საზოგადოება

„აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოსთან, სადაც სააკაშვილი იქნება“- ენმ-ის განცხადება

10 ნოემბერი, 2021 • 1666
„აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოსთან, სადაც სააკაშვილი იქნება“- ენმ-ის განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, პარტიის ლიდერები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ სამოქალაქო საავადმყოფოსთან ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.

„პირველი ნოემბრიდან მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იგი 2021 წლის 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ საავადმყოფოში იძულებით გადაიყვანეს. გადაყვანა განხორციელდა სახალხო დამცველის, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექიმების არაერთგზის მოწოდების საწინააღმდეგოდ, რომელიც ეხებოდა ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა და სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა იქნებოდა შესაძლებელი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო გადაყვანა განხორციელდა მისი ნების საწინააღმდეგოდ. საქართველოს სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის ფორმა არ არსებობს. უფრო მეტიც, პატიმრების მხრიდან სააკაშვილისა და მისი ვიზიტორების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები მიზნად ისახავს მასზე დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ომბუდსმენის განცხადებით, გარემო, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, არის ღირსების შემლახველი.

ღირსების შელახვის, ციხის ადმინისტრაციისა და საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისადმი უნდობლობის მიზეზით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი თქვა ამ დაწესებულებაში ყოველგვარ მკურნალობაზე. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის გარეშე პრეზიდენტის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა შეუძლებელია და მოითხოვა „დაუყოვნებლივ გადაყვანა ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში“, სადაც მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ იქნება დაცული. იდენტური პოზიცია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა მესამე პრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს, საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია.
ჩვენი უმთავრესი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი ადამიანური ღირსების დაცვა, რომელიც გარდაუვალი საფრთხის წინაშეა არსებულ ვითარებაში“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მას ბრალად ედება  2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინასწარ შეთანხმებით დამნაშავეების შეწყალება. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

სააკაშვილის წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლების პირობებში კიდევ ორი საქმეა აღძრული. დღეს, 10 ნოემბერს სასამართლო განიხილავს 7 ნოემბრის საქმეს.

სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და 41-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილი მოითხოვდა, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ და არა ციხის საავადმყოფოში. ამავე პოზიციაზე იყვნენ მისი ადვოკატები, თანაპარტიელები და პირადი ექიმი.

თუმცა 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახელმწიფო აცხადებს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მკურნალობის ყველა პირობა არსებობს. თუმცა სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ შექმნილი კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი