სამართალი

სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე გადაიყვანეს

29 ნოემბერი, 2021 • 917
სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ სასამართლოში გადაიყვანეს –  გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გორის ჰოსპიტლიდან  პენიტენციური სამსახურის მანქანა გავიდა და თან ახლდა პოლიციის ესკორტი. შიმშილობიდან 50-ე დღეს  პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი გადაიყვანეს  სწორედ გორის ჰოსპიტალში.

ნეტგაზეთი ცდილობს პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას სააკაშვილის სასამართლოს შენობაში გადაყვანასთან დაკავშირებით უფრო მეტი ცნობის მისაღებად.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც სთხოვა მის მხარდამჭერებს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაემართათ.

„გთხოვთ, 29-ში ჩანიშნულ პროცესზე სასამართლოსთან შეიკრიბოთ“ – სააკაშვილი


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი