სამართალი

“კაბელების საქმეზე” წინასასამართლო სხდომა განახლდა

15 აპრილი, 2015 • 1415
“კაბელების საქმეზე” წინასასამართლო სხდომა  განახლდა

“ჩვენ გვექნება რიგი შუამდგომლობები ბრალდების მიერ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირიბით, რაც კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს ეფუძნება და შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ არის კანონდარღვევით მოპოვებული.”- განაცხადა ლევან სამუშიამ.


პროკურორი ნინო აღლემაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების ყველა მტკიცებულება კანონის დაცვით არის მოპოვებული:


“ჩვენ დღეს შუამდგომლობას დავაყენებთ ჩვენი ყველა შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის თაობაზე, ვინაიდან ეს მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის მითხოვნების სრული დაცვით. მინდა გითხრათ ერთმნიშვნელოვნად: ეს არის ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეფუძნება თავდაცვის სამინისტროდან მოპოვებულ ოფიციალურ დოკუმენტებს და ამ დოკუმენტებთან მიმართებით ჩატარებულ საექსპერტო კვლევის შედეგებს”.


აღლემაშვილის განცხადებით, საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს, რომ თანხები სწორედ ბრალდებულებმა გაფლანგეს.


რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს, ლევან სამუშია აცხადებს, რომ თუ დღევანდელ პროცესზე ეს მოესწრება, შუამდგომლობას აუცილებლად დააყენებენ.


ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა 15 აპრილამდე გადაიდო. გადადების მიზეზად მხარეთა მტკიცებულებებში არსებული ტექნიკური ხასიათის უზუსტობები დასახელდა. 

 

დაცვის მხარე 1 აპრილსაც აპირებდა შუამდგომლობის დაყენებას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, თუმცა პროცესის გადადების გამო ეს ვერ მოხერხდა. 

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება და კიდევ 2 მინისტრის, მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი