სამართალი

აპირებდა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” კეზერაშვილისგან უკანონო შემოსავლის მიღებას?

13 ივნისი, 2014 •
აპირებდა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” კეზერაშვილისგან უკანონო შემოსავლის მიღებას?

2014 წლის 3 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ვერსიის თანახმად, ღონიაშვილი მაშინ დააკავეს, როდესაც დავით კეზერაშვილის კომპანია EXIMUS HOLDING–ის მიერ ოფშორული კომპანია BROOKTRADE–ის მეშვეობით საქართველოში გადმორიცხული თანხა გადაეცა, რომელიც პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი.

სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებას ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე უწევდა, რომელიც მისივე თქმით, თანამშრომლობას იმიტომ დათანხმდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ემხილა:

“გიორგი ღონიაშვილი უგულავას დავალებით მოვიდა, რომ მე მათ დავხმარებოდი საარჩევნოდ თანხების გათეთრებაში და საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოტანაში. მე დავთანხმდი ღონიაშვილს იმ გარემოებისთვის, რომ მე საზოგადოებისთვის შემძლებოდა დამენახებინა ამათი დანაშაულებრივი ქმედებები, ამათი ნამდვილი სახე, ვინ არიან ესენი რეალობაში, რას ჩადიან”, – განაცხადა კაპანაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკის დროში”.

 

“უგულავა უკავშირდებოდა კეზერაშვილს, ისინი ერთ–ერთი ევროპული ბანკიდან გადმორიცხავდნენ თანხას ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე და მე უნდა უზრუნველმეყო ამ თანხის გაქეშება და მათთვის გადაცემა უშუალოდ ღონიაშვილისთვის, რომელიც ამ თანხას უგულავას გადასცემდა. ეს იყო არჩევნებისთვის, ღონიაშვილმა განმარტა ძალიან მკაფიოდ და გარკვევით. განმარტა, რომ ამას რიცხავს დავით კეზერაშვილი, რომელიც დღესაც არის უკანონოდ მოპოვებული თანხების მფლობელი და “ნაციონალური მოძრაობის” მოლარეა. მე გაოცებული ვიყავი, რომ ამხელა ნდობა დავიმსახურე მათი”, – განაცხადა კაპანაძემ. მან აღნიშნა, რომ ამის დასადასტურებლად მისი ჩვენების გარდა სხვა მტკიცებულებებიც არსებობს.

გიორგი კაპანაძე
გიორგი კაპანაძე

 

თუმცა, როგორც კეზერაშვილის და ღონიაშვილის ადვოკატები აცხადებენ, პროკურატურას კაპანაძის ჩვენების გარდა არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს, რომ აღნიშნული კომპანია ნამდვილად დავით კეზერაშვილს ეკუთვნის და ვერც იმას ამტკიცებს, რომ თანხა ნაციონალური მოძრაობის დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი.

 

როგორც დავით კეზერაშვილის ადვოკატი, შოთა მინდელი ამბობს, ეს საქმე ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ წამოწია:

“არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება საქმეში იმისა, რომ რომელიმე ოფშორში რეგისტრირებული კომპანია ეკუთვნის მაინცდამაინც დავით კეზერაშვილს. ამას აცხადებს მხოლოდ და მხოლოდ კაპანაძე, რომლის ჩვენებაზეც არის მთელი საქმე აგებული. დავით კეზერაშვილი არაფერ შუაშია, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ეს წინასაარჩევნო თემებია, როგორც სხვა ბევრი საქმე წამოიწია წინ საარჩევნოდ, ერთ–ერთი გახლავთ ესეც. გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამას”, – აცხადებს შოთა მინდელი.

 

მისივე თქმით, კეზერაშვილს “ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის “ქეშად” მიცემა რომ სდომებოდა, ამისთვის ამხელა სქემა საჭირო არ იყო:

 

“თუ ვინმეს დაჭირდებოდა, რომ რაღაც ჩაერიცხა, პირდაპირაც შეეძლო, არავინ არ უკრძალავდა და ვერავინ ვერ უკრძალავდა, ამიტომ გაუგებარი იყო, რატომ გახდა საჭირო ამ სქემების დახატვა”, – აცხადებს მინდელი. იგივეს ამბობს ღონიაშვილის ადვოკატი ელენე ლაზარიაშვილიც:

“თავად რომ ნდომებოდა ფულის გადაცემა კეზერაშვილს, როგორც ფიზიკურ პირი შეიტანდა, ამაში გასაკვირი არაფერი არ იქნებოდა, რადგან პარტიები ფინანსდებიან. თუ დაარღვევდა კანონს და ზღვრულზე მეტს შეიტანდა, ამ შემთხვევაში ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ იქნებოდა და გამოიწვევდა მხოლოდ პოლიტიკური პარტიის დაჯარიმებას”, – აცხადებს ლაზარიაშვილი.

რაც შეეხება საქმეში არსებულ ჩანაწერებს, ადვოკატების თქმით, ეს მასალები მათ არ გადასცემიათ:

“არაერთი განცხადება დევს საქმეში კაპანაძის, რომელიც მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს, რომ აღმჭურვეთ ფარული კამერითო, აქედან გამომდინარე ასეთი მასალა უნდა არსებობდეს, თუმცა დღემდე ჩვენ ამ მასალას არ გვაძლევენ, ამბობენ, რომ საიდუმლოა”, – აცხადებს ღონიაშვილის ადვოკატი.

დავით კეზერაშვილის ადვოკატი კი საეჭვოდ მიიჩნევს იმას, რომ ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ იმ მასალაზე, რაც მათთვის ჯერ არ გადაუციათ, პირდაპირ ეთერში ისაუბრა:

“ზოგადად მხარეებს პირველი უფლება აქვთ საქმეში არსებული მასალის გაცნობის, თუმცა მათ მიაღებინეს დადგენილება მოსამართლეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის თანახმადაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მხარეებს შეეზღუდათ ამ ვიდეომასალების გაცნობის საშუალება. ამის პარალელურად კი საქმის მთავარი მოწმე დასვეს პირდაპირ ეთერში და ასაუბრეს ამ დეტალებზე. ეს არის შეთანხმებული მოქმედებები ხელისუფლების, პროკურატურის და ამ მოწმის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდება არჩევნებამდე 5 დღით ადრე”, –  აცხადებს შოთა მინდელი.

 

ადვოკატები აცხადებენ, რომ გარდა საქმესთან დაკავშირებული საკითხებისა, გიორგი კაპანაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში არაერთი ცრუ ინფორმაცია გააჟღერა და მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ.

 

ელენე ლაზარიაშვილის თქმით, სიცრუე იყო კაპანაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ მას ღონიაშვილთან არც ნათესაური და არც მეგობრული კავშირი არ ჰქონია და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა:

“ისინი არა მხოლოდ მეგობრები იყვნენ, უამრავი საერთო მეგობარი და საერთო პარტნიორიც ჰყავთ, კაპანაძეს და ღონიაშვილს არაერთი ბიზნესპროექტი განუხორციელებიათ, მეგობრობდნენ ოჯახებით. საერთო სამეგობრო ჰყავთ, რომლებიც დღეს შოკში არიან კაპანაძის განცხადებასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ადვოკატი.

 

კაპანაძის და ღონიაშვილის მეგობრობის შესახებ წერს სოციალურ ქსელ facebook-ში გიორგი ღონიაშვილის ცოლიც:

 

“დაჭერამდე ორი დღით ადრე ღონეს კალათბურთის ფინალურ მატჩს დაესწრო, გვერდით მეჯდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა; ღონჩიკ, ღონჩიკ… რა ფული და ან რა სოციალური სტატუსი წონის ამ სიმდაბლეს. როგორ უნდა გაიძულონ ხუთწლიან მეგობრობას ხაზი გადაუსვა და ციხისთვის გაიმეტო შენი მეგობარი, თან ისეთი, როგორიც ღონეა”, – წერს მაკა კილაძე.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ კაპანაძეს ფინანსური პრობლემები აქვს და ამის გადაფარვას ცდილობს:

“კაპანაძე ცრუობს, შეუიარაღებული თვალითაც ჩანს, რომ არის შეშინებული, ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა ფინანსური ფინანსურ პოლიციასთან და, როგორც ჩანს, ახლა ცდილობს თავისი აგენტობა, თავისი საქციელი გადაფაროს იმით, რომ წარმოუჩინოს საზოგადოებას, თითქოს ის არის 9-წლიანი რეჟიმის მსხვერპლი”, – აცხადებს გიგი უგულავა.


კაპანაძის თქმით კი, გამოძიებასთან მისი თანამშრომლობა სამართლიანობის აღდგენას ემსახურება:

 

“მე ნამდვილად გულწრფელად ვითანამშრომლე გამოძიებასთან და უგულავას მინდა ვუთხრა, რომ დაწყნარდეს, არ ინერვიულოს”, – აცხადებს კაპანაძე.

ის ასევე ერთ–ერთი მთავარი მოწმეა საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც ბრალი ასევე გიორგი ღონიაშვილს აქვს წარდგენილი, ხოლო საქმეში გიგი უგულავა ფიგურირებს.


გიორგი კაპანაძე წლების მანძილზე იყო ბიზნესმენ ილია კოკაიას პარტნიორი “საქართველოს ფეროშენადნობთა ქარხანაში”. კოკაია ფიგურირებს ახალი ხელისუფლების მიერ წარმოებულ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ეხება პროკურორების მიერ ბიზნესმენებისთვის თანხის გამოძალვის ფაქტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი