სამართალი

სასამართლომ ქალს ქმრის თანხმობის გარეშე საერთო ემბრიონის განკარგვის უფლება მისცა

21 აგვისტო, 2015 • 1183
სასამართლომ ქალს ქმრის თანხმობის გარეშე საერთო ემბრიონის განკარგვის უფლება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სასარჩელო განცხადებით ლ.გ-მ მიუთითა, რომ მოპასუხე ი.ჩ-სთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2010 წლიდან. ქორწინების განმავლობაში, ლ.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, მისი ქმრის ინიციატივით, წყვილმა მიმართა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას ინვიტრო განაყოფიერებისათვის სუროგატი დედის მეშვეობით. შედეგად, მოხერხდა ორივე მშობლის ბიოლოგიური მასალით შექმნილიყო 1 ემბრიონი, რომელიც სუროგატი დედის ორსულობისათვის მოსამზადებელი პერიოდის გავლამდე გაყინეს.


ამის შემდეგ, სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაციით, ქორწინებაში ყოფნის განმავლობაში წყვილს შორის არსებული უთანხმოება გამწვავდა და მოპასუხე ი.ჩ-მ უარი თქვა საერთო ემბრიონის სუროგატის სხეულში გადატანაზე.


მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს საერთო ემბრიონზე მისი უფლების აღიარებისა და სუროგატის სხეულში გადატანის, სუროგატთან ხელშეკრულების დადებისა და სუროგატისა და კლინიკის შერჩევის ი.ჩ-ს თანხმობის გარეშე განხორციელების უფლების მოპოვებისათვის. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებელით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.


“სასამართლომ განიხილა საქმეში წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობდა დავა 2 იდენტურ უფლებას შორის – გახდე ან არ გახდე მშობელი.  თითოეული მათგანი თავისი მნიშვნელობიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ადამიანის არჩევანის თავისუფლების მნიშნელოვანი კომპონენტია.


შესაბამისად, არჩევანის გაკეთებისას უნდა შეფასდეს ის კონტექსტი, რის გამოც ეს უფლებები უწევენ ერთმანეთს კონკურენციას. სასამართლომ მიუთითა, რომ ბუნებრივი ჩასახვის პირობებშიც შესაძლოა ამ უფლებათა კოლიზიის საკითხი დადგეს, რა დროსაც კანონმდებლობა ემბრიონის ბედს დედის დისკრეციის სფეროში აქცევს. შესაბამისად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც მამაკაცის პირადი ცხოვრების ასპექტი ქალისა თუ ემბრიონის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით გარკვეულწილად იზღუდება. ამასთან, მოსარჩელე ლ.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სადავო ემბრიონი წარმოადგენს მის ერთადერთ შანსს გახდეს დედა და იყოლიოს გენეტიკური შვილი.


ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები და აღიარა მისი უფლება გაყინულ ემბრიონზე, მისცა შესაძლებლობა მოპასუხე ი.ჩ-ს თანხმობის გარეშე განახორციელოს ემბრიონის სუროგატის სხეულში გადატანა, სუროგატთან ხელშეკრულების დადება, სუროგატისა და კლინიკის შერჩევა,”– ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. 


სასამართლოს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14  დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი