სამართალი

ხარვეზები ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულებაში

29 ივლისი, 2015 • 1400
ხარვეზები ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულებაში

“კოალიციამ თანასწორობისთვის”, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები:  საია, EMC, იდენტობა, კონსტიტუციის 42–ე მუხლი და საფარი შედიან, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის 2014 წლის მაისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე შესრულების ანგარიში წარმოადგინეს.

“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონი პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს მიიღო.  დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელება სახალხო დამცველს დაევალა.

 

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ 30 ივნისის მდგომარეობით, სახალხო დამცველის ოფისში  შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით 95 საჩივარი და განცხადება შევიდა, 4 საქმის შესწავლა კი ომბუდსმენმა საკუთარი ინიციატივისთ დაიწყო.

99 საქმიდან, სახალხო დამცველის ცნობით, 8–ზე საქმე შეწყდა, რადგან გამოკლვლევის შედეგად არ დადგინდა დისკრიმინაციის ფაქტი; 13 საქმე ომბუდსმენის აპარატის სხვა დეპარტამენტს დაეწერა, რადგანაც ადგილი ქონდა უფლების დარღვევას და არა დისკრიმინაციას. 5 საქმის განხილვა შეჩერდა, ვინაიდან მომჩივანმა სასამართლოს მიმართა; 19 განცხადება დაუშვებლად ცნეს უსაფუძვლობის გამო, 2–ზე გამოიცა ზოგადი წინადადება. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ  52 საქმეზე შესწავლა მიმდინარეობს და ეს სწორედ ის საქმეებია, რომლებიც დეპარტამენტმა უკანასკნელ პერიოდში მიიღო.

ომბუდსმენის განცხადებით, დისკრიმინაცია თანაბრად ეხება საჯარო და კერძო სექტორებს:

“ამ ერთი წლის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ თითქმის ორივე სექტორში თანაბრად ხდება. საფუძვლებს რაც შეეხება, იკვეთება, რომ არსებობს დიდი ნაწილი განცხადებების, შემოდის სექსუალური ორიენტრაციის, გენდერული იდენტობის საკითხებთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობა არის ერთ–ერთი საფუძველი, რასაც მოქალაქეები ჩივიან, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები, სქესი, რელიგია, რწმენა, ეთნიკური კუთვნილება და ა.შ, ”– განაცადა ომბუდსმენმა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების შედეგების წარდგენისას.

 

საიას წარმომადგენელმა, გიორგი გოცირიძემ განაცხადა, რომ დისკრიმინაციის ყველაზე მეტი ფაქტი სამუშაო ადგილებში ფიქსირდებოდა. ყველაზე ხშრად კი დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა. კოალიციაში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” მუშაობს. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ანზორ ხატიაშვილის განცხადებით, დისკრიმინაციის ფაქტები ძირითადად უკავშირდებოდა ენმ–ისა და თავისუფალი დემოკრატების სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაშვებას.

 

მას შემდეგ, რაც ომბუდსმენის აპარატი საჩივარს მიიღებს, მას საქმის შესწავლის შემდეგ გამოაქვს გადაწყვეტილება საქმის მორიგებით დასრულების შესახებ, ან ამზადებს სპეციალურ რეკომენდაციას, ზოგად წინადადებას, ან გამოაქვს გადაწყვეტილება საქმის შეჩერების, შეწყვეტის, ანდა დაუშვებლად ცნობის შესახებ.

 

შეხვედრა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების ერთი წლის შედეგებთან დაკავშირებით. ფოტო © EMC
შეხვედრა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების ერთი წლის შედეგებთან დაკავშირებით. ფოტო © EMC

 

პარალელურად 2 მექანიზმის – ომბუდსმენისა და სასამართლოს გამოყენების შეუძლებლობა

თუკი შესაძლო დისკრიმინაციის მსხვერპლი გადაწყვეტს, რომ სასამართლოს გზით იდავოს, მას სახალხო დამცველის დახმარებაზე უარის თქმა მოუწევს. ამ პრობლემაზე სიტყვით გამოსვლისას უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, თუკი მომჩივანი სასამართლოს მიმართავს, ისინი იძულებული გახდებიან, საქმის განხილვა შეაჩერონ.

საიას წარმომადგენელი, გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ  ომბუდსმენსა და სასამართლოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში განსხვავებული როლი აქვს. მისი განცხადებით, ომბუდსმენის უპირატესობა სასამართლოსთან შედარებით ის არის, რომ მას შეუძლია დისკრიმინაციის მსხვერპლს დაეხმაროს ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში, რასაც სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო  მოკლებულია.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ  დისკრიმინაციის მსხვერპლისათვის მნიშვნელოვანია, სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე დისკრიმინაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჰქონდეს, რაზე წვდომაც ხშირად რთულია სახალხო დამცველის მონაწილეობის გარეშე. ამიტომ, ანგარიშის თანახმად, სასამართლოსთვის მიმართვამდე მხარისათვის ღირებულია, რომ ისარგებლოს სახალხო დამცველის რესურსით, მოიპოვოს მტკიცებულება, რაც სასამართლოში საქმის წარმატებით დასრულების წინაპირობა გახდება.

 

“კოალიცია თანასწორობისთვის” წერს, რომ მიზანშეწონილია, მხარეს არ უწევდეს არჩევანის გაკეთება სახალხო დამცველსა და სასამართლოს შორის; თუმცა სასამართლოსათვის მიმართვის 3-თვიანი ვადა მომჩივანს აიძულებს, არჩევანი გააკეთოს.

ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების სისუსტე კერძო პირების ნაწილში 

კოალიციის ერთ–ერთი რეკომენცადიიც თანახმად, სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა გახდეს კერძო პირების დაჯარიმებაც.

 

გიორგი გოცირიძემ გაიხსენა “ქმარკომატის” რეკლამის შემთხვევა, სადაც ომბუდსმენს “საქართველოს ბანკის” წინააღდმეგ კავშირმა “საფარი”  მიმართა.

 

“ქმარკომატის” რეკლამის შემთხვევაში, სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს ბანკს, რათა მას თავი შეეკავებინა მსგავსი სექსისტური ხასიათის რეკლამების განთავსებისგან.

 

გიორგი გოცირიძე ამ მაგალითზე დაყრდნობით აღსრულების მექანიზმის სისუსტეზე საუბრობს:

 

“ეს საქმე მეტყველებს იმაზე, რომ აღსრულების მექანიზმი არის ძალიან სუსტი იმიტომ, რომ, როგორც სახალხო დამცველისგან გახდა ჩვენთვის ცნობილი, ამ დრომდე საქართველოს ბანკს არანაირი რეაგირება არ გაუკეთებია სახალხო დამცველის ზოგად წინადადებასთან დაკავშირებით”

გოცირიძის გამცხადებით, ეს ხდება იმიტომ, რომ  რეკომენდაცია და ზოგადი წინადადება, რომელსაც სახალხო დამცველი გამოსცემს, არ არის სავალდებულო შესასრულებელი.

 

“კერძო დაწესებულებას იმის ვალდებულებაც კი არ აქვს, რომ ელემენტარულად, უპასუხონ სახალხო დამცველის რეკომენდაციას, ზოგად წინადადებას. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც სახალხო დამცველი ატარებს კონკრეტული დისკრიმინაციის ფაქტის გამოძებას, მას უხდება კერძო დაწესებულებებიდან კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნა და ხშირად კერძო დაწესებულებები იგნორირებას უკეთებენ სახალხო დამცველის მოთხოვნას კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით,”– ამბობს გიორგი გოცირიძე.

 

მისივე განცხადებით, თუკი ომბუდსმენს ამ შემთხვევაში კონკრეტული საჯარო დაწესებულების დაჯარიმება შეეძლება, ეს ამ ინსტიტუტს კერძო დაწესებულებებთან მიმართებით მეტ ეფექტურობას შესძენს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც გოცირიძემ ისაუბრა, შეეხება იმას, რომ კერძო დაწესებულება დროულად არ აწვდის სახალხო დამცველს ინფორმაციას, რის გამოც საქმის განხილვა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იწელება.

 

იმისთვის, რომ სახელმწიფოში ეფექტური თანასწორობის პოლიტიკა გატარდეს, მხოლოდ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები თავისთავად არ არის საკმარისი.

 

შეხვედრა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების ერთი წლის შედეგებთან დაკავშირებით. ფოტო © EMC
შეხვედრა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების ერთი წლის შედეგებთან დაკავშირებით. ფოტო © EMC


სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების მოუმზადებლობა ანტიდისკრიმინაციული სტანდარტებისთვის

EMC-ის წარმოამდგენელმა, თამთა მიქელაძემ შედეგების პრეზენტაციაზე ისაუბრა პრობლემაზე, როდესაც რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აშკარა შემთხვევა არ დაკვალიფიცირდა რელიგიური სიძულვილის მოტივით.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გაიაზროს დისკრიმინაციული მოტოვი და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტური ბრძოლის საკითხი იმიტომ, რომ ძალიან ხშირი შემთხვევებში,  სწორედ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში, ძალადობაში ჩანს პრობლემა და შეფასება აჩვენებს, რომ არც ერთ შემთხვევებში სახელმწიფომ არ დაადგინა და არ დააკვალიფიცირა საქმე რელიგიური სიძულვილის მოტივით. რის გამოც შემდგომში ძალადობის ეფექტური პრევენცია არ ხდება,”– ამბობს მიქელაძე.

მიქელაძემ გაიხსენა თერჯოლის საქმე, სადაც, მისი თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან ადგილი ქონდა იეჰოვას მოწმეთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას:

 

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნათელია ამ საქმეში, რომ სწორედ დისკრიმინაციის ფაქტს ჰქონდა ადგილი, სასამართლომ მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის დაცულობა დაავალდებულა ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ თავად ფაქტი არ დაუდგენია.”

მიქელაძე ამბობს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასთან ერთად, არსებითად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა გაიაზრონ საკუთარი როლი დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ ძალადობებსა და დანაშაულებზე. ასევე მიქელაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია შეიმუშავონ ეფექტური გეგმა, თუ რას გააკეთებენ ისინი ამ ტიპის ძალადობებთან დაკავშრებით.

მისი თქმით,  შსს–მ მიიღო ინსტრუქცია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონთან დაკავშირებით, თუმცა დასძენს, რომ ეს ინსტრუქცია ძალიან სუსტია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების კონკრეტულ დეფინიციებს არ შეიცავს. ასვე, მიქელაძე ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოუმზადებლები და არასენსიტიურები არიან როგორც მოწყვლად ჯგუფებთან ურთიერთობის, ისე დისკრიმინაციის სტანდარტებთან დაკავშირებით.

თამთა მიქელაძე ასევე საუბრობს იმაზეც, რომ ცხადად არ არის რეგულირებული, თუ რა მოჰყვება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას სასამართლოს მხრიდან და ასევე ბუნდოვანია, ავტომატურად დაადგენს თუ არა სასამართლო მორალური ზიანის ანაზღაურებას.


ანგარიშში წერია, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების კრიტერიუმების ბუნდოვანების გამო კოალიციის წევრებს ხშირად უწევთ სიმბოლური თანხის 1 ლარის მოთხოვნა. აქვე აღნიშნულია, რომ ამ ოდენობის თანხას ითხოვს მუსლიმი თემი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კერძო პირებისაგან პანსიონით სარგებლობისათვის ხელის შეშლის გამო.


კოალიცია აცხადებს, რომ როდესაც დისკრიმინაციული ქმედება შეუქცევადია და მისი შედეგები ვერ აღმოიფხვრება, ასევე, მატერიალური ზიანი არ დგება, მორალური ზიანის მოთხოვნა შესაძლოა იყოს ერთ- ერთი საშუალება, რაც დისკრიმინაციის განმახორციელებელ პირს მომავალში დაუკარგავს მსხვერპლის ან მის მდგომარეობაში მყოფი სხვა პირის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განმეორების შესაძლებლობას. კოალიცია აღნიშნავს, რომ სწორედ მორალური ზიანის ანაზღაურების კრიტერიუმების ბუნდოვანების გამო ამ მოთხოვნით დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნას, შესაძლოა, წარმატების ნაკლები შანსები ჰქონდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი