სამართალი

ადამიანის გატაცებისთვის ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

15 ოქტომბერი, 2014 •
ადამიანის გატაცებისთვის ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა. პროკურორ თენგიზ ხარებავას თქმით, უმძიმესი დანაშაული იყო ჩადენილი:

 

“ეს მუხლი 9-დან 14 წლამდე პატიმრობით ისჯება, მიმალვის საფრთხეა, სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეა,” – ამ არგუმენტებით მოითხოვა პროკურორმა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდება აღკვეთის ღონისძიების სახით.

 

პროკურორის თქმით, დაკავებულები ნამდვილად იყვნენ სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები და ისინი შსს-ში 2012 წლამდე მუშაობდნენ. მისივე თქმით, ერთ-ერთი დაკავებული – ჯემალ შონია პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, ხოლო დანარჩენები (დურმიშხან ღვაჩლიანი, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი) – სპეცრაზმის წევრები.

 

პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთ ბრალებულს – დურმიშხან ღვაჩლიანს აკავშირებდა ნაცნობობა როინ გიორხელიძესთან, რომლის შვილი, 19 წლის სოსო გიორხელიძე იქნა გატაცებული ოჯახისთვის 300 ათასი დოლარის გამოძალვის მიზნით.

 

პროცესის დაწყებამდე ალექსანდრე ჭანტურიას ადვოკატმა ვლადიმერ კიკნაძემ განაცხადა, რომ დაკავებულმა აღიარა ბრალი. ადვოკატმა მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ. სხვა ბრალდებულებს დღეს ადვოკატი არ ჰყოლიათ, ისე ჩატარდა პროცესი.

ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი