლები შესაძლოა დაკორექტირდეს, მათ შორის ამნისტია გავრცელდეს 179-ზე მუხლზე.

„ლელო ღიაა მუშაობის გასაგრძელებლად სამართლიანი ბალანსის მოსაძებნად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი