სამართალი

ახალაია აცხადებს, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია

17 ოქტომბერი, 2014 • 1185
ახალაია აცხადებს, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია

“ პროკურატურა თავიდან ბოლომდე ყველაფერის ფალსიფიკაციას ახდენს”, – თქვა მან  ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე გამართულ უკანასკნელ სასამართლო პროცესზე, სადაც დაცვის მხარე ბრალდების მხარის არგუმენტებზე თავის რეპლიკებს 4 საათის განმავლობაში წარადგენდა.

 

თავის საბოლოო სიტყვაში ბაჩანა ახალაია შეეხო საბერძნეთის სასამართლოს 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებას დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირებაზე უარის თქმის შესახებ:

 

“თუ ბერძენი მოსამართლე და ფრანგი მოსამართლე საქმეში ნახულობს პოლიტიკურ მოტივაციას, რატომ ვერ ნახულობს საქმეში პოლიტიკურ მოტივაციას ქართველი მოსამართლე? “

 

ახალაია ამბობს, რომ მისი საქმე არის პოლიტიკური და არა სამართლებრივი გადაწყვეტილების საკითხი.

 

მისივე თქმით, ის იმიტომ არის ციხეში, რომ ქართულ საზოგადოებას წლების განმავლობაში ემსახურებოდა:

 

“ თქვენ ცდილობთ გამასამართლოთ იმ სამსახურისთვის, რაც საზოგადოებისთვის მაქვს გაკეთებული”.

 

ახალაიას თქმით, მას პროკურატურა კრიმინალებთან ბრძოლისთვის არ უნდა დევნიდეს.

 

ახალაიამ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულ ლევან ქარდავას, მეგის ქარდავას და გიორგი მაზმიშვილის ბრალეულობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ეს ადამიანები საბრალდებო სკამზე სხედან იმიტომ, რომ ცრუ ჩვენება არ მისცეს.

 

დაცვის მხარე ამბობს,  გამოძიებისას ადგილი ჰქონდა მტკიცებულებების ფალსიფიკაციას და  მოწმეთა მიერ ცრუ ჩვენებების მიცემას, რასაც ბრალდების მხარემ  პოლიტიკური განცხადებები უწოდა. 

 

დღეს სასამართლო პროცესზე დაცვის ბრალდებებს პასუხი ბრალდების მხარემ უნდა გასცეს. საქმის განხილვა სასამართლოში აქციის ფონზე დაიწყო. 

 

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები,  ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი პროკურატურამ 2014 წლის მარტში დააკავა, ხოლო  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, დავით ახალაიას ბრალდებულად ცნო. 

 

საქმე ეხება  2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას, რომლის დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული სამი ახალგაზრდა – მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე.

 

გამოძიების ცნობით, ბაჩანა ახალაიასთვის  ცნობილი გახდა თავისი ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად უმალვე მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად გაემართა რუსთავის #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ, გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სასტიკად აწამა ახლად გარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან მყოფი სხვა პატიმრები. 

 

აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე
აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი