სამართალი

არ უნდა ყოფილიყო დანდობა, ეს იყო შეცდომა – წულუკიანი

3 დეკემბერი, 2021 • 2960
არ უნდა ყოფილიყო დანდობა, ეს იყო შეცდომა – წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” შეცდომად მიიჩნევს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კოჰაბიტაციის გამოცხადებას. ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატ თაკო ჩარკვიანთან  სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “არ უნდა ყოფილიყო არავის დანდობა”.

“როდესაც ჩვენ ამ თუ სხვა მოწვევის პარლამენტში და შემადგენლობებში ვთქვით, რომ არ ღირს პოლემიკა და პასუხის გაცემა, აი, იქ დავმარცხდით. როდესაც ჩვენ ვთქვით 2013 წელს, რომ ესენიც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და მოდით, შევეცადოთ მათთან ერთად ვმართოთ ქვეყანა, აი, მაშინ იყო ეს ყველაზე დიდი შეცდომა. ის კაცი, რომელიც დღეს გალიაში ზის, მაშინვე უნდა ჩამჯდარიყო იმ გალიაში, საიდანაც ახლა საკუთარი ცოლის დაპატიმრებას  ითხოვს”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, “ოცნების” შეცდომაა, რომ ყველას ის პასუხი არ გასცა, რასაც იმსახურებდა.

“აი, ეს არის, მეგობრებო, ჩვენი შეცდომები, როდესაც ჩვენ დავუჯერეთ რჩევებს და აქ ვერ დავწვრილმანდები, მაგრამ მოვა დრო და ყველაფერს გავიხსენებ, ვინ რა რჩევა როდის მოგვცა იმისთვის, რომ თანაგვეცხოვრა, იმისთვის, რომ დაგვენდო… ეს იყო შეცდომა. მისაყვედურეთ, რამდენიც გინდათ  გულახდილობისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას ამით დავაკარგვინეთ ბევრი დრო, დავხარჯეთ ჯანმრთელობა და ნერვები. არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა და კანონით, სამართლიანად ყველას უნდა გასცემოდა ის პასუხი, რასაც იმსახურებდა”, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი კომენტარი ექსპრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

“დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ(ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ “რედ ბულამდე” დავიდა, ეტყობა, “რედ ბული” განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის), თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ”, – აცხადებს სააკაშვილი, რომელიც წულუკიანს “ჭაობის არსებად” მოიხსენიებს.

“მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი”, – აცხადებს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი