სამართალი

რა (არ) იცვლება საქართველოს ნარკოპოლიტიკაში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის

3 ივნისი, 2015 •
რა (არ) იცვლება საქართველოს ნარკოპოლიტიკაში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის

საქართველოს მიერ ”სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ განხორციელების ნათქვამია, რომ ამ კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნული პოლიტიკა კვლავაც სადამსჯელო ზომებს ეყრდნობა და არა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს.

 

რას ითვალისწინებს ცვლილებები?

 

კანონპროექტში, რომლის ავტორებიც იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა და შსს არიან, გამიჯნულია ნარკოტიკული საშუალების დამზადება/შეძენა/შენახვა და უკანონო გასაღება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ასე სწორედ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის შესრულების შემფასებელი მისიის რეკომენდაციის თანახმად მოიქცნენ.

 

განმარტებით ბარათში ასევე წერია, რომ ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება თავისი არსით უფრო მძიმე და საზოგადოებისათვის უფრომ მეტად საშიში ქმედებაა. კოდექსის 260–ე მუხლის არსებული ფორმულირება კი აფერხებს სასჯელის ინდივიდუალურად განსაზღვრის პროცესს.

 

წარმოდგენილი ცვლილებით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება გამოიყოფა ცალკე ნაწილის სახით და მისთვის ცალკე სანქციის ზომა განისაზღვრება. დამზადება/შეძენა/შენახვა დაისჯება 6–წლამდე პატიმრობით, ხოლო უკანონო გასაღება –  6–დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

რაც შეეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვას, მოცემული ცვლილებებით, გათვალისწინებულია პატმრობა 5–დან 8 წლამდე, დიდი ოდენობით გასაღება კი 7–დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

კანონი, რომელიც ახლა მოქმედებს, 260–ე მუხლის პირველ ნაწილში აერთიანებს ნარკოტიკული საშუალების როგორც უკანონო დამზადება/შეძენა/შენახვას, ასევე მის გასაღებასაც და სასჯელის ზომად  11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

EMC–ის იურისტი გურამ იმნაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული ცვლილებით რთულია საუბარი, თუ რეალურად როგორი ხდება პოლიტიკა, იხრება თუ არა ის რეპრესიულიდან უფრო რეაბილიტაციური და ჰუმანური პოლიტიკისკენ.

 

იმნაძის განცხადებით, გასაღებისა და სხვა ტიპის ნარკოტიკული დანაშაულის გამიჯვნას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვისთვის კვლავ ძალიან  მკაცრი სანქციები რჩება.

 

შენახვა და გასაღება

კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ნარკოტიკების გასაღება უფრო მკაცრად დაისჯება, ვიდრე შენახვა.

 

გურამ იმნაძე ამბობს, რომ პრაქტიკაში ძალიან იშვიათად ხდება, რომ პირს ნარკოტიკების გასაღების ბრალი დაუმტკიცონ, რადგან სამართალდამცავები ხშირ შემთხვევაში ვერ ადგენენ ხოლმე კომერციული ინტერესების არსებობას:

 

“პრაქტიკულად ეს ძალიან რთულად დასამტკიცებელი დანაშაული არის სამართალდამცავებისთვის,“– ამბობს ის.

 

ამავდროულად, იურისტის განმარტებით, გასაღების ნორმატიული განმარტება არ არსებობს. ის ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, დამატებულიყო შენიშვნა, რომ გასაღება აუცილებლად კომერციული ინტერესების ქონას გულისხმობს. ამ ბუნდოვანების გამო, მისი თქმით, შეიძლება ადამიანს უფრო მძიმე სასჯელი დაეკისროს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მეგობარს აძლევს ამ ნივთიერებას და რეალურად, არ ამოძრავებს კომერციული ინტერესები.

 

“ასეთი შემთხვევები თუ ჩაითვლება გასაღებად, ესეც ცალკე ბერკეტი იქნება სამართალდამცავებისთვის და ძალიან მკაცრი მიდგომა იქნება, რომ ასეთ შემთხვევებზეც გასაღების შემადგენლობა გავრცელდეს. ამისგან არ ვართ დაზღვეულები იმიტომ, რომ კანონმდებლობაში არსად წერია, რომ გასაღება აუცილებლად უნდა გულისხმობდეს კომერციული ინტერესების ქონას,“– ამბობს იმნაძე.

 

დაუგეგმავი ნარკოშემოწმებების კონტროლი

ევროკომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციით, პოლიციის მიერ დაუგეგმავად განხორციელებულ ნარკოშემოწმებებზე სამართლებრივი კონტროლი უნდა დაწესდეს.

 

გურამ იმნაძის თქმით, ნარკოტესტირება შსს–სა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით რეგულირდება. ასევე არეგულირებს პოლიციის შესახებ კანონიც.

 

როგორც ბრძანებაში, ასევე კანონში აღნიშნულია, რომ უნდა არსებობდეს ვარაუდისთვის საკმაო საფუძველი, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა და ამის შემდეგ გადაიყვანონ ის ტესტირებაზე.

 

გურამ იმნაძე ამბობს,  რომ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პირი ექსპერტიზაზე სამართალდამცავის სუბიექტირი შეხედულებების მიხედვით გადაჰყავთ და ეს არ კონტროლდება.

 

“ერთ–ერთ განაჩენში პირდაპირ, სიტყვასიტყვით ეწერა ასეთი რამ, რომ იყო რა, პირობითი მსჯავრის ქვეშ ნარკოტიკული დანაშაულისთვის, მოხდა მისი გადაყვანა ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე. პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნაც კი შეიძლება საკმარისი იყო  სამართალდამცავისთვის, რომ ადამიანი პოლიციაში ექსპერტიზაზე გადაიყვანოს,“– განაცხადა მან.

 

მისი თქმით, არსად წერია ბრძანებაში, აქვს თუ არა პირს უფლება, ტესტირებაზე უარი განაცხადოს; ან აქვს თუ არა სამართალდამცავებს უფლება, გამოიყენონ იძულება.

 

ამიტომაც, იმნაძე ამბობს, რომ თუკი პირი ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარს განაცხადებს, ის სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ, რადგანაც  კონსტიტუციური უფლებით, ადამიანს შეუძლია უარი თქვას მის საწინააღმდეგო ჩვენებაზე ან ისეთ მოქმედებაში მონაწილეობაზე, რომელიც მის წინააღდმეგ შეიძლება იყოს გამოყენებული.

 

იძულებითი ნარკოტესტირების შეწყვეტას მოითხოვენ მოძრაობა 2.06–ის წევრები. ისინი ამბობენ, რომ ეს “საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, ცივილიზებული სახელმწიფოსთვის შეუფერებელი და სამარცხვინო” პრაქტიკაა.

ნარკოშემოწმებების სამართლებრივი კონტროლის შემოღებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არაფერი იცვლება.

 

ნარკოტიკული ნივთიერების მოწოდება

 

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ნარკოტიკების მოწოდების შესამცირებლად გატარებული ღონისძიებები, მაგრამ რეკომენდაციების ნაწლში აღნიშნულია, რომ საქართველომ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ნარკოპოლიტიკის ის მხარე, რომელიც მოწოდების შემცირებასთან არის დაკავშირებული.

 

გურამ იმნაძე ამბობს, რომ  წამალდამოკიდებულების გაქრობის გარეშე, მხოლოდ მიწოდების შემცირება ვერ იქნება ეფექტური. მისი თქმით, თუ  მოთხოვნის შემცირების მიმართულებით არ გადაიდგმება ნაბიჯები, ყოველთვის გამოიძებნება ახალი გზები და საშუალებები.

“ისე მარტივად აღარ შემოდის რიგი ნარკოტიკული ნივთიერებები, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკაში, მომხმარებელთა თემში თამამად საუბრობენ იმაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ლეგალური გზებით აღარ ხდება ნარკოტიკული  ნივთიერების შემოსვლა,“– ამბობს იმნაძე.

 

ევროპარლამენტი, სტრასბურგი. ©EPA
ევროპარლამენტი, სტრასბურგი. ©EPA

 

რიგის სამიტის დეკლარაციის ტექსტში აღნიშნულია, რომ  ყველა ნიშნულის შესრულება საშუალებას მისცემს საქართველოს, დაასრულოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პროცესი და კომისია ამის შემდეგ წინადადებით მიმართავს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს, რათა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდნენ სავიზო ვალდებულებებისაგან.

 

საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანგარიშს ევროკომისია 15 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

 

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი ევროკავშირმა 2012 წლის ივნისში დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას სამოქმედო გეგმა წარუდგინა. ამ გეგმაში განსაზღვრული იყო 15 ნიშნული, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, რათა ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებმა მოკლე ვადით შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა შეძლონ. პირველი ფაზა ამ ნიშნულების დასარეგულირებლად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითვალისწინებდა, რაც საქართველომ უკვე წარმატებით დახურა. მეორე ფაზაში ევროკომისია ამოწმებს, რამდენად მუშაობს რეალურად მიღებული კანონმდებლობა და ხორციელდება თუ არა რეფორმები.

მასალების გადაბეჭდვის წესი