სამართალი

ადვოკატი: ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებებს იძლევიან

30 სექტემბერი, 2014 • • 1480
ადვოკატი: ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებებს იძლევიან

გიორგი ცომაია, მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განცხადებით, 14 აგვისტოს ვაჟა–ფშაველას გამზირზე, პოლიციის მეორე განყოფილებაში 11–მა პოლიციელმა სასტიკად ცემა. 16 აგვისტოს მას სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე პრიმა მუხლით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რაც პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ  ხელის შეშლას გულისხმობს.

 

გიორგი ცომაიას ადვოკატი, მარიამ ნეფარიძე ამბობს, რომ 22 აგვისტოს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნეს ექსპერტიზა, რათა გაერკვიათ, აღმოჩნდებოდა თუ არა დანაზე ცომაიას ბიოლოგიური მასალა.

 

ადვოკატმა ექსპერტიზის დასკვნა 29 სექტემბერს მიიღო.

 

“… დანაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეული ტიპისაა და ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთზე მეტ პირს. ობ. N1,2–ის გენეტიკურ პროფილებში გამოვლენილი ალელების მიხედვით გიორგი ცომაიას გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხა,“ – ნათქვამია დასკვნაში, რომელიც ცომაიას ადვოკატმა ნეტგაზეთს მიაწოდა.

 

მარიამ ნეფარიძის თქმით, ეს ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ მოწმეებმა ცრუ ჩვენებები მიცეს.

 

“ცრუ მოწმეებისა და პოლიციელების ჩვენებები და განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა გიორგი ცომაიამ შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და შემდეგ ცდილობდა, მორიგე გიორგი გელაშვილს თავს დასხმოდა და დაზიანებები მიეყენებინა მისთვის, ეს არის სრული სიცრუე და აბსურდი. ამ ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლევიან,“– ამბობს ცომაიას ადვოკატი.

 

მარიამ ნეფარიძე ამბობს, რომ ცნობილია იმ სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებიც, რომელიც გამოძიებამ 14 აგვისტოს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნა.

 

“თხემ–საფეთქლის არეში მარცხნივ, ყურზე და კისრის მარცხება გვერდით ზედაპირზე გადასვლით აღენიშნება მრავლობითი მოგრძო, ოვალური და ხაზოვანი ფორმის მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთები, 25×9,0სმ ფართზე (იმეორებს ფეხსაცმლის ლანჩის ნეგატიურ კვალს),”– ნათქვამია ექსპერტიზის კვლევით ნაწილში, რომელიც ნეტგაზეთს ცომაიას ადვოკატმა მიაწოდა.   

 

მარიამ ნეფარიძის თქმით, ეს ექსპერტიზა ადასტურებს, რომ გიორგი ცომაიას თვითდაზიანებები არ მიუყენებია და ის ცემეს.

 

“ყველანაირად გამორიცხულია, რაც არ უნდა მოენდომებინა გიორგი ცომაიას, თავისი ფეხითა და თავისი ფეხსაცმლით  საკუთარი სახეზე ნამდვილად ვერ მიიყენებდა იმ სახის დაზიანებას, რაც ექსპერტს უწერია თავის დასკვნაში,”– ამბობს მარიამ ნეფარიძე.

 

როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები ყვებიან, 14 აგვისტოს გიორგი ცომაია ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე პოლიციის მეორე განყოფილებაში ღამის 2–ის ნახევრისთვის ნასვამ მდგომარეობაში მივიდა.

 

“მივიდა იმიტომ, რომ ეთხოვა დახმარება წინა ნასამართლეობის დროს ჩამორთმეული მობილური ტელეფონის დაბრუნებაში დახმარებოდა პოლიცია. ნაცვლად ამისა, მიაყენეს შეურაცხყოფა, რომ “შე ლაწირაკო, არ იცი, რა დროს უნდა მოხვიდე?” ამაზე შეეკამათა გიორგი, რატომ ვარ ლაწირაკი, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფასო”, – აცხადებს ადვოკატი.

 

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, თამარ ავალიანის თქმით, გიორგი ცომაია 11–მა პოლიციელმა სასტიკად ცემა, რომელთა ნაწილი სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული: “ის იყო იმდენად ნაცემი, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორი უარს აცხადებდა მის მიღებაზე, სანამ ფორმა 100–ს არ წარადგენდნენ”.

 

ადვოკატი ამბობს, რომ ახლად გამოვლენილი არგუმენტებისა და მტკიცებილებების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ პროკურატურაში შუამდგომლობა შეიტანა. გარდა ამისა, შუამდგომლობით მიმართა სასამართლოსაც და აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის გაუქმება მოითხოვა.

 

პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედეონ ფოფხაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც შეიძლება ივარაუდონ, რომ ცომაიას მიმართ ძალადობა იყო გამოყენებული

“მარტო ექსპერტიზის დასკვნით, ალბათ, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, მაგრამ ეს არის გარკვეული მტკიცებულება, რომელიც მათ აძლევს საფუძველს ივარაუდონ, რომ შეიძლება ძალადობა მის მიმართ ყოფილიყო გამოყენებული. შესაბამისად, მსგავს შემთხვევეში უნდა მოხდეს ძიება და ის სამართალდამცველები, რომლებიც ძალადობას იყენებენ, როგორც საშუალებას ადამიანების მიმართ, მათ პასუხი უნდა აგონ,” – თქვა გედევან ფოფხაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი