სამართალი

სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

2 დეკემბერი, 2021 •
სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილის პროცესის დაწყების პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მისი მხარდამჭერები იკრიბებიან. დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე უნდა განიხილოს.

“ნეტგაზეთის” კორესპონდენტის ინფორმაციით, დემონსტრანტები ძირითადად დგანან  სასამართლოს ზედა შესასვლელთან, ეზოს გარეთ და წინა აქციისაგან განსხვავებით, არ ცდილობენ გზის გადაკეტვას.

ამავე ადგილას დამონტაჟებულია ეკრანი, რათა სააკაშვილის მხარდამჭერებმა თვალი ადევნონ სასამართლო პროცესს. სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა უფლება, პირდაპირი სიგნალი პროცესიდან გაუზიაროს სხვა მედიასაშუალებებსაც.

სასამართლო პროცესის უშუალოდ დარბაზიდან გაშუქების საშუალება, მედიასაშუალებების ნაწილთან ერთად, არ ეძლევა ნეტგაზეთსაც. სასამართლო პროცესზე, ჩვენთვის გაუგებარი კრიტერიუმებით, მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალება დაუშვეს. როგორც საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში აცხადებენ, ჟურნალისტების ნაწილი პროცესზე სააკაშვილის „ოჯახის წევრთა კვოტით“ დაუშვეს.

სასამართლოს შენობის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული, აღმართულია ბარიკადებიც.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ ექსპრეზიდენტს 2014 წელს წარუდგინა ბრალი.

გამოძიების ვერსიით, სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელ უფროსს შორის დადებული შეთანხმების, ასევე, სააკაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009-2013 წლებში სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარი გაიფლანგა.

პროკურატურა საუბრობს როგორც სააკაშვილისთვის, ისე სხვა ფიზიკური პირებისათვის გაწეულ მომსახურებაზე, რომელთა ხარჯების დასაფარადაც საიდუმლო ფორმით გაიფლანგა ბიუჯეტის ფული.

პროკურატურის თანახმად, მაგალითად, 2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი, რომელმაც აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს გაუწია შესაბამისი მომსახურება.

პოლიცია საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან. 02.12.21 ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

“სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე.

[ეს] მაშინ, როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება”, — ამბობს უწყება.

მიხეილ სააკაშვილი ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

სააკაშვილი პატიმრობაში

სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართო პროცესზე. ფოტო: EPA

მიხეილ სააკაშვილს თავდაპირველად არ ეძლეოდა თავის სასამართლო პროცესებზე დასწრების საშუალება. პენიტენციური სამსახური თავის ამ გადაწყვეტილებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და გადაყვანის პროცესში უსაფრთხოების რისკებით ხსნიდა.

ექსპრეზიდენტი თავის პროცესზე პირველად 29 ნოემბერს მიიყვანეს. დარბაზში სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა თავისი პოზიციები გაახმიანა 7 ნოემბრის, შეწყალებისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

ამასთან, ექსპრეზიდენტმა მისი ხელისუფლების დროს დაშვებულ “შეცდომებზე” ისაუბრა, რომელთა შორისაც სასამართლო სისტემა გამოარჩია.

მისი თქმით, ენმ-ის დროს ვერ მოხერხდა დამოუკიდებელი სასამართლოს აშენება, რაც საბოლოოდ ბევრ ადამიანს შეეხო, მისი ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი