სამართალი

პარლამენტი დღეს ყოფილი ომბუდსმენის რეკომენდაციას ითვალისწინებს

9 თებერვალი, 2010 • 1372
პარლამენტი დღეს ყოფილი ომბუდსმენის რეკომენდაციას ითვალისწინებს

არასწრულწოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკად  დღეს პარლამენტის სხდომაზე თოთხმეტი წელი განისაზღვრება.  საქართველომ  ეს ზღვარი 14-დან 12-წლამდე 2008 წელს დასწია, რის გამოც მუდმივად აკრიტიკებდნენ   უფლებადამცველი ორგანიზაციები. ამ თემას ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 2008 წლის ანგარიშში რამდენიმე გვერდი მიუძღვნა.

2008 წლამდე არსებული კანონმდებლობით, 14 წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლებოდა  ბრალის წაყენება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში  მიცემა იმ ქმედებებისთვის, რაც უფროსი არასრულწლოვნების ანდა მოზრდილების  შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა 2007 წლის 23 მაისს მოაწერა ხელი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ზღვარმა 12 წლამდე დაიწია.

ცვლილებები ძალაში 2008 წლის 1 ივლისს შევიდა, თუმცა მანამდე და მერეც ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველები მუდმივად აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ამის გამო.

“12 წლის მოზარდი უკვე სრულად აცნობიერებს ჩადენილი დანაშაულისა და ამ დანაშაულის შედეგის სიმძიმის ხარისხს, მზადაა პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე და მოიხადოს სასჯელით გათვალისწინებული პატიმრობის ვადა” – ასეთი დასაბუთება ჰქონდა  2007 წელს შეტანილ ცვლილებას.

პროექტის ავტორები ასევე მიუთითებდნენ, რომ  კანონმდებელი ამ ცვლილებებით ცდილობდა ერთგვარი პრევენციული ზომების გატარებას, რათა მითითებული ასაკობრივი ჯგუფის პირთა მიერ საკუთარი ბრალეულობის გაცნობიერებით, მოსალოდნელი სასჯელის შიშით თუ სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებით, “სახელმწიფომ უზრუნველყოს სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება”.

“ეს შეხედულება რეალობასაა მოკლებული. რა ჰუმანურობაზეა საუბარი, როცა არასრულწლოვანებს ასამართლებენ ისე, როგორც გამოუსწორებელ დამნაშავეებს, იმავე სასამართლო სისტემაში” – წერდა სოზარ სუბარი 2008 წელს. საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა მაშინდელ ანგარიშში,  ამ ცვლილების კრიტიკას რამდენიმე გვერდი მიუძღვნა – “სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ჯერ კიდევ არ არსებობს სათანადო პირობები, რომ მოზარდმა მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდასთან ერთად მიიღოს შესაბამისი განათლება, რათა სასჯელის მოხდის შემდეგ დაუბრუნდეს ჩვეულებრივ ცხოვრებას”.

სუბარის მაშინდელ ანგარიშში მოჰყავს ფსიქოლოგთა დასკვნები, რომლის მიხედვითაც არათუ 12 წელი, არამედ 14 წელიც კი ადრეულია მოზარდის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის, რადგან საუკეთესო აღზრდის პირობებშიც კი ამ საფეხურზე ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა რადიკალურად იცვლება და მეამბოხე ხდება იმ სოციალური გარემოსადმი, რომელშიც იზრდება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს გარემო კეთილგანწყობილია მის მიმართ.

ომბუდსმენის დასაბუთება მოიცავდა საერთაშორისო გამოცდილებას და რეკომენდაციებსაც, რომელიც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.

 „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვარის 14–დან 12 წლამდე შემცირებით, საქართველო საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების წინააღმდეგ წავიდა,” – განაცხადა ჰოლი კარტნერმა, „ჰუმან რაითს ვოთჩისის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა 2007 წელს.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის, თომას ჰამარბერგის თქმით კი,“სახელმწიფოში უნდა იყოს შესაძლებლობა მოზარდისათვის, – დაიცვას იგი მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებისაგან. ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია, ბავშვთა დამნაშავეობის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით არ გულისხმობს, რომ დამნაშავე ბავშვებმა არ უნდა იგრძნონ
პასუხისმგებლობა. პირიქით მნიშვნელოვანია, რომ მათ დაეკისროთ და იგრძნონ პასუხისმგებლობა მათ მიერ ჩადენილ ქმედებაზე, მაგრამ სანქციები უნდა იყოს განსხვავებული სრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ დაწესებული სასჯელისაგან. არასრულწლოვანთა სამართალში არანაირი თავისუფლების აღკვეთა არ უნდა იყოს გამოყენებული.Mმიზანი უნდა იყოს პასუხისმგებლობის მიხვედრა და პარალელურად რეინტეგრაციის ხელშეწყობა”.

უფლებადამცველების სამი წლის განმავლობაში გაკეთებული საჯარო განცხადებების და კრიტიკული ანგარიშების შემდეგ  დღეს საქართველოს პარლამენტმა  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ასაკობრივი ზღვარის  14 წლის ასაკამდე გაზრდაზე კვლავ უნდა იმსჯელოს.

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზღვარის თოთხმეტ წლის ასაკამდე გაზრდასთან ერთად, ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი