სამართალი

„მოსამართლის დევნა დასაშვები ხდება კრიტიკული აზრის გამო“ – 14 მოსამართლე

28 დეკემბერი, 2021 • 2009
„მოსამართლის დევნა დასაშვები ხდება კრიტიკული აზრის გამო“ – 14 მოსამართლე
„აღნიშნული ცვლილებებით ვბრუნდებით იმ დროში, როცა მოსამართლეებს დაცვის მექანიზმები არ ჰქონდათ და მივლინება „ურჩ“ მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მეთოდად გამოიყენებოდა… იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭებით ხელი შეეწყობა ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და ინდივიდუალური მოსამართლეების ხელთ არსებული დაცვის ბერკეტების კიდევ უფრო მეტად შესუსტებას“, – აღნიშნულია 14 მოსამართლის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში. ისინი პარლამენტს სთხოვენ არ მიიღოს ცვლილებები კანონში, რომლის მიზანიც მოსამართლეების დასჯაა.

ცვლილებები შესაძლოა შევიდეს კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ და ის მოსამართლეთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხს ეხება.

„წარმოდგენილი ცვლილებებით დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტება, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება,“ – მიიჩნევენ მოსამართლეები, რომლებმაც ღია წერილით საქართველოს პარლამენტს მიმართეს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს ცვლილებები არის „იერიში ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ და თავისუფალ მოსამართლეებზე.“

„27 დეკემბერს მოსამართლეებმა მედიასაშუალებებით შევიტყვეთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებულია ცვლილებები, რომლითაც მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება.

აღნიშნული ცვლილებებით მარტივდება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე მივლინება, დასაშვები ხდება მოსამართლეთა სანქცირების მიზნით მათი სხვა სასამართლოში გადაყვანა, დაქვეითება და ა. შ. მოსამართლეთა დევნა დასაშვები ხდება ასევე მოსამართლეთა მიერ გამოხატული კრიტიკული აზრის გამო, თუ მოსაზრება ვინმეს „გადაჭარბებულად“, „არაპროპორციულად“, ან პოლიტიკურად „არანეიტრალურად“ მოეჩვენა. აღნიშნული ცვლილებებით დაკანონება ხდება ყველა იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების, რაც მოსამართლეთა დევნის ეფექტიან და გამოცდილ მეთოდებად მიიჩნეოდა წლების განმავლობაში.

დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელ მოსამართლეებზე დგას. შესაბამისად, ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი მიზანი და დასაცავი სიკეთე თავისუფალი და დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელშეუხებლობაა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭებით ხელი შეეწყობა ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და ინდივიდუალური მოსამართლეების ხელთ არსებული დაცვის ბერკეტების კიდევ უფრო მეტად შესუსტებას. მოსამართლის საქმეში ჩაურევლობა მარტოოდენ კონკრეტული საქმეების გადაწყვეტაზე ზემოქმედების დაუშვებლობას არ გულისხმობს. სამოსამართლო თვითმმართველობა, სამოსამართლო აქტივიზმი, მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით პოზიციების, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვაც სამოსამართლო საქმის ნაწილია. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის შესაძლებლობის მიცემა, არაგანჭვრეტადი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე, მოსამართლის მიერ გამოხატული აზრის მიზანშეწონილობა შეაფასოს, ხმათა მარტივი უმრავლესობით თავისუფალი სიტყვისთვის მოსამართლეები დისციპლინურად დევნოს, არანებაყოფლობით სხვა სასამართლოში მიავლინოს, არის იერიში ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ და თავისუფალ მოსამართლეებზე.

საგულისხმოა, რომ არსებული ეთიკური წესები და დისციპლინური პროცედურები საკმარისად ეფექტიანად უზრუნველყოფს სასამართლოს ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას. ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, შესაძლებელია არსებობდეს, ან შემდგომში წარმოიშვას ისეთი გარემოებები, როდესაც მოსამართლის მიერ აზრის გამოხატვა, როგორც მოქალაქისა და საზოგადოების წევრის, არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა. თუ პარლამენტი მითითებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, აღნიშნული ცვლილებების მავნე ეფექტის თავის თავზე გადატანა ყველა მოსამართლეს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საზოგადოების ყველა წევრს მოუწევს. შესაბამისად, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისაგან და მუშაობა გააძლიეროთ ინდივიდუალური მოსამართლეებისათვის დამოუკიდებლობის უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად,“ – ნათქვამია მოსამართლეთა ღია წერილში.

როგორია სხვა მოსამართლეების პოზიცია საკანონდებლო ცვლილებაზე – „ბათუმელები“ ღია წერილის ხელმომწერ ერთ-ერთ მოსამართლეს, ლევან დარბაიძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ზემოთ ჩამოთვლილი მოსამართლეები აწერენ ხელს წერილს, თუმცა არაა გამორიცხული, სხვა მოსამართლეებმაც მოაწერონ ხელი.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ დამატებით კომენტარზე უარი გვითხრა.

ღია წერილს ხელს აწერს 14 მოსამართლე:

  • ეკა არეშიძე
  •  ეკატერინე გასიტაშვილი
  • ლევანი დარბაიძე
  • დევი დევიძე
  • გიორგი ებანოიძე
  • ციცინო კიკვაძე
  • მანანა მესხიშვილი
  • ზაზა მარტიაშვილი
  • მადონა მაისურაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • თეა სოხაშვილი – ნიკოლაიშვილი
  •  მამუკა წიკლაური
  • თამარ ხაჟომია
  • ბადრი ნიპარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი