სამართალი

სწავლა იუსტიციის სკოლაში – შერჩევით

5 აგვისტო, 2014 • • 2257
სწავლა იუსტიციის სკოლაში – შერჩევით

მინდია ალელიშვილი იურისტია. ის 10 წელია ადვოკატად მუშაობს. პირველად მოსამართლის გამოცდები 2006 წელს ჩააბარა, შვიდწლიანი ვადის გასვლამდე მეორედ მოსამართლის გამოცდები 2013 წელს ჩააბარა. ამ პერიოდში სამჯერ იყო გასაუბრებაზე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსახვედრად, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ ჩაირიცხა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, რატომ აირჩია ესა თუ ის მსურველი სკოლაში მსმენელად, ან რატომ ნიშნავს ამა თუ იმ პირს მოსამართლედ. მინდია ალელიშვილის აზრით, მოსამართლეების დანიშვნის წესი საქართველოში „მართულია“.

 

„თუ სკოლა ვერ დაამთავრე, მოსამართლე ვერ გახდები, ამ სკოლაში კი იმას აბარებინებენ, ვინც მათ უნდათ, ანუ მათ კადრებს. კონკურენცია არ არსებობს“, – ამბობს მინდია ალელიშვილი, რომელიც მომავალშიც აპირებს სცადოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვა.

იუსტიციის სკოლის მსმენელები
იუსტიციის სკოლის მსმენელები

 

თუ იურისტმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ათი თვის განმავლობაში არ ისწავლა, ის მოსამართლე ვერ გახდება, გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როცა იურისტს მოსამართლედ მინიმუმ 18 თვე აქვს ნამუშევარი. ასეთია, მაგალითად, ადვოკატი ირაკლი შავაძე, რომელიც წლების განმავლობაში მოსამართლედ მუშაობდა, მერე რეზერვში ჩარიცხეს. შავაძეს ახლა ისევ მოსამართლეობა სურს, მისთვის სკოლის დამთავრება აუცილებელი არ არის, საბჭოში გასაუბრებაზე იყო. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, დანიშნავენ თუ არა მას მოსამართლედ.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საქართველოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ კანონი მიიღეს, აჭარიდან ამ სკოლაში არც ერთ იურისტს არ უსწავლია. ადვოკატს, რომელიც სკოლაში ჩაბარებას ცდილობდა, პრობლემად მიაჩნია ის, რომ საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც, მისი აზრით, არასამართლიანია, არ საჩივრდება.

 

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რიცხავენ ხმათა უმრავლესობით, მოსამართლე წევრები კი, მათი რაოდენობიდან გამომდინარე, სკოლაში რიცხავენ იმათ, ვინც მათ უნდათ“, – ამბობს მინდია ალელიშვილი.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 16 წევრი ჰყავს, აქედან ერთს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს – პარლამენტი ამტკიცებს, ხოლო 9 წევრი მოქმედი მოსამართლეა, რომლებსაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს. ეს საბჭო მოსამართლეს ნიშნავს თანამდებობაზე, უშვებს მას რეზერვში, განიხილავს მოსამართლის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს. ამ საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უზრდიან ან აკლებენ ხელფასს, უხდიან საცხოვრებლის ქირას, მოკლედ, იღებენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც მოსამართლეს ეხება.

 

ანა ბერძენიშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იურისტ კონსულტანტად ხუთი წელი იმუშავა. ის მოსამართლეთა კონკურსის წესით დანიშვნის პროცესში გამოვლენილ ძირითად ხარვეზებს ასახელებს:

 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული არასრული ინფორმაცია; მსურველების მიერ განაცხადის წარსადგენად გათვალისწინებულია მცირე დრო და პროცესის გამჭვირვალობისა და საჯაროობის დაბალი ხარისხი”.

 

ანა ბერძენიშვილის აზრით, კანონმა უნდა დაავალოს საბჭოს, დაასაბუთოს თავისი დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილება მოსამართლეობის მსურველ ნებისმიერ პირთან დაკავშირებით; იგი ფიქრობს, რომ ხარვეზია საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის უქონლობაც.

 

ანა ბერძენიშვილი კიდევ ერთ ტენდენციაზე საუბრობს: გასულ წელს საბჭომ მოსამართლე დანიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მეორე დღესვე ეს პირი, საბჭოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ გაამწესეს. ანას თქმით, გაურკვეველია, საბჭომ იმსჯელა თუ არა პირის სააპელაციო სასამართლოში გამწესებაზე ან რატომ გახდა საჭირო მეორე დღესვე პირველი ინსტანციიდან მეორე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლის გადაყვანა.

 

„საბჭომ კანონი დაარღვია, რადგან არ ჩანს საბჭომ იმსჯელა თუ არა ამ საკითხზე“, – ამბობს იურისტი.

 

2014 წლის 18 მარტს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 16 მსმენელი ჩაირიცხა. აპრილიდან ამ სკოლაში სწავლობს, მაგალითად, ია ბარამიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა 2012 წლის 19 დეკემბერს, უზენაეს სასამართლოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები მოსამართლის თანაშემწისგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ. თავმჯდომარემ ეს სასამართლოზე ზეწოლად შეაფასა. ია ბარამიძე სწორედ ის ადამიანია, რომელიც პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებდა.

 

გასულ თვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლები – მაია კუთხაშვილი, ქეთევან მინაშვილი, თამარ ოქროპირიძე და ხათუნა კაკაბაძე გახდნენ ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლის მსმენელები. გოჩა დიდავა, რომელიც ასევე სკოლის მსმენელი გახდა, მანამდე უზენაეს სასამართლოში მუშაობდა. დავით კურტანიძე – საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელიც მომავალში მოსამართლეობას აპირებს და ისიც წელს ჩაირიცხა ამ სკოლაში. 16 მსმენელიდან აბსოლუტური უმრავლესობა კოტე კუბლაშვილის უწყების თანამშრომელია.

 

XXX

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლაში მსმენელების შერჩევის წესზე “ბათუმელების” კითხვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ უპასუხა:

ლევან მურუსიძე
ლევან მურუსიძე

 

ბატონო ლევან, ბათუმელი ადვოკატები ამბობენ, რომ დიდი ხანია ჩააბარეს მოსამართლის გამოცდა, თუმცა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ვერ მოხვდნენ. 2014 წელს სკოლაში ძირითადად სასამართლოს თანამშრომლები, მოსამართლეების თანაშემწეები, მდივანი და შს სამინისტროს თანამშრომლები ჩაირიცხნენ. რაზე მიუთითებს ეს ტენდენცია?

 

მას შემდეგ, რაც მე საბჭოს მდივანი გავხდი, ჩვენ დიდი გასაუბრება გავიარეთ. ფაქტობრივად გვყავდა ერთი ჯგუფი და დაახლოებით 40 კაცი შევარჩიეთ. მეორე გასაუბრებაზე მოვიწვიეთ აღნიშნული პირები, ამ გასაუბრებას ფსიქოლოგიც ესწრებოდა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის მიხედვით, თუ ვის ვინ მიგვაჩნდა ღირსეულ კანდიდატად. როგორც მე ვიცი, მათ შორის ყველა სასამართლოს თანამშრომელი არ ყოფილა.

 

როცა გადავამოწმეთ, გაირკვა, რომ 16 მსმენელიდან ათზე მეტი სასამართლოს თანამშრომელია, ერთი შს სამინისტროსი…

 

ეს კანდიდატები საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებმა აირჩიეს, ანუ ვინც საბჭომ სკოლაში ჩარიცხვის ღირსად ჩავთვალეთ, იმას მივეცით ძირითადად ხმა. სამწუხაროა, თუ ყველა სასამართლოს თანამშრომელი მოხვდა, მაგრამ ეს არის ელემენტარული დამთხვევა და არა მიზანმიმართული ქმედება. ბუნებრივია, თუ წლების განმავლობაში ადამიანი მუშაობს სასამართლოში, მას მეტი ცოდნა უგროვდება, საქმეში ჩახედულია და შესაბამისად კითხვებსაც უკეთ სცემს პასუხს.

 

გვაინტერესებს, პირადად თქვენ რატომ მიეცით ხმა შს სამინისტროს თანამშრომელს?

 

გამომძიებელი, რომელიც მგონი სამცხე-ჯავახეთში მუშაობდა, პირადად მე, ძალიან მომეწონა. დეტალები აღარ მახსოვს, თუმცა ის გამომძიებელი დამამახსოვრდა, როგორც განათლებული და კომპეტენტური პიროვნება. შესაბამისად, ჩავთვალე, რომ მისთვის ხმა უნდა მიმეცა. მე არ მიფიქრია სასამართლოს თანამშრომელი იყო თუ არა, გადაწყვეტილება გამოვლენილი ცოდნისა და ფსიქოლოგის დასკვნის საფუძველზე მივიღე.

 

გასაუბრებას ფსიქოლოგი რატომ ესწრება?

 

ფსიქოლოგის დასწრების ინიციატივა პარლამენტის წევრებისგან წამოვიდა. შესაბამისად, ფსიქოლოგიც გვაძლევდა გარკვეულ ცნობებს და პროფესიულ რჩევებს. საბჭომ გადაწყვეტილება ამ ყველაფრის შეჯამებით მიიღო.

 

ადვოკატები რატომ ვერ ახერხებენ ამ სკოლაში სწავლას?

 

პირადად მე ხმა მივეცი იმ კანდიდატებს, ვინც ამ ეტაპზე ღირსეულად მივიჩნიე. სხვათაშორის, ადვოკატების დიდი არჩევანი არ გვქონია, რადგან თუ ადვოკატი კარგი პროფესიონალია, იმდენად მაღალ ანაზღაურებას იღებს, რომ მას სასამართლოში წამოსვლის სურვილი არც აქვს. ზოგადად, ჩვენ კარგი კადრების ნაკლებობას განვიცდით, გასაუბრებით კმაყოფილი იშვიათად ვრჩებით.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2013 წელს გამოაქვეყნა მონიტორინგის შედეგები საქართველოს იუსტიციის საბჭოს შესახებ. დასკვნაში საუბარია მოსამართლეთა კონკურსის წესით დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ. მათ შორის სახელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული არასრული ინფორმაცია. აქ წერია, რომ 2012 წელს გამოცხადდა კონკურსი, რომლის ვადებიც მითითებული არ იყო. როგორც მერე გაარკვიეს, ის 2-6 ნოემბრამდე გრძელდებოდა და აქედან ორი არასამუშაო დღე დაემთხვა, ანუ ხუთდღიან მონაკვეთში მოუწიათ მსურველებს განაცხადის შევსება. რა განმარტებას გააკეთებდით?

 

ვფიქრობ, ეს არ არის პრობლემა, ჩვენ გაცილებით მეტ ვადას ვაძლევთ მსურველებს და არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს საყვედური ეთქვას ვადის სიმცირის ან საიტზე განთავსებული არასრული ინფორმაციის გამო.

 

სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ძირითადად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ირიცხებოდნენ პროკურორები, ხოლო 2012 წლის შემდეგ – სასამართლოს თანამშრომლები. ამ ტენდენციას რით ახსნით?

 

მე წარსულის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ გასაუბრებაზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერს შეუძლია მოსვლა, რათა დარწმუნდნენ, რომ სასამართლოს თანამშრომლები ბევრად უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვა კადრები.

 

ანუ კვალიფიკაციის პრობლემაა?

 

ადამიანები, რომლებიც არიან თანაშემწეები, წლების განმავლობაში წერენ გადაწყვეტილებებს და მოსამართლეებთან მუშაობენ, ბუნებრივია კითხვებზე, რომელიც ეხება სასამართლოს, უკეთეს პასუხს სცემენ. ჩვენი გადაწყვეტილებაც განპირობებული იყო იმით, ვინ უკეთ იყო მომზადებული. ეს არ იყო მიზანმიმართული გადაწყვეტილება, რეალურად ყველას შეუძლია დაესწროს გასაუბრებას და შეხედონ ვინ არის უფრო კომპეტენტური.

 

საბჭოს, სადაც თქვენ მუშაობთ, კანონი არ ავალდებულებს ახსნა-განმარტება მისცეს იუსტიციის სკოლაში მოხვედრის მსურველს, თუ რატომ ვერ მოხვდა ამ სკოლაში. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს კანონის პრობლემა?

 

ეს როგორ შეიძლება, მაშინ საბჭოს წევრმა უნდა დაწეროს, რომ მას მიაჩნია კანდიდატი A არის უფრო კომპეტენტური და მორალურად უფრო გამორჩეული, ვიდრე კანდიდატი B, და ეს რომ სასამართლოში გაასაჩივროს B-მ, როგორ შეიძლება მას რაიმე წარმატების შანსი ჰქონდეს, როცა მე, საბჭოს წევრს, ანუ გადაწყვეტილების მიმღებს მიმაჩნია, რომ სხვა კანდიდატი უფრო აკმაყოფილებს პირობებს? თან ეს არის კოლექტიური არჩევანი და შესაბამისად გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, ვინ მეტ ხმას მიიღებს. როგორ უნდა შეაფასოს სასამართლომ, რომ კანდიდატი არის მორალურად უფრო მტკიცე, უფრო კომპეტენტური და ვაძლევ ხმას. ეს არის ჩემი შეხედულება, ჩემი შინაგანი ხმა. ეს რომ გასაჩივრდეს სასამართლოში, როგორ უნდა დაასაბუთო? მიმაჩნია, რომ ეს არასწორია.

 

ჩვენი ინფორმაციით, აჭარიდან ამ სკოლაში არავინ ჩარიცხულა, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია?

 

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვთქვათ, რომ არც სამცხე-ჯავახეთიდან და არც კახეთიდან ჩარიცხულა ვინმე, არც არაქართული გვარის კანდიდატი გვყოლია, მაგრამ თუ ენა ეცოდინებოდა და სხვა პირობებსაც დააკმაყოფილებდა, აუცილებლად ჩაირიცხებოდა სკოლაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ აჭარიდან არავინ ჩარიცხულა, ეს არაფერს ნიშნავს.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშში წერია, რომ 2013 წელს ვინც დაინიშნა მოსამართლედ, ანუ სკოლადამთავრებული, გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მეორე დღეს მიავლინეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ანგარიშში წერია, რომ ამ ტენდენციაზე საბჭოს არ აქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუ რატომ გააკეთა ეს…

 

ჩვენ ვაცხადებთ კონკურსს ვაკანტურ ადგილებზე, მაგრამ როდესაც მოსამართლეს ამოეწურება 10-წლიანი ვადა, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რომ დაკისრებული საქმეების დამთავრებამდე გაუგრძელდეთ უფლება-მოსილების ვადა. ამ დროს მათ ახალი საქმეები არ ეწერებათ, რაც ქმნის მოსამართლეების დამატების საჭიროებას, მაგრამ აღარ გვაქვს ვაკანტური ადგილი, რომ კონკურსი გამოვაცხადოთ, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვნიშნავთ მოსამართლეს, სადაც ვაკანტური ადგილია, შემდგომ მისი თანხმობით გადაგვყავს იმ სასამართლოში, სადაც მოსამართლეთა ნაკლებობაა. ეს თემა პრობლემურია, მე არ ვამბობ, რომ სწორია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ ამ თემაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი