ნეტგაზეთი | შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგვიანებული რეაქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგვიანებული რეაქცია – Netgazeti
RU | GE  

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგვიანებული რეაქცია

სტუდია GNS –ის გუშინდელი გადაცემის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლის დავით კობახიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

„2007 წლის 28 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს  სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით კობახიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა  მოქალაქე ნიკოლოზ შაფაქიძეს. აღნიშნული ქმედების ვიდეო  მასალა  გავრცელდა, როგორც ელექტრონულ მედიაში ასევე ტელევიზიით“ –ნათქვამია სამინისტროს ვებ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ვიდეომასალა , რომელსაც  გუშინ სტუდია GNS –მა სიუჟეტი მიუძღვნა, ინტერნეტში ერთი წლის წინ გავრცელდა. მასალაში ასახულია როგორ არტყამს პანჩურს კობახიძე სპეცოპერაციის დროს ნიკოლოზ შაფაქიძეს და ეუბნება, რომ ესაა ბრძანება. შემდეგ კი ათავისუფლებს.

სტუდია GNS–ის რეპორტაჟის მიხედვით  შაფაქიძე ყოფილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეა და მის გასათავისუფლებლად  სოდის თანამშრომლებს ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა დაურეკა.
რატომ გაათავისუფლეს შაფაქიძე პანჩურის შემდეგ – შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ამაზე არაფერია ნათქვამი.
განცხადებაში მოყვანილია მხოლოდ  არგუმენტი, რომ ვიდეო ინტერნეტით და ტელევიზიით გავრცელდა.
აღნიშნული ვიდეო მასალა ერთი წლის წინ ატვირთა youtube-ზე ერთერთმა მომხმარებელმა და  დღემდე ის 3.543 მომხმარებელმა ნახა.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი