სამართალი

რედაქცია პროკურატურას მტკიცებულებებს სთავაზობს

25 იანვარი, 2010 • 1549
რედაქცია პროკურატურას მტკიცებულებებს სთავაზობს

10 იანვარს ბათუმში პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახურულ შეხვედრაზე საუბრის თემა არჩევნები იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა “გაზეთ ბათუმელების”  ერთ-ერთ რედაქტორზე ზეწოლის ფაქტებზე საუბარი თავად დაიწყო.

თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე:
“საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ახსენა პრეზიდენტმა “გაზეთი ბათუმელები”. ქვეტექსტი დაახლოებით ასეთი იყო: “ბათუმელები” ისეთს არაფერს წარმოადგენს, რომ ხელისუფლება დაინტერესებული ყოფილიყო მისი დაშინებით. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ჯორბენაძეს სურათები აჩვენეს და მან ვერავინ ამოიცნო”.

მიხეილ სააკაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა ბათუმში საქართველოში ამერიკელი სენატორის_ ჯონ მაკ-კეინის ვიზიტს დაემთხვა. მაკ-კეინი ერთ-ერთია იმ ამერიკელ სენატორებს შორის, რომლებსაც “ბათუმელების” პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ (“სესხები მედიის განვითარებისათვის” MDLF) მიმართა “ბათუმელებზე” ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით. იმ დღეებში ღია წერილით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართეს. გაზეთების მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტმა _ გევინ ო’რეილმა და რედაქტორთა მსოფლიო ფორუმის პრეზიდენტმა _ ჰავიერ ვიდალ-ფოლჩმა მიხეილ სააკაშვილს საქმის გულდასმით გამოძიება და დამნაშავეების დასჯა სთხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე გენერალური ინსპექცია მუშაობას აგრძელებს, თუმცა ორი თვის შემდეგ კვლავაც დაუდგენელი რჩება იმ პირთა ვინაობა, რომლებიც გასული წლის 25 ნოემბერს “ბათუმელების” საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აიძულებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯორბენაძეს დამონტაჟებული ჰომოსექსუალური შინაარსის ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.

გრიბოედოვის ქ.#4-ში, ყოფილი უშიშროების შენობაში, რამდენიმე სამართალდამცავი ორგანო, მათ შორის სოდი, კუდი და სახელმწიფო კონტრდაზვერვაა განთავსებული. შენობას დაცვა ჰყავს და იქ შეღწევა შეუძლებელია. თუმცა სამართალდამცავებს უჭირთ გაარკვიონ, ვინ აიყვანა თედო ჯორბენაძე მეოთხე სართულზე. თედო ჯორბენაძისთვის ისიც უცნობია, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე, რა ბედი ეწია მის განცხადებას და რა გაკეთდა ფაქტების დასადგენად. საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა, ირაკლი თურმანიძემ, სატელეფონო საუბარში ინტერვიუზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ პოლიციაში მისულ ჟურნალისტს კომენტარზე უარი უთხრა. პასუხი რედაქციამ ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან მიიღო. პრესსამსახურის თანამშრომელი, ზურაბ გვენეტაძე “ბათუმელებს” საქმის გარკვევას დაჰპირდა, თუმცა მოგვიანებით ტელეფონს აღარ უპასუხა.

თედო ჯორბენაძის ადვოკატი _ გაგი მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმის მიმდინარეობა გამოძიების არაეფექტურობაზე
მეტყველებს: “გაუგებარია, რატომ ეუბნებიან უარს “ბათუმელებს” ინფორმაციის გაცნობაზე. ის, რომ თედო ჯორბენაძის განცხადებაზე დღემდე პასუხები არ არსებობს, გამოძიების არაეფექტურობაზე მეტყველებს”.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაზარალებულს გარკვეული შუამდგომლობის წარდგენის და საგამოძიებო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს. თედო ჯორბენაძე და გაზეთ “ბათუმელების” თანამშრომლები, რომლებიც 25 ნოემბერს თედო ჯორბენაძესთან ერთად იმყოფებოდნენ სპეცსამსახურების შენობაში, აცხადებენ, რომ მზად არიან გამოძიებას დაეხმარონ და აჩვენონ კაბინეტი, სადაც მათსა და პოლიციას შორის დიალოგი შედგა, თუმცა გამოძიება ამით არ დაინტერესებულა. რედაქციის თანამშრომლებმა სამართალდამცავებს მიაწოდეს მობილური ტელეფონის
ნომერიც, რომლითაც 25 ნოემბერს თედო ჯორბენაძეს დაუკავშირდნენ. გარდა ამისა “ბათუმელებს”  აქვს სხვა მტკიცებულებაც, რითაც ადვილად დადგინდება იმ სამართალდამცავების ვინაობა, რომლებმაც ჩაიდინეს
უკანონობა. თუმცა ამ მტკიცებულებებით პოლიცია არ დაინტერესებულა.

გასული წლის 24 დეკემბერს თედო ჯორბენაძემ აჭარის პროკურორს _ გიზო უგლავას მიმართა განცხადებით, ეცნობებინათ, დაწყებული იყო თუ არა წინასწარი გამოძიება და რა ეტაპზე იყო საქმე.

თედო ჯორბენაძეს განცხადებაზე პასუხი არ მიუღია, თუმცა მისი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, დაზარალებულს
უფლება აქვს მიიღოს განმარტება საქმის მიმდინარეობის შესახებ.

განცხადება აჭარის პროკურატურაში თედო ჯორბენაძის შანტაჟის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ _ “დემოკრატიის ინსტიტუტი”, შეიტანა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის _ გენო გელაძის თქმით, განცხადების შეტანიდან რამდენიმე დღეში პროკურატურიდან მას აცნობეს, რომ განცხადება რეაგირებისათვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა და “დემოკრატიის ინსტიტუტს” დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდნენ, თუმცა ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

გასული წლის 10 დეკემბერს თედო ჯორბენაძის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტის შესწავლის თხოვნით საქართველოს მთავარ პროკურორს საქართველოს სახალხო დამცველმაც მიმართა, თუმცა სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არც მათ განცხადებას მოჰყოლია

მასალების გადაბეჭდვის წესი