ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების ამფეთქებლის აღიარება

ხიდის აფეთქების შესახებ, ბათუმის სასამართლოში მოწმე პაატა ანანიძემ თავად განაცხადა. საქმე ეხება 2004 წელს, ასლან აბაშიძის მმართველობის ბოლო პერიოდში აფეთქებულ ხიდებს.

პაატა ანანიძე ხიდების აფეთქების ბრალდების ნაწილში 26 მარტს დაიკითხა: “2001 წლიდან 2002 წლამდე `7999~ გასამხედროებულ ფორმირების ნაწილში საინჟინრო ათეულის მეთაურად ვმუშაობდი. 2004 წლის მარტში ჩემი ბიძის, ჯემალ გოგიტიძისა და ასევე ჩემი ნათესავის, რომან დუმბაძის რეკომენდაციით ამ სამსახურში ისევ დამაბრუნეს“.

 

პაატა ანანიძის თქმით, მისი უშუალო უფროსი ორი ადამიანი იყო _ უშანგი ქათამაძე და გურამ ბოლქვაძე: “სწორედ მათი ბრძანების საფუძველზე დავნაღმე ქაქუთისა და ჩოლოქის ხიდები. ასაფეთქებელი პულტიც მე მებარა. აფეთქების ბრძანებაც უშანგი ქათამაძისა და გურამ ბოლქვაძისგან მივიღე. აფეთქების შემდეგ ჯემალ გოგიტიძე მოვიდა შემთხვევის ადგილზე და შესრულებული დავალება მომიწონა“.

 

კითხვაზე, თუ რატომ შეასრულა ხიდების აფეთქების ბრძანება, მოწმემ განაცხადა: “ასე ომს ავერიდეთინფორმაცია იყო, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში შემოსვლას აპირებდა“.

 

პაატა ანანიძე ხიდების აფეთქების გამო პასუხისგებაში იქნა მიცემული და ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა. ამჟამად კი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პირობითაა გათავისუფლებული.

 

დავით ხალვაშის (იგივე ქელფეთა) ბრალდების ნაწილში მოწმედ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ნოდან დუმბაძე დაიკითხა. მან წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნება ითხოვა, რაც ხალვაშის ინტერესების დამცველმა დავით ჩავლეიშვილმა გააპროტესტა. მოსამართლე როინ კახიძემ ნოდარ დუმბაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჩვენება წაიკითხა:

 

“2004 წლის 20 თებერვალს მოძრაობაკმარასმშვიდობიანი აქცია აბაშიძის ხელისუფლების წარმომადგელებმა დაარბიეს. მიტინგს არბევდნენ სპეცრაზმელები, რომლებიც ქვებს ესროდნენ აქციის მონაწილეებს, რის შედეგადაც ჩემი მეგობრები დაზიანდნენ. დაშავებულ ადამიანებს შორის იყო მინდია სიხარულიძე, დანარჩენების სახელი და გვარი არ მახსოვს.

იმ ადამინებიდან, რომლებიც აქციას არბევდნენ, დავით ხალვაში ამოვიცანი“.

ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ პროკურორი რამაზ შავაძე ნოდარ დუმბაძეს ჩაეკითხა _ მათ შორის, ვინც აქციის დარბევაში მონაწილეობდა, იყო თუ არა დავით ხალვაში? ამაზე მოწმემ უპასუხა: “არ შემინიშნავს“.

 

სასამართლო პროცესზე ნოდარ დუმბაძემ ასევე განაცხადა, რომ აქციის დამარბევთაგან სხვა არავინ ახსოვს.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძისა და მისი თანაგუნდელების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ასლან აბაშიძე, დავით ხალვაში, ამირან კურცხალიძე, იოსებ და ჯემალ გოგიტიძეები ძებნილნი არიან.

 

ასლან აბაშიძეს ბრალი ტერორისტული აქტების მოწყობაში, კერძოდ, ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქებაში, ასევე `7999~ სახელით ცნობილი უკანონო გასამხედროებული ფორმირების შექმნაში ედება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა