sms თვალთვალი ვებგვერდიდან

shpioni-ge-სერვისი  სისხლის სამართლის დანაშაულია და სამართალდამცავებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს საქმე – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.  პროკურატურაში  ამ საქმესთან დაკავშირებით საქმე აღძრული ჯერ არ არის. “ნეტგაზეთმა”  საიტის მფლობელს მიაკვლია.

shpioni-ge-სერვისი  სისხლის სამართლის დანაშაულია და სამართალდამცავებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს საქმე – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.  პროკურატურაში  ამ საქმესთან დაკავშირებით საქმე აღძრული ჯერ არ არის. “ნეტგაზეთმა”  საიტის მფლობელს მიაკვლია.

ვებ გვერდი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამუშავდა, მოქალაქეებს სთავაზობს დააინსტალირონ  საიტზე განთავსებული პროგრამები იმ პირების მობილურ ტელეფონებში, რომელთა სატელეფონო ზარების, ასევე  მიღებული და გაგზავნილი სმს–ების კონტროლი სურთ.

“თქვენ იცით რომ წყვილთა 70% ღალატობს ერთმანეთს? ბევრი თვლის, რომ უმჯობესია არ იცოდეთ, სხვები კი დაფრინავენ ნდობის ღრუბლებში. ჩვენ არ გვინდა დაგინგრიოთ პირადი ცხოვრება, ჩვენ უბრალოდ გვსურს იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენ გქონდათ შანსი არიდებულიყავით ამ სტატისტიკის ნაწილის გახდომას” – ვებ გვერდზე ამ მოწოდებასთან ერთად  წერია, რომ პროგრამა იძლევა საშუალებას იმუშაოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და რომ მას აქვს ყველა მობილური ოპერატორის მხარდაჭერა. სერვის მათ შორის როუმინგის მხარდაჭერაც აქვს…

“ის, რომ ადამიანები სთავაზობენ პირდაპირ, ასე საჯაროდ, დაარღვიონ სხვისი პირადი ცხოვრების მიმოწერა, სხვა არაფერია, თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არ ჯდება არანაირ კანონიერ ფარგლებში და წარმოადგენს სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფას, რომლის საიდუმლოებაც დაცულია კონსტიტუციით” – აცხადებს იურისტი თამარ კორძაია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან.

“წაიკითხე სხვისი სმს–ები” – ამ  მოწოდებითაა დააინსტალირებული საიტი ტოპ.ჯი ზეც.  რესურსი პოპულარული ქართული საიტების რეიტინგზე 2009 წლის 11 დეკემბერს დარეგისტრირდა. საიტზე უნიკალური მომხმარებლების რაოდენობამ 2 თებერვლისთვის 16 ათას 313 შეადგინა. საიტს დღეში 400–ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს. ძირითადად თბილისიდან.

თამარ კორძაიას განმარტებით დანაშაულს ორივე მხარე ჩადის – ის, ვინც ასეთ სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს და ისინიც ვინც აყურადებს სხვის მიმოწერას.

“კონკრეტულად, ეს არის პირადი ცნობების უკანონოდ მოპოვება, დასწადი სისხლის სამართლის კოდექსის 157–ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პირადი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებას,  შენახვას და გავრცელებას. “.

კორძაია განმარტავს, რომ ეს შეიძლება ასევე იყოს სისხლის სამართლის კოდექსით  სხვისი საიდუმლოების დარღვევა, როდესაც სმს–ებით ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან და ამის უკანონოდ ჩაწერა და განთავსება ხდება. ეს ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 159 მუხლია – პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრების საიდუმლოების დარღვევა და ისჯება ჯარიმით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით   60–დან 120 დღემდე, ან თავისუფლების აღკვეთით მინიმალური ვადით.

ვებ–გვერდით ჯერ არ დაინტერესებულა საგამოძიები უწყება. 1 თებერვალს “ნეტგაზეთს” პროკურატურაში განუცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით საქმე აღძრული არ არის. ინფორმაციას არ ფლობდა არც სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც კომენტარს საქმის (ვებ–გვერდის) შესწავლის შემდეგ გააკეთებს.

დაინტერესების შემთხვევაში მფლობელების ვინაობის დადგენა არც ისე რთულია. დომენის მფლობელი ვინმე ირმა ღლონტია, რომლის ტელეფონის მონაცემები რეგისტრანტთანაა დაცული, საიტი კი განთავსებულია  ქართულ სერვერზე (wanex.net).


shpioni.ge-ს მომსახურება უფასო არ არის და მისი ღირებულება დღეში ერთი ლარია. ამის შესახებაც აწვდიან სერვისის ავტორები ინფორმაციას დარეგისტრირებულ მომხმარებელს და იმასაც, თუ როგორ უნდა გადაიხადოს. აღმოჩნდა, რომ საიტი სარგებლობს  მომენტალური გადახდის სისტემით. ამ საიტისთვის საფასურის გადასახადი გართობის და ტოტალიზატორების გრაფაშია შეტანილი.

თუკი გამოძიება დაადასტურებს რომ shpion.ge–ს მფლობელები კანონს არღვევენ, საიტის ბაზების საშუალებით მარტივი იქნება იმ პირების დადგენაც, ვინც ასევე დაარღვია კანონი სხვისი სატელეფონო თვალთვალის სახით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნესტან ცეცხლაძე